„აბასთუმნის კეთილმოწყობაში 15 მილიონ ლარს დებს სახელმწიფო. ეს არის იერსახის შეცვლა. 8 მილიონამდე იდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში. ეს არის კანალიზაცია, წყალმომარაგება...“
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა დეტალები ჯერ გარკვეული არ არის: „ველოდებით, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. დაგეგმილია ისტორიული, ძეგლთა ნუსხაში შესული შენობების რეაბილიტაცია. საკანალიზაციო სისტემაზე ცალკე აქვს სახელმწიფოს პროექტი. ალბათ კომპლექსურად წარიმართება სამუშაოები. დაახლოებით 13 მილიონ ლარამდეა საუბარი, საბოლოო ინფორმაცია არ მაქვს“.
დაბა აბასთუმნის ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მთავრობის 2014 წლის 24 დეკემბრის N 2424 განკარგულებისა და 2015 წლის 19 ნოემბრის N 2460 განკარგულებისთანახმად რეგიონალური განვითარების მე-3 პროექტის (RDP 3) ფარგლებში ხორციელდება. პროექტი, რომლის მიზანი საქართველოს კუთხეებში ტურიზმის ხელშეწყობაა, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება. ამ პროექტისთვის საქართველო მსოფლიო ბანკისგან 60 მლნ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, სახელმწიფოს თანამონაწილეობა კი 20%-ია (15 მლნ დოლარი). პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ დაბა აბასთუმნის რეაბილიტაცია 2017 წლიდან დაიწყება და ორ პროექტად განხორციელდება.
„სახლების პროექტირება-რეაბილიტაცია-რესტავრაცია ერთი პროექტია, მეორეა ობსერვატორიისა და საბაგიროს რეაბილიტაცია, ასევე რეკრეაციული ზონების მოწყობა“, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
როგორც ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე გამარტივებული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს 2016 წლის 8 აპრილს, 200 000 ლარზეაქვს გამოცხადებული.
სატენდერო დოკუმენტაციისთანახმად, უნდა დაპროექტდეს: დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში, რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მონაკვეთზე მდებარე 15 სახლის რეაბლიტაცია; ამ მონაკვეთში მდებარე პარკის რეაბილიტაცია; სპორტული მოედანი; საერთო სარგებლობის საპირფარეშო; ქუჩის ამ მონაკვეთში სანიაღვრე და გარე განათების სისტემების რეაბილიტაცია; ქუჩის ორივე მხარეს დაზიანებული ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაცია; საბაღე მოსასვენებელი სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.
ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა, მასთან ხელშეკრულება2016 წლის 28 აპრილს, 174 ათას 999 ლარზეა გაფორმებული.
მეორე პროექტზე, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიის მოწყობას ითვალისწინებს, ტენდერი 18 ივლისს, 65 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდა. ტენდერში კობა კაცაძემ გაიმარჯვა, მასთან ხელშეკრულება 2016წლის 29 აგვისტოს, 61 ათას 999 ლარის ღირებულების სამუშაოებზე გაფორმდა.
სატენდერო დოკუმენტაციისმიხედვით, ობსერვატორიაში დაგეგმილია: დიდი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაცია; მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარე და დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა; საბაგირო გზის რეაბილიტაცია; ავტოსადგომის და საერთო სარგებლობის საპირფარეშოს მოწყობა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, 15 მილიონში გიორგი კოპაძე წყალმომარაგების სამუშაოებისთვის გათვალისწინებულ თანხას ხომ არ გულისხმობდა და ინფორმაციისთვის რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართა. როგორც უწყების დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც განაცხადეს, ჯერჯერობით საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული თანხები ან დამფინანსებელი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 26 აგვისტოს აქვს გამოცხადებული. დოკუმენტაციისთანახმად, სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 170 ათასი ლარია.
დასკვნაფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები ნამდვილად იგეგმება. თუმცა, რა თანხა დაიხარჯება კურორტისთვის, ამ ეტაპზე უცნობია. ისტორიული შენობებისა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია, როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, 7-8 მილიონი ლარი დაჯდება. წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტის სავარაუდო ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის და მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საპროექტო სამუშაოები დასრულდება. ამ სამუშაოების დასრულების ვადა კი 2017 წლის აპრილშია.
გარდა ამისა, რეაბილიტაციაში თანხების კუთხით დიდი წილი მსოფლიო ბანკზე მოდის. შეგახსენებთ, საქართველო მსოფლიო ბანკისგან 60 მლნ დოლარის ოდენობის სესხს იღებს (რეგიონული განვითარების მე-3 პროექტის (RDP 3) ფარგლებში, რომლის დანიშნულება საქართველოს კუთხეებში ტურიზმის ხელშეწყობაა), პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 20%-ია (15 მლნ დოლარი).
ასევე საინტერესოა, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2012 წელს დაიწყო. მაშინ, რაბათის უბნის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე, სამუშაოები კურორტ აბასთუმანში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამუშაოები არ დაწყებულა.
ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე საუბარი ნამდვილად დაწყებულია, თუმცა კურორტს 15 მილიონი, და ისიც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ნამდვილად არ მოხმარდება.
ამდენად, გიორგი კოპაძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.