ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სტუმრობისას თბილისში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კომუნალური ვაუჩერის შეჩერებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „თბილისში 106 ლარი იყო განკუთვნილი კომუნალურ გადასახადებზე და ახლა აღარ აძლევენ“.
ფაქტ-მეტრი შალვა ნათელაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
უკვე რამდენიმე წელია, თბილისის მერია დედაქალაქში რეგისტირებულ ოჯახებს კომუნალურ ვაუჩერს აძლევს. კომუნალური ვაუჩერი სოციალური დავცვის ქვეპროგრამაა. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ყველა ოჯახი 100 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს იღებდა (ხუთი თვის განმავლობაში თვეში 20 ლარის ოდენობით). სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, კომუნალური სუბსიდიის სახით პირად ანგარიშზე 530 ლარის ოდენობით თანხა ერიცხებათ (ყოველთვიურად 106 ლარი). 2015 წლამდე ეს თანხა 250 ლარი იყო.
როგორც აღვნიშნეთ, კომუნალურ ვაუჩერს (100 ლარის ოდენობით) თბილისში რეგისტრირებული ყველა ოჯახი იღებდა. 2015 წლიდან კომუნალური ვაუჩერის დიფერენცირება ოჯახის სულადობის მიხედვით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთსულიანი ოჯახი 20 ლარის ნაცვლად თვეში 14.1 ლარს, ორსულიანი 16.6 ლარს, სამსულიანი ოჯახი კი 19.10 ლარს იღებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და კომუნალური ვაუჩერის პროგრამის დაფინანსება 4 მილიონი ლარით შემცირდა. შესაბამისად, ვაუჩერის გაცემის წესიც შეიცვალა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლებია. აღნიშნული კატეგორია ნოემბრიდან მარტის ჩათვლით 16 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. ხოლო ვისაც 70 000 ქულაზე ნაკლები აქვთ, ძველი დახმარება შეუნარჩუნდათ და 5 თვის განმავლობაში 530 ლარიან კომუნალურ ვაჩერს მიიღებენ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, თბილისში რეგისტრირებულ სხვა ოჯახებს კომუნალური ვაუჩერი (100 ლარის ოდენობით) ნოემბერ-მარტში აღარ მიეცემათ.
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.ამ ცვლილებების მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებებში მოძიებული რესურსი - 14 მლნ 585 ათასი ლარი, რამდენიმე პროგრამაში და ქვეპროგრამაში გადანაწილდა.
ჩვენ დავინტერესდით, ბიუჯეტის ცვლილება კომუნალური ვაუჩერის დაფინანსების ცვლილებას ხომ არ გამოიწვევს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ფაქტ-მეტრი თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებით ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები არ შეცვლილა, მხოლოდ თანხების შიდა გადანაწილება მოხდა. „რაც შეეხება კომუნალურ ვაუჩერს, ვაუჩერის დარიცხვის წესი შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ თბილისი მერია ამ დრომდე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 5 თვის განმავლობაში 530 ლარს (თვეში 106 ლარი) ურიცხავდა პირად ანგარიშზე. ახლა კი, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომუნალური ვაუჩერის თანხა პირად ანგარიშზე კი არ ჩაირიცხება, არამედ პირდაპირ ორგანიზაციებს ჩაერიცხებათ იმ ოდენობის თანხა, რა რაოდენობის კომუნალური დავალიანებაც კონკრეტულ აბონენტს აქვს“, - განმარტა სამუშიამ ჩვენთან საუბარში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი საკრებულოს წევრ ირაკლი აბესაძესაც ვთხოვეთ. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებით, კომუნალური ვაუჩერის პროგრამის დაფინანსება 5 მლნ 800 ათასი ლარით შემცირდა. ასევე, ვაუჩერის ჩარიცხვის წესიც შეიცვალა. „ამ სქემით მერია მილიონობით ლარს დაზოგავს და, როგორც ჩანს, იმ დეფიციტის შესავსებად გამოიყენებს, რომელიც წინასაარჩევნოდ თანხების უაზრო ხარჯვამ მერიაში შექმნა“, - აღნიშნა აბესაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში.
დასკვნა
თბილისის მერია თბილისში რეგისტრირებულ ყველა ოჯახს კომუნალურ ვაუჩერს წლების განმავლობაში აძლევდა. 2015 წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლები იყო, კომუნალური ვაუჩერის რაოდენობა გაუორმაგდათ და 530 ლარი (ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდიის ჩათვლით) გაუხდათ. დანარჩენი თბილისელებისთვის კომუნალური ვაუჩერის გაცემის წესი შეიცვალა და მისი დიფერენცირება ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით მოხდა. მიმდინარე წლის მარტში, მერიის გადაწყვეტილებით, კომუნალური ვაუჩერის დაფინანსება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს (200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონეებს თვეში 16 ლარი, 70 000 და ნაკლები ქულის მქონეებს - 106 ლარი) შეუნარჩუნდათ, თბილისში რეგისტრირებულ სხვა ოჯახებს კი კომუნალური ვაუჩერი გაუუქმდათ.
ახლახანს მერიამ კომუნალური ვაუჩერის დარიცხვის წესში ცვლილება შეიტანა. თუ აქამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, თანხა პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ (106 ლარი თვეში), ახლა თანხის ჩარიცხვა პირდაპირ ორგანიზაციების ანგარიშებზე მოხდება. თანხის რაოდენობა იქნება იმის შესაბამისი, რა რაოდენობის დავალიანებაც აქვს კონკრეტულ აბონენტს ორგანიზაციის მიმართ (100 ლარის ფარგლებში). ცვლილებების განხორციელებამდე მოქალაქეს ყოველთვიურად გარანტირებული 106 ლარი პირად ანგარიშზე ერიცხებოდა. აქედან გამომდინარე, მერიას კომუნალური ვაუჩერის რაოდენობა პირდაპირ არ შეუმცირებია, მაგრამ ჩარიცხვის წესის ცვლილება ვაუჩერის თანხის შემცირებას თავისთავად განაპირობებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, შალვა ნათელაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.