ისევე როგორც, ალბათ, მთელ მსოფლიოში, ჯერჯერობით არც რუსეთში იციან, რას უნდა ელოდონ ტრამპის ადმინისტრაციისგან. მართალია, დუმა ტაშის გრიალით შეხვდა მილიარდერის პრეზიდენტად არჩევას, მაგრამ პუტინის კომენტარი საკმაოდ თავშეკავებული იყო, რამაც ცხადი გახადა, რომ დიდი ილუზიები მას არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით.
რუსეთისთვის ტრამპი აშკარად ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც მთელი მსოფლიოსთვის და თუკი აქ ტრამპს მხარს უჭერდნენ, ეს, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მაინც ჰილარის გამარჯვებას ელოდნენ და თადარიგს იჭერდნენ საძულველი ამერიკის კიდევ ერთხელ გასალანძღად - აი, ნახეთ, რა მოხდა, როგორც ტრამპი ამბობდა, ვაშინგტონმა არჩევნები გააყალბა, ამერიკელ ხალხს არჩევანი წაართვეს, არჩევნები ყველგან ყალბდება, დემოკრატია სინამდვილეში ერთი დიდი სიცრუეა და ა.შ.
მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთში დიდი იმედი აქვთ, რომ ამერიკა რუსეთის გავლენის სფეროებში (ასეთად მიაჩნია მოსკოვს ყოფილი საბჭოთა კავშირი) არ ჩაერევა. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სერიოზული, ამავე დროს კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვი წერს, რომ ობამას თავშეკავებული პოლიტიკა არა იმდენად ობამას ხასიათით იყო გამოწვეული, რამდენადაც, უბრალოდ, ობამას მიერ იმ ფაქტის გააზრებით, რომ ამერიკა აღარაა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო. ამერიკის მიერ ძლიერების პიკის გავლა სიმბოლურად დაადასტურა არჩევნებში კლინტონის (ჰილარის) დამარცხებამაც - ამერიკა ყველაზე ძლიერი კლინტონის (ბილის) დროს იყო. მოკლედ, კრემლში სჯერათ (ან უნდათ, რომ დაიჯერონ), რომ ეს ის ამერიკა აღარ არის.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ტრამპის ხელში ამერიკა აქტიურ საგარეო პოლიტიკას დაუბრუნდება, რუსეთს რამდენიმე თვე მაინც აქვს, სანამ ვაშინგტონში ძალაუფლების გადაბარება მოხდება და სანამ ახალი პრეზიდენტი ადმინისტრაციას დააკომპლექტებს. ამას ემატება კრემლის მიერ ბოლო დროს მიღწეული რამდენიმე წარმატება, კონკრეტულად კი ბულგარეთსა და მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებზე პრორუსულად მიჩნეული კანდიდატების გამარჯვება. მართალია, ორივე ქვეყანაში პრეზიდენტების უფლებამოსილება შეზღუდულია, მაგრამ ეს მოვლენები დასავლეთისთვის მაინც დამაფიქრებელი უნდა იყოს. ეს, სულ ცოტა, იმას მიუთითებს, რომ კრემლის პროპაგანდამ ამ ქვეყნების მოსახლეობასთან წარმატებით იმუშავა.
ყოველივე ამის ფონზე მოულოდნელი, მაგრამ ამავე დროს მაინც კანონზომიერი იყო რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის შინაარსი და სტილი ყველასთვის შოკად იქცა: რუსულ ენას ახლო საზღვარგარეთში განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი უნდა მიენიჭოს.
უკვე ძალიან დიდი ხანი იყო, რაც რუსეთის ხელისუფლება ტერმინ „ახლო საზღვარგარეთს“ აღარ იყენებდა. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერმინის გამოყენების უკან ლოგიკურად ხედავდა ყოფილ საბჭოთა ბლოკზე („ახლო საზღვარგარეთი“ სწორედ ყოფილ საბჭოთა ბლოკს ნიშნავს) პრეტენზიების დაფიქსირებას და მისი ზეგავლენით რუსებმა თავიანთი ოფიციალური ლექსიკონიდან ეს სიტყვები ამოიღეს. ახლა კი, როცა მოლდოვასა და ბულგარეთში მოხდა ის, რაც მოხდა, როცა ამერიკას, საკუთარი თავის გარდა, ძნელად თუ სცხელა რამისთვის, ტერმინი ისევ გაჩნდა.
მაგრამ კიდევ უფრო დამაფიქრებელი, ცხადია, განცხადებაში დაფიქსირებული პრეტენზიაა - რუსეთს სურს, ყოფილი სატელიტები აიძულოს, რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭონ. პირდაპირი პრეტენზია იქნა გამოთქმული ლატვიისა და ესტონეთის (ნატო-ს წევრი სახელმწიფოების) მისამართით. აქ ხომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ, რომელთა ინტეგრაციასაც ამ ქვეყნების მთავრობებმა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ვერაფრით გაართვეს თავი და, ჯამში, პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავეს - ინტეგრაციის ნაცვლად ეს უმცირესობები გააუცხოვეს და ისინიც, ალბათ, იმედიანად იყურებიან დიადი პუტინისკენ, რომელმაც საქართველოსა და უკრაინას უკვე ასწავლა ჭკუა და ოდესღაც იქნებ ბალტიისპირეთსაც მიხედოს.
ბალტიისპირეთის შემდეგ, განცხადების მიხედვით, არასასურველი ვითარებაა შექმნილი სწორედ საქართველოსა და უკრაინაში. უკრაინასთან მიმართებაში ამ პრეტენზიის გამოთქმა უკვე აშკარა თავხედობაა, რადგან აქ რუსული ენა ყველამ იცის, მაგრამ კრემლში სურთ, რომ რუსულს სამართლებრივად ისეთივე სტატუსი ჰქონდეს, როგორც უკრაინულს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინულს რუსულის გამოდევნის შანსი არ ექნება. რაც შეეხება საქართველოს, განცხადებაში ერთგან განსაკუთრებით ხაზგასმული ტექსტი, რომ „ახალგაზრდა თაობა რუსულს აღარ ფლობს“, ალბათ, სწორედ ჩვენს ქვეყანას ეხება. რუსეთში, წესით, არ უნდა გამორჩენოდათ ის ფაქტი, რომ კრემლის პროპაგანდა ქართველი საზოგადოების ხანდაზმულ კატეგორიაზე თუ მოქმედებს, მაშინ როცა ახალგაზრდობაზე მისი ზეგავლენა თითქმის ნულის ტოლია, მათ შორის იმის გამო, რომ რუსულ ენას ახალგაზრდებში ცოტა ვინმე თუ ფლობს.
ასეთი განცხადების გაკეთება „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის ახალი პრეტენზიის დაფიქსირებაა, რომელიც უფრო შორს მიდის, ვიდრე რუსეთის პრეტენზია, „დაიცვას თავისი მოქალაქეები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“. ეს პრეტენზია დიდი ხნის წინათ გაჩნდა და დღემდე რჩება რუსეთის ისეთ ოფიციალურ დოკუმენტებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. კრემლის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული პასპორტების დარიგება უპირველესად ამ პრეტენზიის გამო იყო საგანგაშო.
თუმცა, რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის (სამხედრო ინტერვენციის ჩათვლით) სურვილით სხვადასხვა მანიპულაციები, ცხადია, საქართველოს ამ ორ რეგიონში პასპორტების დარიგებით არ დაწყებულა. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული რუსეთს დიდი ხნის განმავლობაში ეჭირა თვალი თურქეთის ტერიტორიებზე, კონკრეტულად კი სტამბულსა და ბოსფორ-დარდანელის სრუტეებზე, რომლებიც შავი ზღვის კარიბჭეს წარმოადგენენ. ცხადია, ამ ტერიტორიებზე პრეტენზიების პირდაპირ წამოყენება იოლი არ იყო და ამიტომ რუსეთი სხვა ხერხს იყენებდა - ის თურქეთის იმპერიის წინააღმდეგ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს (იგივე ბულგარელებს) აქეზებდა და პარალელურად საკუთარ თავს ამ მართლმადიდებელი ქრისტიანების დამცველად აცხადებდა.
არაერთი ომი რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ სწორედ მათი დაცვის საბაბით აწარმოა, თუმცა საბოლოოდ სრუტეები ხელში მაინც ვერ ჩაიგდო, რადგან ეს საფრანგეთმა და ინგლისმა არ დაუშვეს. მათ არც ის დაუშვეს, რომ რუსეთის იმპერატორს თურქეთის იმპერიაში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანების მფარველის ტიტული მიეღო (როგორც ეს ერთხელ ულტიმატუმის ტონით მოითხოვა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა თურქეთის სულთნისგან).
ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ რუსეთს გავლენის გაფართოებისთვის კიდევ უფრო კარგი იარაღი ჩაუვარდა ხელში - კომუნიზმის გავრცელება. გარდა ამისა, კომუნისტური პარტია, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაჩნდა, კრემლის აგენტურის ფუნქციებს ასრულებდა. „ახლო საზღვარგარეთში“ კი კომუნისტური პარტიები პირდაპირი ჩარევის საქმეს ემსახურებოდნენ. 1921 წელს ქართველმა კომუნისტებმა მოიწვიეს რუსული არმია „მშრომელი მასების დასაცავად“. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკაში კომუნისტური პარტია თავდაპირველად აკრძალული იყო და მისი ლეგალიზება 1920 წელს რუსეთის მოთხოვნის შედეგად მოხდა, რის სანაცვლოდაც რუსეთმა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
საბჭოთა კავშირის დანგრევისა და კომუნისტური იდეის საბოლოო გაკოტრების შემდეგ რუსეთს ერთგვარი იდეოლოგიური ვაკუუმი შეექმნა. თუმცა, 2000-იანი წლების მეორე ნახევრიდან, პუტინის ხელმძღვანელობით, კრემლის მიერ კონტროლირებულმა მედიამ აქტიური პროპაგანდა წამოიწყო, რომელიც არა იმდენად რუსეთის ქებას, რამდენადაც დასავლეთის დემონიზებას ისახავდა მიზნად.
რუსეთი თუ არაა სრულყოფილი, ასევე ცუდია დასავლეთი - რუსული პროპაგანდის ამ მთავარმა მესიჯმა, როგორც ვხედავთ, რამდენიმე ქვეყანაში უკვე მიაღწია თავის მიზანს. მაგრამ ამავე დროს რუსულ პროპაგანდას საკმაოდ უჭირს ბრძოლა დასავლეთში ადგილობრივ მედიასაშუალებებთან. მეორე მხრივ, მისი გავლენა განუზომლად დიდია იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა რუსულ ენას ფლობს და, იდეალურ შემთხვევაში, არც ერთი სხვა უცხო ენა არ იცის. ასეთებია საბჭოთა კავშირის არაერთი ყოფილი რესპუბლიკა. რუსულენოვან მედიას აქ საქმეს ისიც უიოლებს, რომ ადგილობრივი მედია მას, როგორც წესი, პროფესიონალიზმში სერიოზულად ჩამორჩება და მოსახლეობაც ინფორმაციას კრემლის ტელეარხებიდან იღებს, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით.
სწორედ აქედან მოდის მოსკოვის პრეტენზია - ყოფილ საბჭოთა ბლოკში რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს. რა კონკრეტული ქმედებები მოჰყვება ამ პრეტენზიის გაცხადებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, ჯერ რთული სათქმელია. ის კი ფაქტია, რომ ესტონეთსა და ლატვიაში ამას ადგილობრივი რუსული უმცირესობების გააქტიურება მოჰყვება. ამავე დროს, ალბათ, კრემლი შეეცდება, ტრამპი დაარწმუნოს, ამ ქვეყნებიდან ნატო-ს ეგიდით განლაგებული ამერიკელი სამხედროები გაიყვანოს.
საქართველოში კი, ალბათ, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მთავრობებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა ქართველმა ხალხმა არ დაივიწყოს რუსული ენა. პარალელურად, შესაბამისი ზეწოლა მოსკოვიდან საქართველოს მთავრობაზეც განხორციელდება.
ეს ყველაფერი მაშინ, თუკი ამერიკა ისე მოიქცევა, როგორც ამის იმედი კრემლში აქვთ. რუსეთის შეკავების შესაძლებლობა ხომ ახლა მხოლოდ ამერიკას აქვს, ისევე როგორც მე-19 საუკუნეში მხოლოდ ინგლისსა და საფრანგეთს ჰქონდათ ამის შესაძლებლობა.