მიმდინარე წლის 7 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის მიერ პარლამენტისთვის 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარინატის წარუდგენლობაზე ისაუბრა. "როდესაც მთავრობა უუნაროა წარმოადგინოს ბიუჯეტი და არღვევს საბიუჯეტო პროცედურებს, ჩვენთან რომ არსებობდეს მთავრობის დემოკრატიული კონტროლი პარლამენტის მხრიდან, ეს მთავრობის ნდობის დაკარგვას უნდა იწვევდეს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
საქართველოს კონსტიტუციისა და საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს პარლამენტს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდა თანდართული მასალები პირველ ოქტომბრამდე წარუდგინოს.
30 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტრომ, პარლამენტში მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტი მართლაც წარადგინა, თუმცა მასში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები და ახალი ინიციატივები ასახული არ ყოფილა. მიზეზად მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საარჩევნო კოდექსით დაწესებული შეზღუდვები დაასახელა,რაც მთავრობის მხრიდან კოდექსის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. აღნიშნული მუხლიდან ნათელია, რომ შეზღუდვა არა მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვას, არამედ არსებული ბიუჯეტის გამოყენებას ეხება (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა). პროექტის განმარტებითი ბარათისთანახმად, საბოლოო პროექტის წარდგენამდე, სამინისტროებთან და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან აქტიური მუშაობით, საქართველოს პარლამენტისთვის მეორე და მესამე წარდგენის დროს პროექტის გადამუშავება და, შესაბამისად, მასში ახალი ინიციატივების ასახვაც მოხდებოდა.
საბიუჯეტო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები წარდგენილ პროექტს წარადგენს და (არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა) საკომიტეტო განხილვებზე გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს საქართველოს მთავრობას უგზვანიან, ხოლო მთავრობა პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (არა უგვიანეს 5 ნოემბრისა) საქართველოს პარლამენტს ხელმეორედ წარუდგენს. რის შემდეგაც კანონპროექტის პლენარულ სხოდმაზე განხილვა (მეორე განხილვა) იწყება. პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები არა უგვიანეს 15 ნოემბრისა საქართველოს მთავრობას ეგზავნება, რომელიც (არა უგვიანეს 30 ნოემბრისა) კანონის პროექტს (ამჟამად უკვე საბოლოო ვარიანტს) პარლამენტში მესამედ წარადგენს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით უყრის კენჭს, არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა (16 დეკემბერი).
პარლამენტმა, კოდექსით გათვალსიწინებული პროცედურების დაცვით, მთავრობას პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები 18 ოქტომბერს გაუგზავნა. თუმცა, პროცედურები მთავრობამ არ დაიცვა და გადამუშავებული ვარიანტი არა თუ 5 ნოემბრამდე, არამედ ამ დრომდეც პარლამენტითვის არ წარუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. „ვინაიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უკვე არჩეულია პარლამენტის ახალი შემადგენლობა და უახლოეს პერიდოში შეიკრიბება ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, ნათელია, რომ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში - 15 ნოემბრამდე, მე-8 მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებდა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას და მთავრობას მხოლოდ ფორმალურად, სრულიად უშედეგოდ უნდა წარედგინა მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი“, - ნათქვამია განცხადებაში.მთავრობის ძირითად არგუმენტს თუ გავიხსენებთ, მათ ახალი ინიციატივების გაჟღერება არჩევნების დღემდე ეკრძალებოდათ, არჩევნების დღედ კი მოცემულ შემთხვევაში 30 ოქტომბერი უნდა მივიჩნიოთ (მეორე ტურის გამართვის დღე). შესაბამისად, მათივე განმარტებით, პირველი ნოემბრიდან ახალი ინიციატივების პარლამენტისა და საზოგადოებისთვის გაცნობა უკვე შეეძლოთ. მე-8 მოწვევის პარლამენტი ამ კოდექსით განსაზღვრულ დროში გადამუშავებული (ახალი ინიციატივების შემცველი) ბიუჯეტის პროექტის განხილვას და მთავრობისთვის გაგზავნას მოასწრებდა თუ არა, ეს თავად პარლამენტის მუშაობასა და პრეზიდენტზე იყო დამოკიდებული, ვინაიდან, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 20 დღეში ნიშნავს.
პარლამენტის მიერ საბიუჯეტო პროცედურების დარღვევის შიშით მთავრობის მიერ კოდექსის დარღვევის საკუთარ თავზე აღება არც თუ ისე ლოგიკურად ჟღერს. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მთავრობის მიერ „საარჩევნო კოდექსის“ არასწორად განმარტებამ, მე-8 მოწვევის პარლამენტს ფაქტობრივად 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის შესაძლებლობა წაართვა. თუკი მთავრობას კოდექსის მიერ დადგენილი ვადები არაგონივრულად ეჩვენებოდა, ან კოდექსში გარკვეულ ხარვეზებს ხედავდა, რასაც შეიძლება საპარლამენტო არჩევნების წელს ეჩინა თავი, მთავრობას საკმარისი დრო ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივისთვის, რომელიც აღნიშნულ საკითხს მოაწესრიგებდა და არც პარლამენტს და არც მთავრობას კოდექსის დარღვევა არ მოუწევდა.
ამ დრომდე უცნობია, მოასწრებს თუ არა მთავრობა 30 ნოემბრამდე პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვას. ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (18 ნოემბერი) მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და ახალი შემადგენლობის შექმნამდე (რაც ასევე გარკვეულ პროცედურებსა და დროს საჭიროებს) ძველი მთავრობა მხოლოდ მოვალეობის შემსრულების რანგში იქნება. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, 30 ნოემბრამდე მთავრობამ პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენა შეძლოს, რითაც საბიუჯეტო კოდექსი კიდევ ერთხელ დაირღვევა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არ არის ვადების დარღვევა, რაც „ობიექტურმა“ გარემოებებმა განაპირობა (იგულისხმება საარჩევნო წელი), მთავარია პროცედურები იქნას დაცული.
არც კონსტიტუციითა და არც საბიუჯეტო კოდექსით 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის განხილვასა და დამტკიცებისათვის განსაზღვრული ვადების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საკითხი და კონკრეტული სანქციები განსაზღვრული არ არის. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში (პირველ მარტამდე) სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას ვერ მოახერხებს, ეს უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად ჩაითვლება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კონსტიტუციით განსაზღვრულ უნდობლობის გამოცხადების ვადაში მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, მაშინ პრეზიდენტი ამ ვადის ამოწურვიდან 3 დღეში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
რაც შეეხება მთავრობის დარღვევებზე პარლამენტის მხრიდან სხვა სახის რეაგირებას, როგორც ფაქტ-მეტრს წინა მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პარლამენტს ამ შემთხვევაშიც მთავრობის დარღვევებს უნდობლობის გამოცხადების პროცედურით შეუძლია უპასუხოს. თუმცა, მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არჩევნების შედეგად ძველი მთავრობა რამდენიმე დღეში ახალი მთავრობით უნდა შეიცვალოს, ძველი მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის დაწყება, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.
აღსანიშნავია, რომ შექმნილმა ვითარებამ მთავრობის მხრიდან არა მხოლოდ კანონის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება დაგვანახა, არამედ საზოგადოების მიმართაც, რომელსაც სრული უფლება აქვს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნოს, რომლის გასაჯაროებაც მთავრობას უშუალოდ პარლამენტში შეტანის გარეშეც შეეძლო.
დასკვნა 2017
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის ეტაპზე, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების უგულებელყოფით, მთავრობამ კანონი არაერთხელ დაარღვია. აღნიშნულმა დარღვევებმა და საარჩევნო კოდექსის არასწორმა ინტერპრეტაციამ, საბოლოო ჯამში, მე-8 მოწვევის პარლამენტს საბიუჯეტო პროექტის განხილვის შესაძლებლობა შეუზღუდა. კანონის პროექტზე ახლა უკვე მე-9 მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით, წესით, ბიუჯეტის დამტკიცება არ უნდა გაუჭირდეს. ჯერჯერობით უცნობია, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება შესაბამისი პროცედურათა დაცვით მოხდება თუ არა. კერძოდ, ვადების კორექციის შედეგად, მოხდება თუ არა ყველა იმ პროცედურის თავიდან გავლა, რომელიც მთავრობამ სხვადასხვა მიზეზების გამო ჩააგდო.
მართალია, ძლიერი საპარლამენტო კონტროლის პირობებში პარლამენტის მხრიდან მთავრობის ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება და მისთვის უნდობლობის გამოცხადება შესაძლებელია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. მაგრამ, მთავრობას ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის გამოქვეყნება და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიდან შენიშვნების და წინადადებების მოსმენა შეეძლო.
ფაქტ-მეტრი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.