ერაყში, ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვის დროს, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 24 წლის მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი სამძიმარს რამდენიმე დღეა იღებს.
მუხმად ხანგოშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა და მისი ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის, დაცვის წევრი იყო. ეს ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ მუხმად ხანგოშვილის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამგებლის წარმომადგენლის თამარ მარგოშვილის თქმით, ეს პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის გარდაცვალების უკვე 22-ე შემთხვევაა. სულ კი, დღეის მონაცემებით, სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ტერორისტების მხარეს მებრძოლი საქართველოს 25 მოქალაქე დაიღუპა.
მუხმად ხანგოშვილი საქართველოდან სირიაში 2013 წლის ზაფხულში თურქეთის გავლით წავიდა. როგორც „ფაქტ-მეტრს“ მისმა ბიცოლამ ნათელა მარგოშვილმა უთხრა, სირიაში წასვლის შემდეგ მისი ოჯახის წევრები მუდმივად ცდილობდნენ, მუხმადის საქართველოში დაბრუნებას. დედამისი ჩავიდა კიდეც იქ, მაგრამ შვილი საქართველოში წამოსვლაზე ვერ დაითანხმა.
მისივე თქმით, 2015 წელს მუხმადი სირიაში 14 წლის ჩეჩენ გოგოზე დაქორწინდა. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა ახლა ორსულადაა და ბავშვს ელოდება. ხანგოშვილს პანკისში დედ-მამა და და-ძმა დარჩა.
„მუხმადი და დედამისი ზაფხულობით თხილის საკრეფად თურქეთში დადიოდნენ. 2013 წლის ზაფხულში, თხილის კრეფა რომ დასრულდა, დედა საქართველოში გამოიტყუა და თვითონ სირიის ტერიტორიაზე გადავიდა.
2 წლის წინათ დედამისი მის ჩამოსაყვანად სირიაშიც კი ჩავიდა, მაგრამ არ გამოჰყვა. უთქვამს, - ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდაო.
ერთი წლის წინათ ჩეჩენი გოგო მოიყვანა ცოლად და როგორც ვიცით, დღე-დღეზე ბავშვს ელოდება. 7 ნოემბერს დაგვირეკეს სირიიდან და გვითხრეს, რომ მუხმადი ერაყში აფეთქების დროს დაიღუპა. ისეთი ძლიერი აფეთქება ყოფილა, რომ ტანსაცმლის ნაგლეჯები დარჩა მხოლოდ. ჯერ ვერ გავიგეთ, მისი ცოლი როგორაა“, - უთხრა „ფაქტ-მეტრს“ ნათელა მარგოშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინათ, 2016 წლის იანვარში, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს მუხმად ხანგოშვილის დეიდაშვილი, 24 წლის რამზან ფარეულიძე დაიღუპა, რომელიც სირიაში წასვლამდე პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 2016 წლის 17 ოქტომბერს, დაიწყო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ოპერაციის დაწყების შემდეგ დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა მოსულიდატოვა.ერაყის სამთავრობო ძალების ცნობით, მოსულის განთავისუფლების ოპერაციის დაწყების შემდეგ 2 ათასზე მეტი ისლამისტი მებრძოლი მოკლეს. მოსული უკანასკნელი მთავარი ქალაქია, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში აკონტროლებს.
სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას საქართველოს 25 მოკლული მოქალაქიდან 22 პანკისელია. ხეობის რამდენიმე ათეული მკვიდრი კი, არაოფიციალური ინფორმაციით, დღესაც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ იბრძვის.
„მუხმადი პანკისიდან წასული ოცდამეორე ახალგაზრდაა, რომელიც სირიაში დაიღუპა. ეს ახალგაზრდები სხვის ომში მუსლიმების დახმარების მოტივით მიდიან. პანკისის ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემი აზრია, რომ სირიის ომში ჩვენი ახალგაზრდები არ უნდა მონაწილეობდნენ“, - აღნიშნა სოფელ დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა თამარ მარგოშვილმა.
საქართველოს პირველი მოქალაქე სირიაში 2012 წელს დაიღუპა - ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შვილი რუსტამ გელაევი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. მისი ცხედარი გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში დაკრძალეს.
2012 წელს - სირიაში საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 2013-ში - 3, 2014-ში - 6, 2015 წელს - 4, მიმდინარე, 2016 წლის ათ თვეში კი - უკვე 11.
2010 წლამდე პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, „ომის მინისტრი“ თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი. ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ 2016 წლის 14 ივლისს გაავრცელა. რამდენიმე დღეში, ქისტური ტრადიციის თანახმად, სამძიმრის მისაღებად, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, ბათირაშვილების მამისა და ძმის ოჯახების ჭიშკარი გაიღო, რითაც დადასტურდა, რომ „ჟღალი გენერალი“, 30 წლის თარხან ბათირაშვილი, ერაყში შეტაკების დროს დაიღუპა.
სირიაში ამჟამად იმყოფება თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილიც, იგივე აბდურაჰმანი, რომელიც, ასევე, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაურია და უშიშროების საკითხებს კურირებს.
„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები (2012-2016)
23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)
26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)
36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)
24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)
36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)
18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი 2014)
24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015)
22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016)
22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)
24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)
38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016)
22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016)
39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)
26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016)
34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016)
30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016)
21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016)
24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016)