კოპაძემ.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ ხუთივე სოფელი შემოვიარეთ. უდესა და არალში ცენტრალური და შიდა ქუჩები დაქსელილია, თუმცა დარჩენილია რამდენიმე უბანი, სადაც მილები გაყვანილი არ არის. ამ ორ სოფელში გაზი ჯერჯერობთ მოსახლეობის მცირე ნაწილს მიეწოდება. "ეტაპობრივად მივყვებით და მრიცხველებს ვამონტაჟებთ, მოსახლოების დაახლოებით 20%-ია, ვინც ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს", - აცხადებს შპს „ინტერგაზის“ ხელმძღვანელი ვასილ აბულაძე.
„ჩემთან მრიცხველიც არ დგას. გაზი უდესა და არალში გზის ზედა მხარეს მცხოვრებ 60 ოჯახს აქვს, ერთი თვეა სარგებლობენ“, - აღნიშნა ფაქტ-მეტრთან საუბარში არალში მცხოვრებმა გივი ჩილინგარაშვილმა. გაზის შეყვანა თითო ოჯახს 400 ლარი დაუჯდა.
სამუშაოები დასრულებულია ქალაქ ვალეში და აქაც აბონენტების მცირე ნაწილი უკვე გაზიფიცირებულია. "აბონენტების ოდენობა ითვლება იმის მიხედვით, ვინ სარგებლობს ბუნებრივი აირით. ასეთი კი ჯერ არ არის ბევრი", - ამბობს შპს „ინტერგაზის“ დირექტორი ვასილ აბულაძე.
რაც შეეხება ჭაჭარაქსა და მინაძეს, სოფელი ჭაჭარაქი დაქსელილია, მინაძეში კი სამუშაოები ახლა იწყება. „100-მდე ოჯახი ვართ და მრიცხველები 11 ოჯახში დაამონტაჟეს, სხვებს არ გვიკეთებენ. მარტო იმათ შეუყვანეს გაზი, ვინც მთავარ მაგისტრალთან იყო“, - გვითხრა სოფელ მინაძეში მცხოვრებმა ინა კურტანიძემ.
ჭაჭარაქში დაქსელვა დასრულდა, თუმცა, ადგილობრივებს იმედი არ აქვთ, რომ წელს გაზით ისარგებლებენ. „მრიცხველებიც არ დაუყენებიათ ჯერ. ის მაინც გვითხრან, როდის იქნება. ვიყიდოთ შეშა თუ არა“, - განაცხადა ადგილობრივმა მინას ბეგოიანმა.
იმის გასარკვევად, როდის დასრულდება გაზიფიცირება ამ სოფლებში, ფაქტ-მეტრი შპს „ინტერგაზის“ დირექტორს, ვასილ აბულაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ახალციხესა და ადიგენში გაზიფიცირების სამუშაოებს კომპანიები „სოკარი“ და „ინტერგაზი“ აწარმოებენ.
„მოსახლეობის სურვილის მიხედვით ვამონტაჟებთ მრიცხველებსაც. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება და ამ სამუშაოებს ჩვენი კომპანია ასრულებს. უდეში, არალსა და ვალეში გაზიფიცირებულია 3 300 აბონენტი. აქედან, დღეის მდგომარეობით, გაზი მიეწოდება 150 აბონენტს“, – ამბობს ვასილ აბულაძე.
როგორც ფაქტ-მეტრს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადენელმა თეონა რუხაძემ განუცხადა, „უდესა და არალში, აბონენტების განცხადების საფუძველზე, მათი დაერთება მიმდინარეობს. ჭაჭარაქში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია, მინაძეში კი დაქსელვა ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნულ სოფლებში აშენდა მკვებავი გაზსადენი, რომელიც კვებავს როგორც ჭაჭარაქს, ასევე მინაძეს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა მოაწყოს გაზგამანაწილებელი სადგური, სამონტაჟო სამუშაოები მისი მოწყობის შემდეგ დაიწყება“.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენში გაზიფიცირების სამუშაოები (შიდა დაქსელვა) სამ სოფელში - არალში, უდესა და წარბასთუმანშია დასრულებული (ჯამში 2 135 აბონენტი). როგორც სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა დავით შარიქაძემ გვითხრა, „სოფელი მინაძე წელს არ ესწრება. მე როგორც ვიცი, პროექტი არის და მომავალი წლის გეგმაში გვიზის“.
ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზეც მოიძია. საქართველოს რეგიონების 2016-2017 წლების გაზიფიცირების გეგმაში ვკითხულობთ,რომ 2016 წელს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის სოფლებიდან მხოლოდ ჭაჭარაქის 122 აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება.
ადიგენში გაზიფიცირება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია აწარმოებდა. პირველ ეტაპზე არალი-ახალციხის 12 კილომეტრიანი ცენტრალური მილსადენი გაკეთდა, ოქტომბრის დასაწყისში ეს პროცესი ცენტრალური მილსადენის სოფელ არალამდე მიყვანით დასრულდა.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი შეჩერდა და 2013 წლის დეკემბრამდე აღარ გაგრძელებულა. მაშინ გაზიფიცირების სამუშაოების შეჩერება სამინისტრომ იურიდიული პროცედურებით ახსნა. სამინისტროში აცხადებდნენ,რომ სამუშაოების მეორე ნაწილი (შიდა ქსელების მოწყობა) პრეზიდენტის 2013 წლის 15 ნოემბრის შესაბამისი განკარგულებით სააქციო საზოგადოება “საქორგგაზს” უნდა განეხორციელებინა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ განცხადებიდან 2 წლის შემდეგაც, ადიგენში გაზი მხოლოდ 60-მდე ოჯახს აქვს.
დასკვნაროგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, გიორგი კოპაძის განცხადება იმის შესახებ, რომ „უდეში და არალში გაზი შევიდა და გაზი ანთებულია“, ამ ნაწილში ზუსტია. სოფლებში ბუნებრივი აირი ნამდვილად შესულია. მართალია, გაზი მხოლოდ 60 ოჯახს აქვს, მაშინ როდესაც ამ ორ სოფელში 1 500-მდე ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ის, რომ „გაზი ანთებულია“, ფაქტია.
რაც შეეხება ვალეს, ჭაჭარაქსა და მინაძეს, ჩვენი კვლევითაც და ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციითაც, დასტურდება, რომ სოფელ მინაძეში წელს გაზიფიცირება ვერ მოესწრება. ჭაჭარაქშიც, ჯერ მხოლოდ დაქსელვაა დასრულებული და წლის ბოლომდე გაზიფიცირების მოლოდინი არც ადგილობრივებს აქვთ. ამდენად, ამ ნაწილში, გიორგი კოპაძის განცხადება მცდარია.
საინტერესოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში დაწყებულ სამუშაოებს ადგილობრივები არჩევნებს უკავშირებდნენ. ბევრი ადგილობრივი მცხოვრების აზრით, რომ არა არჩევნები, ამდენი წლის შეჩერებული სამუშაოები წელსაც არავის გაახსენდებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კოპაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.