„სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას 132 მილიონი ლარი დააკლდა. საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი დანაკლისი დღგ-ის გადასახადშია. იგი შესრულდა 87.7%-ით, რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების ნაწილში. ასევე დიდი შეუსრულებლობაა 2015 წელთან შედარებით. წელს 704 მილიონი ლარით ნაკლებია შემოსული. ვერ შესრულდა გრანტების მუხლიც, დანაკლისმა შეადგინა 84 მილიონი ლარი, გეგმასთან შედარებით პრივატიზაციიდან მიუღებელი დარჩა 4 მილიონი ლარი, ვერ შესრულდა საზღვარგარეთიდან მისაღები გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლიც“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლები არიან საბიუჯეტო ორგანიზაციები, გამოყოფილი ასიგნებების შესაბამისად გადახდების განხორციელების და კომპეტენციის ფარგლებში შემოსულობების მობილიზების თვალსაზრისით. ბიუჯეტის შესრულების ორგანიზებასა და მართვას კი ფინანსთა მინისტრი ზედამხედველობს.
ცხრილი 1 ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს ძირთადი მუხლების მიხედვით. შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება, როგორც წესი, გადატანილია ისეთ გამსხვილებულ მუხლებზე როგორიცაა შემოსულობები, შემოსავლები, საგადასახადო შემოსავლები, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ვალდებულებების ზრდის მუხლი.
ცხრილი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, 9 თვე (მლნ ლარი)
2015 | 2016 | სხვაობა | ||
შემოსულობები | გეგმა | 7,243.31 | 7,292.82 | 49.51 |
ფაქტი | 7,260.78 | 7,160.00 | -100.79 | |
შესრულება | 100.2% | 98.2% | ||
შემოსავლები | გეგმა | 5,847.10 | 6,250.84 | 403.73 |
ფაქტი | 6,025.53 | 6,285.21 | 259.68 | |
შესრულება | 103.1% | 100.5% | ||
საგადასახადო შემოსავლები | გეგმა | 5,484.60 | 5,831.00 | 346.40 |
ფაქტი | 5,602.57 | 5,943.50 | 340.93 | |
შესრულება | 102.2% | 101.9% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, შემოსულობების ნაწილის შესრულების მაჩვენებელმა 98.2% შეადგინა, გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებაში ჩამორჩენა 132 მლნ ლარს, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 100.8 მლნ ლარს შეადგენს. გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლებისა და საგადასახადო შემოსავლების მუხლები, აბსოლუტურ მაჩვენებლებში კი, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, ზრდა შესაბამისად 259.7 და 340.9 მლნ ლარს უტოლდება. გრანტების მუხლი 62.2%-ით შესრულდა, გეგმისგან ჩამორჩენა კი 84 მლნ ლარია. 3.8 მლნ ლარი დააკლდა არაფინანსური აქტივების კლების მუხლის (პრივატიზაციის) შესრულებას.
უშუალოდ საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, საშემოსავლო, მოგებისა და აქციზის გადასახადების გეგმა გადაჭარბებითაა შესრულებული. დღგ-ისა და იმპორტის გადასახადების შესრულების მაჩვენებელი კი, შესაბამისად 87.7 და 94.3%-ს შეადგენს. ამავე დროს, სხვა გადასახადების მუხლში აკუმულირებულია 316 მლნ ლარამდე რაც, ფინანსთა სამინისტროს პოზიციით, ერთიან სახაზინო კოდზე გადასვლის შედეგად ტრანზაქციების დანიშნულების მიხედვით კლასიფიცირების გართულებით აიხსნება. მოცემულ მუხლში ასახული სახსრები საბოლოოდ ცალკეული გადასახადების მიხედვით დაკლასიფიცირდება და შესრულების მაჩვენებელი აიწევს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე გამოქვეყნებული შესრულების მაჩვენებლები ცალკეული გადასახდების მიხედვით ნაკლებობითაა შეფასებული.
რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, ფაქტობრივი შესრულება გეგმიურ მაჩვენებელს 337 მლნ ლარით ჩამორჩება, საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა და მომსახურების რეალიზებიდან მიღებული დღგ 688 მლნ ლარამდეა და 709 მლნ ლარით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული ფაქტი ერთობლივი მოთხოვნის შემცირების ინდიკატორად შეიძლება განვიხილოთ, რაც უარყოფითი მოვლენაა. თუმცა, მეტად სავარაუდოა ადგილი ჰქონდეს ერთიან სახაზინო კოდზე გადასვლით გამოწვეულ ტექნიკურ ხარვეზს ვინაიდან დღგ იმპორტიდან 531 მლნ ლარით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. იმპორტის გადასახადი კი ფაქტიურად წინა წლის ანალოგიური პერიოდის ნიშნულზეა, გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებაში შესრულება კი 94.3%-ია. აღნიშნულ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა ბიუჯეტის შესრულების დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ იქნება შესაძლებელი, ამ ეტაპზე კი მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზე შეიძლება ვარაუდი, რომ მოცემული განსხვავება ტექნიკური მიზეზითაა გამოწვეული.
გეგმისაგან განსაკუთრებული ჩამორჩენაა საგარეო ფინანსური ვალდებულებების მხრივ. მოცემული მუხლის შესრულებამ 59.5% შეადგინა, გეგმისგან ჩამორჩენა 311.3 მლნ ლარია. დანაკლისი ვალდებულებების ზრდაში ნაწილობრივ დაბალნსდა საშინაო ფინანსური ვალდებულებების ზრდის ხარჯზე, რომელმაც 211 მლნ ლარს მიაღწია და 9 თვის გეგმის 320% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ 9 თვის მდგომარეობით, საშინაო ვალის მაჩვენებელმა გადააჭარბა წლიურ გეგმიურ მაჩვენებელს - 200 მლნ ლარს, თუმცა აღნიშნული ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ვინაიდან საბიუჯეტო კოდექსის თანახმად ლიმიტი პერიოდის ბოლოს არსებულ დაუფარავ ვალდებულებებს ეხება და არა მიმდინარეს. შესაბამისად, თუ წლის ბოლომდე ფინანსთა სამინისტრო დაფარავს 11 მლნ ლარით მეტ ვალდებულებას ვიდრე აიღებს ბოლო კვარტალში, ბიუჯეტის კანონით დადგენილი მოთხოვნები შესრულდება, ასევე შესაძლებელია პერიოდის ბოლომდე კანონში ცვლილების შეტანა და აღნიშნული გეგმის კორექტირება. შეიძლება ითქვას, რომ მეორე გზა მეტად სავარაუდოა, ვინაიდან, მე-4-ე კვარტალში გეგმით 134 მლნ ლარის ოდენობით ვალდებულების აღებაა გათვალისწინებული. აქვე აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალდებულებებში ჩამორჩენის შიდა ვალის აღების ხარჯზე დაბალანსებას გარკვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი გააჩნია, კერძოდ მთავრობის გაზრდილი მოთხოვნა საკრედიტო რესურსზე უმცირებს დაფინანსების წყაროს კერძო სექტორს (გამოდევნის ეფექტი) რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე.
დასკვნა
ბიუჯეტის შესრულება შემოსულობების ნაწილში 98.2% შეადგინს და გეგმიურ მაჩვენებელს 132, 2015 წლის ანლოგიურ მაჩვენებელს კი 100 მლნ ლარით ჩამოუვარდება. ჩამორჩენა ძირითადად განპირობებულია დაგეგმილი მოცულობით გრანტებისა და საგარეო ფინანსური ვალდებულებების მიუღებლობით. შემოსავლებისა და საგადასახადო შემოსავლების ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა და შესაბამისად 259.7 და 340.9 მლნ ლარით აღემატება გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ფინანსური ვალდებულების ზრდის მუხლები კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია, თუმცა საგარეო ვალდებულებების ჩანაცვლება შიდა ბაზარზე მოზიდული საკრედიტო რესურსით გარკვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის მატარებელია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.