ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სოციალური საცხოვრებლის მშენებლობა, რომლისთვისაც ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი, 2017 წლის 1 თებერვლისთვის უნდა დასრულდეს. მას ტენდერში გამარჯვებული შპს „სანო“ აშენებს. ნიკეას ქუჩაზე მინიმუმ 2 500 მ2 საცხოვრებელი და 2 000 მ2საეზოვე ფართი მოეწყობა. ქუთაისის სოციალურ საცხოვრებელი ოჯახური ტიპის იქნება და მასში 50 სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახი განთავდება. ოჯახებს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია შეარჩევს.
საქართველოს სხვა თვითმმართველობებში არსებული სოციალური საცხოვრებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ. უწყებიდან მიღებულ წერილშინათქვამია, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა და მათზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლიდან დღემდე საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით სოციალური საცხოვრებლები რამდენიმე მუნიციპალიტეტში აშენდა. კერძოდ, თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და გორში. ასევე, სოციალური საცხოვრებლები განთავსებულია ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბოლნისში.
იმის გარკვევას, სოციალური საცხოვრებლები ვინ, როდის და რა თანხებით ააშენა, უშუალოდ მუნიციპალიტეტებში შევეცადეთ.
როგორც გავარკვიეთ, აჭარაში ე.წ. სოციალური სახლებიარსებობს, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ეკომიგრანტებისთვის ააშენა. კონკრეტულად უსახლკარო ოჯახებისთვის რეგიონში სოციალური საცხოვრებელი არ მოუწყვიათ. ბათუმში არსებული 12 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი უსახლკარო ოჯახებისთვის არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მოეწყო.
ბათუმის მერიის წარმომადგენელმა რამაზ ჯინჭარაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმის მერია სოციალურ საცხოვრებელს ამჟამად აშენებს, თუმცა ის კონკრეტულად უსახლკაროებისთვის არ იქნება განკუთვნილი - ე. წ. იაფ სახლებშიის ადამიანები იცხოვრებენ, ვინც ამჟამად ნაქირავებში ცხოვრობენ, აქვთ შემოსავალი, თუმცა საბაზრო ღირებულების გადახდა უჭირთ. სახლი 80 ადამიანზეა გათვლილი და მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
რამდენიმე წლის წინ სოციალური საცხოვრებელი ქალაქ რუსთავშიც აშენდა. რუსთავის მერიის მონაწილეობა ამ პროექტში მხოლოდ მუნიციპალიტეტში შედგენილი თავშესაფრის მაძიებელთა ბაზიდან სიის მიწოდებით შემოიფარგლა. საცხოვრებლის მშენებლობა აქაც შვეიცარიის განვითარების და თანაშმროლობის სააგენტომ დააფინანსა და ბენეფიციარებიც თავად შეარჩია.
სოციალური საცხოვრებლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას რუსთავის მერია მომავალი წლიდან გეგმავს. თუმცა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ აქუბარდიას თქმით, ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულისთვის რა ოდენობის თანხა იქნება გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შენობა რამდენ ოჯახზე იქნება გათვლითლი და მშენებლობა როდის დასრულდება.
ბოლნისში ერთი საცხოვრებელი 2013 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ააშენა, ხოლო მეორისთვის შენობა დაბა კაზრეთში გარემონტდა. შენობის რეაბილიტაცია მთლიანად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. საცხოვრებელში გასულ წელს 20 ოჯახი შესახლდა. მათ ლიმიტირებულ კომუნალურ გადასახადებს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს.
გორის მუნიციპალიტეტს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშროლობის სააგენტოს მიერ აშენებული საცხოვრებელი საკუთრებაში 2009 წლის აგვისტოში გადაეცა. ის 14 ოჯახზეა გათვლილი. გორის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ელზა მიქელაძის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სხვა სოციალური საცხოვრებელი გორში არ აშენებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ ფაქტ-მეტრს დაუდასტურა, რომ ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სოციალური საცხოვრებელი არც ზუგდიდში აშენებულა. 2010 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ 14 ოჯახზე გათვლილი შენობა ააგო, სადაც 7 დევნილი და 7 ადგილობრივი თავშესაფრის მაძიებელი ოჯახია შესახლებული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიას ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ სამხედრო დასახლებაში ერთი ხუთსართულიანი კორპუსის შეკეთება ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონული განვითარების ფონდის დახმარებით შეძლო. შენობაში მიმდინარე წელს 90 ოჯახი შეასახლეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში განაცხადა, რომ ოზურგეთის მწირი ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური საცხოვრებლის აშენება შეუძლებელი იქნებოდა.
თბილისის მერიამ 2015 წელს დროებითი თავშესაფარი ააგო, რომელიც 240 ადამიანზეა გათვლილი და აქ, ძირითადად, ზამთარში მოსკოვის გამზირზე მოწყობილ კარვებში დაბინავებული უსახლკარო ადამიანები შესახლდნენ. თბილისის მერიის სოციალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა ხათუნა ავლოხაშვილმა ფაქტ-მეტრს განუმარტა, რომ ეს მიუსაფართა თავშესაფარია, სადაც ქალთა და მამაკაცთა ბლოკები ცალ-ცალკეა მოწყობილი და ოჯახური ტიპის საცხოვრებელი არ არსებობს.
14ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრებელი უკვე არსებობს ქუთაისშიც, რომელიც ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშროლობის სააგენტოს დაფინანსებით აშენდა.
დასკვნა
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოეწყო. პირველ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ ძველი შენობა საკუთარი სახსრებით გაარემონტა, მეორე შემთხვევაში კი ასევე ძველი შენობის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის დახმარებით განხორციელდა. მერიის დაფინანსებით მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი თბილისში მოეწყო, თუმცა ის ოჯახებისთვის არ არის განკუთვნილი.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შვეიცარიის განვითარების და თანამშროლობის სააგენტოს მიერ მოწყობილი საცხოვრებლები არსებობს. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცათ და მათ მომსახურებას ამჟამად ისინი ახორციელებენ.
რაც შეეხება საცხოვრებელს, რომელიც ქუთაისში უნდა აშენდეს, აღმოჩნდა, რომ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მსგავსი მასშტაბის პროექტი (50 ოჯახზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობა) საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში მართლაც არ განხორციელებულა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამავე მიზნით ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძველი შენობების რეაბილიტაცია განხორციელდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქუთაისის მერიის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.