„რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და ქიბარ ხალვაშს შორის ტელეკომპანიის წილებზე სამართლებრივი დავა წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. ეს პროცესი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელების, წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ, პირველივე დღიდან ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და მედიაზე კონტროლის დამყარების მცდელობად შეფასდა.

წინასაარჩევნოდ მთავარი ოპოზიციური არხის მენეჯმენტისა და მფლობელობის შეცვლის დაუშვებლობაზე, განცხადებები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით მწვავე იყო საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართვა. „მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სასამართლო პროცესები, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ წამყვან მედიაორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს, და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც, და რომ ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი, ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული“, - განაცხადა იან კელიმ.

სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დროული რეაგირების შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიამ მმართველობა შეინარჩუნა და მეტიც, ერთ-ერთ ძირითად სივრცედ იქცა, საიდანაც არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ ხელისუფლების ხმაც აქტიურად ისმოდა. თუმცა, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (რომელშიც „ქართული ოცნება“ ახლა უკვე კონსტიტუციური უმრავლესობით არის წარმოდგენილი) ორ დღეში საქმის განხილვა კვლავ განახლდება. „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელთა მიერ უზენაესი სასამართლოს წინაშე დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყება.

უზენაეს სასამართლოს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა 25 იანვარს ეწურება. თუმცა, „რუსთავი 2“-ის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლომ საქმის განხილა 21 ნოემბერს დაასრულოს. „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა ყურადღება ბოლო ინსტანციის მიერ საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე გაამახვილა.

„პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც უზენაესი სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში არ ასრულებს საქმის განხილვას. მეც და ჩემს კოლეგა იურისტებსაც არაერთი საქმე გვახსოვს, რომელიც უზენაეს სასამართლოში წელიწადზე მეტია ელოდება განხილვას. ჩვენს საქმეზე კი შესაძლებელია, 21 ნოემბერს იქნეს გადაწყვეტილება გამოტანილი, რაც მიუთითებს, რომ ისევე როგორც ქვედა ინსტანციებში, ბოლო ინსტანციაშიც განსაკუთრებული სიჩქარით განიხილავენ „რუსთავი 2“-ის საქმეს“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

საქმის დაჩქარებული წესით განხილვის მიუხედავად, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო „რუსთავი 2“-ის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და საქმეს განსახილველად კვლავ სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნებს. „თუკი სასამართლო მიუკერძოებელი იქნება, მაშინ არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ არ დაკმაყოფილდეს „რუსთავი 2“-ის მოთხოვნა, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ იდენტურ საქმეზე უკვე იმსჯელა და, დიდი ალბათობით, ჩვენი საქმეც სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდება განსახილველად“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველმა კოლეგიამ მაისში სხვა მსგავს დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ხელშეკრულების ბათილობისთვის მხოლოდ ფასის დისპროპორციულობა არ არის საკმარისი. გარიგების ბათილად მისაჩნევად, ასევე, აუცილებელია სუბიექტური მხარის არსებობა. კერძოდ, აუცილებელია, დადგინდეს, რომ გარიგება დადებულია მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება, ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით.

აღნიშნულ საქმეში უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს დაუბრუნა. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე აპელირებენ „რუსთავი 2“-ის ადვოკატები.

საკონსტიტუციო სასამართლოში ყველაფერი თავიდან დაიწყება?

უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვის პარალელურად, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის კონსტიტუციური სარჩელის დროული გადაწყვეტა, რომელიც გარიგების ბათილობის ნორმას ეხება.

შეგახსენებთ, საერთო სასამართლოების მსჯელობა სწორედ ამ მუხლს ეყრდნობა და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში არსებითად შეიცვლება საქმის გარემოებები და ეს, დიდი ალბათობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც იქონიებს გავლენას.

აღნიშნულ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ძველ შემადგენლობას მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება ჰქონდა დარჩენილი, როდესაც ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა და საქმიდან მათი ჩამოცილება მოხდა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება ახლა უკვე ახალ შემადგენლობას მოუწევს.

აზრთა სხვადასხვაობას იწვევს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი, რომელიც მოსამართლეთა შეცვლის შემთხვევაში მათ მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებას არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, „თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება“.

საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, საქმის განხილვის ორი ეტაპი არსებობს: განმწესრიგებელი სხდომა და არსებითი განხილვა. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, როდის მთავრდება საქმის არსებითი განხილვა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კანონი არსებითი განხილვის დასრულების შესახებ მითითებას აკეთებს, მე-6 მუხლის შემდეგი ჩანაწერია: „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულების და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია, არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელი ან/და კონსტიტუციური წარდგინება“.

აღნიშნული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პლენუმის სათათბირო ოთახში გასვლის მომენტიდან საქმის არსებითი განხილვა სრულდება. „რუსთავი 2“-ის კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში, პლენუმი უკვე სათათბირო ოთახში იყო გასული. შესაბამისად, აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დასრულებული იყო საქმის არსებითი განხილვა. მე-4 მუხლის ზემოხსენებული ჩანაწერის მიხედვით, ახალ მოსამართლეს მხოლოდ არსებითი განხილვის ეტაპზე ჩართვის შემთხვევაში აქვს უფლება, მოითხოვოს იმავე ეტაპის ხელახლა დაწყება. ხოლო მე-4 მუხლი, ასევე, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს საქმის განხილვაში (ორიდან რომელიმე ეტაპზე) მონაწილეობა არ მიუღია, მას ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ლოგიკით, ახლად არჩეულ მოსამართლეებს არა თუ უფლება აქვთ, დაიწყონ საქმის არსებითი განხილვა ხელახლა, არამედ ვალდებულებიც არიან, რაც, რა თქმა უნდა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გააჭიანურებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარეს დაუკავშირდა. გიორგი მშვენიერაძის მოსაზრებით, შესაძლებელია ნორმის ასე განმარტება და სიტყვასიტყვით წაკითხვის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება, თუმცა, საკითხთან მიმართებით გარკვეული კითხვის ნიშნები მას მაინც აქვს. კერძოდ, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სასამართლო საქმეს დახურულ სხდომაზე განიხილავს, რომლის დროსაც რთულია იმის გამიჯვნა, როდის მთავრდება არსებითი განხილვა, რადგან კანონით დახურული სხდომის ეტაპები გამოყოფილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რამდენად მოსალოდნელია საქმეების, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ახლად არჩეული მოსამართლეების არჩევანზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ სამი ახლად შემომატებული მოსამართლე გადაწყვეტს, რომ საქმეები ხელახლა დაბრუნდეს განხილვაში, თავიდან დაიწყება განხილვა. თუნდაც ერთმა მათგანმა რომ თქვას, რომ საქმეზე უნდა დაიწყოს ხელახალი განხილვა, ასე უნდა მოვიქცეთ. იგივეს ძველი მოსამართლეებიდან ვერც მე და ვერც სხვა ვერ მოითხოვს“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

„რუსთავი 2“-ის კონსტიტუციური სარჩელი არ არის ერთადერთი, რომელზეც სასამართლო უკვე სათათბირო ოთახშია გასული. გიგი უგულავასა და კაბელების საქმის გაერთიანებულ სარჩელთან, ასევე, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ახალი მოსამართლეების დანიშვნის დროს მოსამართლეები უკვე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე იყვნენ. შესაბამისად, უცნობია, დაუბრუნდებიან თუ არა მოსამართლეები აღნიშნული საქმეების ხელახლა განხილვას.

ზაზა ბიბილაშვილი არ გამორიცხავს საქმის განხილვის ხელახლა დაწყებას და როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოზე იმედებს უკვე ნაკლებად ამყარებენ. „ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლი დაემყარებინა. ამის კარგი მაგალითია რამდენიმე დღეში მიღებული კანონი. სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ან თუ მიიღებს, ეს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდება“, - განაცხადაზაზა ბიბილაშვილმა.

თეგები: