ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „დემოკრატიული სტანდარტებით ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინაა პოსტსაბჭოთა სივრცეში. იქნება ეს მედიის თავისუფლება თუ დემოკრატიის განვითარების საფეხურები“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. მედიის თავისუფლებაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.თუმცა, ამჯერად დავინტერესდით, მართლაც იმყოფება თუ არა საქართველო მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციაზე.
Freedom House-ის (Nations in Transition 2016) ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის შემაჯამებელ მაჩვენებლებს მოიცავს, საქართველო კვლავ გარდამავალი მთავრობის, ანუ ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაში მოხვდა. 12 პოსტსაბჭოთა ქვეყნისაგან შემდგარ რეიტინგშისაქართველო დემოკრატიის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა (4.61) და უსწრებს აზერბაიჯანს (6.86), სომხეთს (5.36), ბელარუსს (6.64), ყაზახეთს (6.61), ყირგიზეთს (5.89), მოლდოვას (4.89), რუსეთს (6.50), ტაჯიკეთს (6.54), თურქმენეთს (6.93), უკრაინას (4.68) და უზბეკეთს (6.93). აღნიშნულ პოსტაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მოხვდნენ ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაში, დანარჩენი ქვეყნები კი კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის კლასიფიკაციაში არიან, გარდა სომხეთისა და ყირგიზეთისა, რომლებიც ნაწილობრივ კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის კლასიფიკაციაში ხვდებიან. აღნიშნულ ანგარიშში პოტსაბჭოთა ქვეყნების ჩამონათვალში არ შედიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რადგან ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. ეს ქვეყნები კონსოლიდირებული დემოკრატიული ქვეყნების კლასიფიკაციაში ერთიანდებიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო როგორც ამჟამინდელი, ისე წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში მეტწილად დადებითად ვითარდებოდა. ქვეყანა მეზობელ ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციაზეა როგორც 2008-2011, ისე 2013-2016 წლების მონაცემებითაც, ხოლო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, 2008-2011 წლების მიხედვით, საქართველო მეორე ადგილს იკავებდა უკრაინის შემდეგ. 2012 წელს უკრაინას და საქართველოს თანაბარი ქულა ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო 2013-2016 წლებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა.
ცხრილი 1:
დემოკრატიული მმართველობის ინდექსი, 2007-2016 წლები
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით ქვეყნები 1-დან 7 ქულამდე სისტემით ფასდებიან, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ყველაზე დაბალი2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
4.68 | 4.79 | 4.93 | 4.93 | 4.86 | 4.82 | 4.75 | 4.68 | 4.64 | 4.61 |
აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს შესახებ გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებთან ერთად ცალკეულ საკითხებში აღნიშნულია სტაგნაცია და რეგრესი. მნიშნველოვანი ყურადღება ეთმობა ქვეყანაში არსებულ უაღრესად პოლარიზებულ მედია გარემოსა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს. კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეს, რომელიც კვლავაც აქტიური დაკვირვების პროცესშია. ასევე, აღნიშნულია მედიაზე ზეწოლის სხვა ნიშნები - მოყვანილია რამდენიმე პოპულარული თოქ-შოუს დახურვის ფაქტი, რაც მმართველი ძალის მხრიდან ზეწოლად არის აღქმული.
დამოუკიდებელი მედიის მიმართულებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო წამყვან პოზიციაზეა და უკრაინასთან ერთად ინარჩუნებს 2014-2015 წლების ქულას (4.00). 2008-2012 წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 0.25 ქულით და საქართველო უსწრებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს: მოდლოვას (5.00), რუსეთს (6.50), აზერბაიჯანს (7.00), სომხეთს (5.75), ბელარუსს (6.75), ყაზახეთს (6.75), ყირგიზეთს (6.00), რუსეთს (6.50), ტაჯიკეთს (6.25), თურქმენეთს (7.00), უზბეკეთი (7.00).
ცხრილი 2:
დამოუკიდებელი მედიის ინდექსი საქართველოში, 2007-2016 წლები
წლები | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
დამოუკიდებელი მედია | 4.00 | 4.25 | 4.25 | 4.25 | 4.25 | 4.25 | 4.25 | 4.00 | 4.00 | 4.00 |
„რეპორტიორი საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ანგარიშის
მიხედვით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციას იკავებს (64), თუმცა კვლავ პრობლემას წარმოადგენს მედიის პოლარიზაცია და დამოუკიდებლობა. მართალია, აღნიშნული ანგარიშის მიხედვით გასული წლის მონაცემებთან შედარებით საქართველო რეიტინგში 5 ადგილით დაწინაურდა, მაგრამ ეს სხვა ქვეყნების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოხდა. რაც შეეხება სარეიტინგო ქულას, ის 27.70 ქულიდან 27.96-მდე გაუარესდა.
ცხრილი 3:
მედიის თავისუფლების ინდექსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, 2016 წლის ანგარიში
აზერბაიჯანი | სომხეთი | ბელარუსი | ყაზახეთი | ყირგიზეთი | მოლდოვა | საქართველო | უკრაინა | რუსეთი |
163 | 74 | 157 | 160 | 85 | 76 | 64 | 107 | 148 |
The Economist Intelligence Unit-ის 2015 წლის შემაჯამებელი ანგარიშის
მიხედვით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო დემოკრატიის მაჩვენებლით მეორე პოზიციას (82) იკავებს მოლდოვის შემდეგ, მინიჭებული აქვს 5.88 საერთო ქულა და ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია მოხვედრილი, უსწრებს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს: აზერბაიჯანს, ბელარუსს, ყაზახეთს, ყიგიზეთს, ტაჯიკეთს, უკრაინას, უზბეკეთს, სომხეთს, რუსეთსა და თურქმენეთს.
ცხრილი 4:დემოკრატიის ინდექსი, 2015 წელი
აზერბაიჯანი | სომხეთი | ბელარუსი | ყაზახეთი | ყირგიზეთი | მოლდოვა | საქართველო | უკრაინა | რუსეთი |
149 | 116 | 127 | 140 | 93 | 70 | 82 | 88 | 132 |
ცხრილი 5:
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი, 2006-2015 წლები
2006 | 2008 | 2010 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | |
საქართველო | 4.90 | 4.62 | 4.59 | 5.53 | 5.95 | 5.82 | 5.88 |
დასკვნა Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, 12 პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში
საქართველო დემოკრატიის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა, ხოლო დამოუკიდებელი მედიის მიმართულებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო წამყვან პოზიციაზეა უკრაინასთან ერთად.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებული მედიის თავისუფლების ინდექსის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის პირველ პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება The Economist Intelligence Unit-ის 2015 წლის შემაჯამებელ ანგარიშს, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მეორე პოზიციას (82) იკავებს მოლდოვას (70) შემდეგ, თუმცა ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია მოხვედრილი, რაც მოწმობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე ყოფნის მიუხედავად, საქართველოში დემოკრატიის არასასურველი დონეა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრეზიდენტის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.