საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ვიდეომიმართვაში კახეთში დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს კახეთში გომბორის გვირაბის პროექტი დაიწყეს, თუმცა სამუშაოები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეაჩერა.
„რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თელავი ბოლომდე ფეხზე დადგეს? დაუყოვნებლივ უნდა აღვადგინოთ ის პროექტი, რომელიც მე დავიწყე 2012 წელს და შემდეგ ეგრევე გააჩერეს. თბილისი-თელავის შემაერთებელი გვირაბის მშნებლობა... ეს ორჯერ შეამცირებს გზას და პრაქტიკულად თელავის მნიშვნელობას ერთი-ორად გაზრდის“, - აღნიშნა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.ფაქტ-მეტრი ამ განცხადების გადამოწმებას შეეცადა.
მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანი-გომბორი-თელავის რეაბილიტირებული გზა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა.გომბორის გზის 55 კილომეტრიანი მონაკვეთი მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შეკეთდა. რეაბილიტაცია 43 მილიონი ლარი დაჯდა. აღნიშნულ გზაზე ორი ახალი ხიდი აშენდა, ოთხს კი სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. სააკაშვილის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ეს გზა დაკეტილი იყო და მნიშვნელოვანია ის, რომ ძველი, ვიწრო და საშიში გზა საგრძნობლად გაფართოვდა.
2012 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილმა თელავში, ქალაქის განვითარების პროექტის პრეზენტაციაზე, გომბორის გვირაბის მშენებლობა დააანონსა.„ეს იქნება ისარივით სწორი გზა. დაახლოებით 40 წუთზე ნაკლები სავალი და ეს მანძილი კიდევ უფრო შემცირდება, ვიდრე ეს შეამცირა გომბორის გზამ. ეს იქნება კახეთისთვის სრულიად ახალი სიცოცხლე და ახალი ტიპის განახლება“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, გომბორის ახალი გვირაბის მშენებლობა, რომელიც თელავს თბილისთან დააკავშირებდა, 2015 წელს დაიწყებოდა და 2017 წელს დასრულდებოდა.
გომბორის გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს დაუკავშირდა, რომელიც 2012 წელს კახეთში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს. სიბაშვილის თქმით, გომბორის გვირაბის პროექტი უკვე მზად იყო და მისი განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იგეგმებოდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ მიერ დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ ისინი მათი მმართველობის დროს დააპროექტეს.
„გომბორის გვირაბის მშენებლობის პროექტი ჩემს კაბინეტში, კარადაში დავტოვე, რომლის მიხედვითაც, თელავი-თბილისის დამაკავშირებელი გვირაბი გომბორის ქედის ქვეშ უნდა გასულიყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იყო ეს პროექტი. სამუშაოების შესრულება მსოფლიო ბანკის და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით იგეგმებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ უგულებელყო და შეაჩერა. შემდეგ ჩვენ ვეძებდით ამ პროექტს, მაგრამ ამათ გააქრეს. ამიტომ პროექტი ჩვენ არ გვაქვს“, - განუცხადა ფაქტ-მეტრს გიორგი სიბაშვილმა.
ფაქტ-მეტრი შეეცადა აღნიშნული პროექტი მოეპოვებინა. ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ გომბორის გვირაბის პროექტი არ არსებობს. ფაქტ-მეტრმა გვირაბის მშენებლობის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ვერც მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე მოიპოვა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა პაიჭაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გომბორის გვირაბის წინასაპროექტო გეგმაც კი არ არსებობდა. მისივე თქმით, ეს იყო იდეა, რომლის განხორციელებაც ყოფილი ხელისუფლების პირობებშივე ექსპერტებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს.
„გომბორის გვირაბის არანაირი წინასაპროექტო სამუშაოები და გეგმაც კი არ არსებობდა. შესაბამისად, მსგავსი პროექტი სამინისტროში არ მოიპოვება. გვირაბის დაპროექტების იდეა 2009 წელს, გომბორის გზის დაპროექტების დროს განიხილებოდა, თუმცა გვირაბის არანაირი საპროექტო სამუშაო, დონორი და გეგმა არ არსებობდა. ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებშივე, პროექტი იმ სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელიც გზის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული და გაკეთდა გომბორის გზა ისეთი სახით, როგორიც ახლაა“.
დასკვნა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა 2009 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. 2012 წლის 2 მარტს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში 2015 წელს გომბორის ახალი გვირაბის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, რომელიც სავარაუდოდ 2016-2017 წელებში დასრულდებოდა.
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის განცხადებით, გომბორის გვირაბის პროექტი უკვე მზად იყო და მისი განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იგეგმებოდა, მაგრამ გვირაბის პროექტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „დაიკარგა“.
თუმცა, პროექტის არსებობა მუნიციპალური განვითარების ფონდში უარყვეს, მის შეახებ ინფორმაცია ვერც მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე მოიძებნა. რეგიონული განვითარების სამინისტროში კი განაცხადეს, რომ აღნიშნული გვირაბის მშენებლობის იდეა სპეციალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსვე მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ გამბორის გვირაბის მშენებლობის გეგმა ამა თუ იმ ფორმით წინა ხელისუფლების დროს არსებობდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.