უნივერსიტეტებში პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება დაიწყო და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა. რითაც, მისივე თქმით, 13 ათასმა სტუდენტმა ისარგებლა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებზე გავრცელდა, რაზეც ჯამში 8 მილიონი ლარი გამოიყო. დაფინანსების პროგრამა ანალოგიურ მიმართულებებს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ აფინანსებს. 2015-2016 სასწავლო წელს უფასო სპეციალობების ჩამონათვალი 21-მდე გაიზარდა,რის შედეგადაც პრიორიტეტულ სპეციალობებს მეცხოველეობა, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, მასწავლებლის განათლება, აგროინჟინერია და არქეოლოგია დაემატა.
2013წლიდან პროგრამულ დაფინანსებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ. 2015 წლიდან კი, ჩამონათვალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაემატა. 2015 წელს ბაკალავრიატის უფასო ფაკულტეტებზე არსებული ადგილების რაოდენობა 5 653-ით განისაზღვრა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს პრიორიტეტული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის (ბაკალავრიატის სტუდენტთა) დაფინანსება დამატებით 10.2 მლნ ლარით გაიზარდა.ასევე, შენარჩუნდა სასწავლო გრანტის პროგრამა 11 მილიონი ლარის ფარგლებში.
განათლების სამინისტროს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, სტუდენტთა პროგრამული დაფინანსებისთვის 2014 წელს 11.2 მილიონი, ხოლო 2015 წელს 12.7 მილიონი ლარი გამოიყო. რა თანხა გამოიყო 2016-2017სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსებისთვის, სამინისტროს ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებია.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ბაკალავრიატის უფასო ფაკულტეტებზე არსებული ადგილების რაოდენობის და დაფინანსების წესის თანახმად,პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას უზრუნველყოფს, არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში.
პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი ასევე მოიპოვებს სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, ან სტუდენტთა მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში.
როგორც ფაქტ-მეტრს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთი მიმართულება (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება და სასურსათო ტექნოლოგია) დააფინანსა. მათივე თქმით, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 2013 წლის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსება სულ 531-მა სტუდენტმა მიიღო. 2013-2016 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა, შესაბამისი სპეციალობების მიხედვით, ასეთია:
ცხრილი 1:
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსებული პროგრამებისა და სტუდენტების რაოდენობა 2013-2016 წლებში
სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული საგანმანათლებლო პროგრამები | დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა |
ბიოლოგია | 103 |
სასურსათო ტექნოლოგიები | 93 |
დაწყებითი განათლება | 67 |
ისტორია | 164 |
ქართული ენა და ლიტერატურა | 104 |
სულ | 531 |
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასკვნაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების გაზრდის შესახებ ინფორმაცია 2012 წლის 28 დეკემბერს გაავრცელა, რის შემდეგაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის 17 სპეციალობაზე სწავლა (სრული 4 წელი) უფასო გახდა. 2015-2016 სასწავლო წელს უფასო სპეციალობების ჩამონათვალი 21-მდე გაიზარდა.
2013წლის 24 ივნისს, განათლების ყოფილი მინისტრის - გიორგი მარგველაშვილის ბრძანების მიხედვით, დაფინანსება 3 796 სტუდენტისთვის გამოიყო. სამინისტროს ბრძანებით, 2014-2015 სასწავლო წლისთვის სრული დაფინანსება 5 012 სტუდენტმა მიიღო. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, 2015-2016 წელს უფასო მიმართულებებზე სულ 5 653 ადგილი გამოიყო. 2016-2017 წლებში ეს რიცხვი 5 655-მდე გაიზარდა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2013-2017 წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება 20 116 სტუდენტმა მიიღო. რაც შეეხება უშუალოდ თელავის უნივერსიტეტს, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 2013 წლის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსება სულ 531-მა სტუდენტმა მიიღო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი სესიაშვილის განცხადება არის სიმართლე.