გასულ კვირაში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2.4956-ს მიაღწია და მხოლოდ 0.3 თეთრი დააკლდა, რომ ლარის კურსის რეკორდული მაჩვენებელი გადაელახა. ლარის კურსის რეკორდული მაჩვენებელი - 2.4985, მიმდინარე წლის 28 იანვარს დაფიქსირდა.
13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება იმპორტის ზრდამ განაპირობა და იქვე აღნიშნა, რომ, მეორე მხრივ, იმპორტის ზრდა დადებითი ტენდენციაა. 15 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სამი მიზეზი აქვს:
„1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაცია;
2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით;
3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნა, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა“.
აღნიშნული სამიდან პირველი ორი ნამდვილად არის ლარის გაუფასურების მიზეზები, თუმცა მთავრობა არ საუბრობს სხვა მიზეზებზე, როგორიცაა: ლარის მასის ზრდა (რაც გარკვეულწილად განპირობებულია ბიუჯეტის დეფიციტით), ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულება, ფინანსთა სამინისტროს მიერ 160 მლნ დოლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებისა და კრედიტების ვერმიღება და ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება. ასევე, ჯერჯერობით უცნობია ივლის-ნოემბრის მონაცემები უცხოურ ინვესტიციებთან და საკრედიტო კაპიტალთან დაკავშირებით. შესაძლებელია, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შემცირებული უცხოური ინვესტიციები ან/და კრედიტები იყოს.
გასულ კვირაში მთავრობის წევრები საუბრობდნენ გარკვეული რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც, ერთ მხრივ, ლარის კურსის სტაბილურობას დაეხმარება და მეორე მხრივ, ლარის გაუფასურებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს შეამსუბუქებს. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ:
„1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთანავე, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც.
2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით“.
17 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას შემუშავებული აქვს გეგმა, რომელშიც 10-ზე მეტი პუნქტია, როგორ მოხდეს დოლარიზაციის (დოლარში გაცემული სესხების) შემცირება, რადგან ლარის გაუფასურების გამო ყველაზე მეტად დოლარში სესხის მქონე მოქალაქეები ზარალდებიან. ასევე, გაირკვა, რომ მთავრობა ახალ რეგულაციებს ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავებს.
მომავალი წლების ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ნამდვილად იქნება ეკონომიკური ზრდისა და ლარის სტაბილურობის ხელშემწყობი ფაქტორი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა (რომელიც ამჟამად არსებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება) და ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაფინანსდეს საშინაო ვალის აღებით.
რაც შეეხება მაღალ დოლარიზაციას (დოლარში გაცემული სესხების წილი მთლიან სესხებში, რომელიც დღეს 65%-მდეა), ის არ არის ლარის გაუფასურების მიზეზი. პირიქით, როდესაც ბანკები დეპოზიტებსა და სესხებს საზღვარგარეთიდან დოლარში იზიდავენ, ქვეყანაში მეტი დოლარი შემოდის და ამით უცხოური ვალუტის დანაკლისი კომპენსირდება. მაღალი დოლარიზაციის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ბანკებს გასასესხებელი ფინანსური რესურსის 70%-მდე დოლარში აქვთ. მეორე მხრივ, ლარის გაუფასურების შედეგად, ის ადამიანები, ვისაც სესხი დოლარში აქვთ, მართლაც მნიშვნელოვნად ზარალდებიან. სწორედ ამ უარყოფითი შედეგების შემსუბუქებაზეა მიმართული მთავრობის მომავალი გეგმები.
დოლარიზაციის ხელოვნურად, რეგულაციების გზით შემცირებას აქვს თავისი უარყოფითი მხარე. ეს არის დოლარში გასაცემ სესხზე ხელმისაწვდომობის შემცირება, რაც გამოიხატება საპროცენტო განაკვეთის ზრდაში და სესხის აღების პირობების გამკაცრებაში. სესხის გაძვირება და ხელმისაწვდომობის შემცირება კი დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რადგან, სხვა თანაბარ პირობებში, გაძვირებული კრედიტი ეკონომიკის დაკრედიტების შემცირებას გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, დღეს ლარის გაუფასურება უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე დაბალი ეკონომიკური ზრდა, ან მიდის იმ რისკზე, რომ გამკაცრებული რეგულაციების პირობებშიც შეძლებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებას.
რეგულაციების გამკაცრების მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსური სტაბილურობა, ანუ, თუ ლარის კურსის გაუფასურება მოსალოდნელია, ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები რთული პრობლემების წინაშე რომ არ აღმოჩნდნენ. რთული პრობლემა, პირველ რიგში, იქნება ის, რომ დოლარში სესხის მქონე პირებმა ბანკს ფული ვერ დაუბრუნონ. თუმცა, ჩვენთვის ცნობილია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით და, ამ მხრივ, სიტუაცია გაუარესებული არ არის. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა სექტემბერში 52 მლნ ლარით შემცირდა და 1-ელ ოქტომბერს 370 მლნ ლარი შეადგინა. ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მთლიანი სესხების მიმართ 2.2%-ია და ეს მაჩვენებელი ლარის გაუფასურების დაწყებამდე, 2013 წლის პირველ ნოემბერს 2.6% იყო. ანუ დღეს, ამ მხრივ, უკეთესი სიტუაციაა.
წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები დოლარიზაციის შესამცირებლად. აპრილის ბოლოს, ლარში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 10%-დან 7%-მდე შეამცირა (ანუ მოზიდული დეპოზიტების 7%-ს ვერ გაასესხებს), ხოლო უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე 15%-დან 20%-მდე გაზარდა. ამ ცვლილებამ, ერთ მხრივ, განაპირობა ლარის მასის მატება და მეორე მხრივ, ბანკებს გაურთულა უცხოური ვალუტის მოზიდვა. ორივე გარემოება უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ მიმართულია დოლარიზაციის შემცირების გრძელვადიან მიზანზე.
ჯერჯერობით მთავრობის გეგმებში იკვეთება, რომ ის ლარის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე თავად ლარის კურსის სტაბილურობაზე. მართალია, ლარს თავისუფალი გაცვლითი კურსი აქვს და ხელისუფლება არ არის ვალდებული, ლარის გამყარება ან სტაბილურობა უზრუნველყოს, მაგრამ არის გზები, რომლებიც ლარის კურსსაც დაეხმარება და ეკონომიკურ ზრდასაც. სწრაფად მზარდ, სტაბილური ვალუტის მქონე ეკონომიკაში კი მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი პრობლემა არ იქნება. ისიც აღსანიშნავია, რომ, როდესაც ლარის კურსი სტაბილურია, დოლარიზაციის მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია აქვს. ეს გზები კი შემდეგია: ბიუჯეტის ხარჯების (გარკვეულწილად ეს უნდა უზრუნველყოს მოგების გადასახადის რეფორმამ) და დეფიციტის შემცირება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება (განსაკუთრებით სამართლებრივი გარემოს) და შედეგად მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა, რაც გაზრდის შემოსავლებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან. თუ ამ გზებს არ მივმართავთ, ლარის კურსის ხელოვნურად დასტაბილურება დროებითი იქნება, ხოლო დოლარიზაციის შემცირებას სხვა სიკეთეები შეეწირება, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ქვეყანაში შემოსავლებისა და სამუშაო ადგილების სწრაფად ზრდა.