„ბათუმში 3 500-მდე ბავშვი ბაღის გარეშეა დარჩენილი“. პოლიტიკოსმა განსაკუთრებული აქცენტი ე.წ. „ბენზეს“ ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა დასახლებაზე გააკეთა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პირველ რიგში, ჩვენ დევნილთა დასახლებას ვესტუმრეთ და სიტუაციის ადგილზე შესწავლა ვცადეთ. როგორც აღმოჩნდა, ამ ტერიტორიასთან ახლოს მართლაც არცერთი საბავშვო ბაღი არ არის. მშობლებს შვილები დიდ მანძილზე დაჰყავთ. ეს დევნილი მოსახლეობისთვის რთულია ტრანსპორტირების თვალსაზრისით, რადგან, როგორც იქაურმა მცხოვრებმა დიანა მორთულაძემ გვითხრა, მშობლები ყოველთვიურად ერთი შვილის მგზავრობისთვის მძღოლს 25 ლარს უხდიან. ვისაც ორი ან მეტი ბაღის ასაკის ბავშვი ჰყავს, თანხის გადახდა უჭირთ.
აღსანიშნავია, რომ მშობელთა დიდ ნაწილს შვილის ჩარიცხვა შორს მდებარე ბაღებშიც უჭირს - ბაღების დირექტორები მათ უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, ყველა სკოლამდელი დაწესებულება თავისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას ემსახურება და ადგილები თითქმის ყოველთვის შევსებულია. აფხაზეთის ქუჩის მცხოვრებმა ლალი ნაყოფიამ დასახლებაში ბაღის მშენებლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე მერამდენე არჩევნებია, რაც მოსახლეობას წინასაარჩევნო შეხვედრებზე ამ პრობლემის მოგვარებას პირდებიან, თუმცა შედეგი დღემდე არ არის.
როგორც ფაქტ-მეტრს დასახლების ამხანაგობის თავმჯდომარე იზა წერედიანმა უთხრა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბაღის გარეშე 200-ზე მეტი ბავშვი დარჩა. მშობლები ზოგჯერ შვილების შეყვანას ადლიის ან ბარცხანის დასახლებებში არსებულ ბაღებში ახერხებენ. რაც შეეხება მათთან ყველაზე ახლოს, ე.წ. "ბენზეს" დასახლებაში მდებარე ბაღს, იქ მოხვედრა ძალიან რთულია, რადგან ამდენი ადგილი არ არის და პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურებიან. იზა წერედიანის ინფორმაციით, ქალაქის ხელისუფლება მათ საბავშვო ბაღის აშენებას რამდენჯერმე დაპირდა. მისივე თქმით, ბოლო შეხვედრაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა უკვე კონკრეტულად განაცხადა, რომ სულ მალე დასახლებაში ახალი ბაღი აშენდებოდა, რისთვისაც ტერიტორია უკვე მოიძებნა.
რთულ მდგომარეობაში არიან ე.წ. "ოცნების ქალაქში"მცხოვრები ოჯახებიც. მათ შვილებს ბაღში მიღებაზე უარს იმიტომ ეუბნებიან, რომ ბათუმში რეგისტრირებულნი არ არიან. თუმცა, ეს ბავშვები ამ ქალაქში დაიბადნენ და მათ მშობლებს, უმეტეს შემთხვევაში, სხვა საცხოვრებელი არსად აქვთ. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა ნდობით აღჭურვილი პირის, მარინა ბერიძის ინფორმაციით, დასახლებაში აღნიშნული საკითხი მწვავედ დგას. დღეის მონაცემებით, უბაღოდ დარჩენილია 10-ზე მეტი ბავშვი. დასახლებასთან მეტნაკლებად ახლოს მდებარე ბაღებში ადგილი არაა, ხოლო შორს ბავშვების ტრანსპორტირება სოციალურად დაუცველი მშობლებისთვის არახელსაყრელია, რადგან მგზავრობის თანხის გადახდა უწევთ. „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულმა ეკომიგრანტმა ნუკრი მახარაძემ გვითხრა, რომ ბავშვის ვერცერთ საბავშვო ბაღში მოწყობა ვერ შეძლო. როგორც მან განაცხადა, შვილი წინასწარ 32-ე ბაღში დაარეგისტრირა, მაგრამ როდესაც ბაღში მიიყვანა, იქ უთხრეს, რომ ბავშვი დარეგისტრირებული არ იყო. ამის შემდეგ დიდხანს ცდილობდა შვილის ნებისმიერ ბაღში დარეგისტრირებას, მაგრამ ყველა ადგილი შევსებული აღმოჩნდა. მხოლოდ ის მოახერხა, რომ რიგში ჩაეწერა.
ფაქტ-მეტრმა ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება მერიის სამსახურებში სცადა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, „ბენზეში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მართლაც იგეგმება და ქალაქის მერის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის წერილი მიწის გადმოცემის მოთხოვნით უკვე გაგზავნილი აქვს. როგორც პრესსამსახურმა შეგვატყობინა, ამ ეტაპზე მიწის გადმოცემის დადასტურებას ელოდებიან. პარალელურად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე გამოცხადდება ტენდერი და საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რაც მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ბაღების შესახებ ფაქტ-მეტრმა ოფიციალური მონაცემებიც გამოითხოვა. სხვა საკითხებთან ერთად, გვაინტერესებდა, კონკრეტულად რამდენ კვ.მ-ზე იქნებოდა განლაგებული ახალი საბავშვო ბაღი, რომლის აშენებასაც დევნილ მოსახლეობას ქალაქის მერი დაჰპირდა. ასევე, რომელი წლის ბიუჯეტში და რა თანხა იყო გათვალისწინებული ამ ბაღის ასაშნებლად. მიუხედავად ხანგრძლივი ლოდინისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკითხთან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და პასუხი მხოლოდ ზოგად კითხვებზე გაგვცა.
ამ ინფორმაციის მიხედვით,ბათუმში 30 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებსაც ერთდროულად 7 460 აღსაზრდელის მიღება შეუძლია. წელს მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ბაღებში 3 ათას 48 განცხადება შევიდა, აქედან 2 ათას 547 დაკმაყოფილდა. დანარჩენი ადგილები წინა წელს მიღებული აღსაზრდელებით იყო შევსებული. შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, ბათუმში ბაღის გარეშე 501 ბავშვი დარჩა.
დასკვნა
ჯაბა ბერიძე განცხადებაში ამბობს, რომ ბათუმში 3 500-მდე ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, წელს 3 500 გაცხადება მერიაში საერთოდ არ შესულა. ჩვენ ბერიძეს ვთხოვეთ განემარტა, ამ რიცხვს რომელ წყაროებზე დაყრდნობით ასახელებდა, მაგრამ დაზუსტებული პასუხი ვერ მივიღეთ.
ოფიციალური ინფორმაციით კი, ქალაქში ბაღის მიღმა 501 ბავშვი დარჩა. უფრო ზუსტი მონაცემები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა მხოლოდ ერთ დასახლებაში, ამხანაგობის თავმჯდომაირს იზა წერედიანის თქმით, ბაღში 200-მდე ბავშვი ვერ მოხვდა. მთელ ბათუმში ეს მაჩვენებელი შესაძლოა ოფიციალურ მონაცემს აღემატებოდეს. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბავშვო ბაღში შვილის დარეგისტრირების ძირითადი საშუალება ინტერნეტია, რაც სოციალურად დაუცველი, ასევე ეკომიგრანტი და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამიტომ, რეალურად, ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებელზე შესაძლოა ბევრად მეტიც იყოს.
ამდენად, ფაქტ-მეტრი ჯაბა ბერიძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.