თბილისის მერიამ ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარისა და ხიდ-აკვედუკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ტენდერი 2014 წლის ნოემბერში გამოაცხადა. ტენდერში შპს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდმა“ გაიმარჯვა და აღნიშნულ შპს-სა და მერიას შორის 2014 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ღირებულება 4 462 000 ლარი იყო (მათ შორის: ზაჰესის დასახლებასთან არსებული სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქციისთვის - 941 898 ლარი, ხიდ-აკვედუკის რეკონსტრუქციისთვის - 3 520 101 ლარი). სამუშაოების დასრულების ვადად 400 კალენდარული დღე განისაზღვრა. შესაბამისად, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 4 თებერვლისთვის უნდა დასრულებულიყო.
2015 წლის მარტში თბილისის მერიამ შპს „სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდს“, ავანსის სახით, 1 784 800 ლარი ჩაურიცხა (წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) გამოყენება შესაძლებელი საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით). კომპანიამ 2015 წლის განმავლობაში მხოლოდ 384 885 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, რაც ხიდების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ 8.7%-ია.
რადგან შპს „ხიდმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შეასრულა, თბილისის მერიამ 2015 წლის სექტემბერში მას ხელშეკრულება გაუუქმა და სარკინიგზო გზაგამტარის რეკონსტრუქციის სამუშაოები შპს „ენსისის“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა.
ცნობისთვის, „ენსისი“ ის კომპანიაა, რომელმაც რიყეზე ე.წ. „დოქების“ (მუსიკალური და საგამოფენო დარბაზების) მშენებლობა განახორციელა და რომლის დირექტორიც, გეგი ქელბაქიანი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლის ნოემბერში უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დააკავეს. ისიც აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ დაასრულა (2015 წლის დეკემბერში).
მოგვიანებით, 2016 წლის თებერვალში შპს „სამშენებლო კომერციულ კორპორაცია ხიდის“ დამფუძნებელი თეიმურაზ წივწივაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხების მითვისების ფაქტზე დააკავეს. სასჯელის სახით, დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამჟამად მერიის იურიდიული სამსახური იკვლევს საქმეს, რათა დაიწყოს სამართლებრივი დავა გარანტორ კომპანიებსა („სვის კრედიტ კაპიტალი“ და „უნივერსალ კრედიტ ბანკი“) და მერიას შორის საავანსო თანხის დასაბრუნებლად.
რაც შეეხება ხიდ-აკვედუკის რეაბილიტაციას, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში შპს „ხიდმშენი 99“-მა გაიმარჯვა. 2015 წლის 21 დეკემბერს მერიასა და აღნიშნულ შპს-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშაოების დასრულების ვადად 2016 წლის სექტემბერი განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება 3 650 000 ლარი იყო. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 2016 წლის 1-ელ თებერვალს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები შპს „ხიდმშენი 99“-მა შპს „ენსისის“ გადასცა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებების შპს „ენსისისთვის“ გადაცემიდან დაახლოებით 8 თვეში (2016 წლის 11 ოქტომბერს) შპს-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას გამოვლინდა შემაფერხებელი გარემოებები. კერძოდ, „სახიდე გადასავლელის შიგნით, დახურულ სივრცეში მაგისტრალური ლითონის წყალსადენი მილები და ხიდის ქვედა მხარეს, ტროტუარზე ხუთი ერთეული გაზსადენი მილი გადის, რომელთა გადატანა აუცილებელია. სამუშაოების შესრულების დროს დიდი რისკია, რომ წყალსადენი მილები დაზიანდეს. მილების სიძველიდან გამომდინარე კი მათი შეკეთება გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. აუცილებელი იქნება მთლიანი წყალგაყვანილობის ქსელის გამორთვა, რაც დედაქალაქის დიდი ნაწილის ხანგრძლივი დროით სასმელი წყლის გარეშე დარჩენას გამოიწვევს“ (შპს „Georgian Water and Power“-ის დასკვნა).
აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ხიდზე დამატებითი სეგმენტის მოწყობა, რომელზეც ხიდის ფუნქციური დატვირთვა გადანაწილდება და საავტომობილო გზა მოეწყობა, ხოლო არსებულ ხიდზე საკომუნიკაციო ქსელები შენარჩუნდება. შესაბამისად, შპს „ხიდმშენ 99“-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შემდგომში შპს „ენსისის“ გადაეცა, შეწყდა.
ამჟამად, თბილისის მერიამ შპს „ენსისისთან“, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ზაჰესის ახალი ხიდის მშენებლობა 75-დღიან ვადაში უნდა დასრულდეს (დაახლოებით წლის ბოლოს) და ხელშეკრულების ღირებულება 3 999 999 ლარია.
„ფაქტ-მეტრმა“ დეტალების დასაზუსტებლად ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელ შპს „ენსისის“ მიმართა. სამწუხაროდ, ჩვენი მრავალდღიანი მცდელობის მიუხედავად, კომპანიაში ჩვენს კითხვებზე პასუხის გამცემი კომპეტენტური პირი ვერ მოიძებნა და საბოლოოდ მერიასთან გადაგვამისამართეს.
„ფაქტ-მეტრი“ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა, არც მათ ისურვეს ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.
ფაქტი ერთია - ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს. სამჯერ შეიცვალა სამუშაოს განმახორციელებელი კომპანია. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლისთავზე გაირკვა, რომ ხიდის ქვეშ წყალგაყვანილობისა და გაზის მილები გადის და ორი წლისთავზე პროექტის შეცვლა გადაწყდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების დირექტორებიდან ერთი დაკავებულია (შპს „ხიდი“ - თეიმურაზ წივწივაძე), მეორე დაკავებული იყო (შპს „ენსისი“ - გეგი ქელბაქიანი).
შედეგი კი არის ის, რომ ზაჰესის მოსახლეობა თბილისის დანარჩენ ნაწილთან დასაკავშირებლად უკვე ორი წელია, შემოვლითი გზით სარგებლობს და ყოველდღიურად დამატებით ათობით კილომეტრის გავლა უწევს.
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი დისკომფორტი, ძნელი სათქმელია - ხელშეკრულების მიხედვით, კიდევ 75 დღე, თუ ამჯერად მაინც არ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადა.
ფაქტია ისიც, რომ ზაჰესის ხიდი ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე ხანგრძლივი და წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტია.
სტატიის განახლება - 27.02.2017
ბოლო ინფორმაციით, შპს „ენსისის“ ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა დაესრულებინა.
ამ საკითხზე "ფაქტ-მეტრი" თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ ხიდზე მოძრაობა ჯერ გახსნილი არ არის, რაც იმით არის განპირობებული, რომ კომპანია „Georgian Water and Power“ წყალგაყვანილობის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მარტში, ზაჰესის ხიდზე მოძრაობა გაიხსნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ზაჰესის მოსახლეობას თბილისის დანარჩენ ნაწილთან დასაკავშირებლად კვლავ შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. იმედია, მათი დისკომფორტი, ამჯერად მაინც, დიდხანს აღარ გაგრძელდება. ჩვენ აღნიშნულ საკითხს კვლავ დავუბრუნდებით.
სტატიის განახლება - 20.03.2017
ზაჰესის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, საბოლოოდ, 2017 წლის 18 მარტს დასრულდა.ახლადგახსნილი ხიდი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.
მაღალი გამტარიანობის მქონე ახალი ხიდი 50 წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. ხიდს დაემატა ტროტუარები და გარე განათების ახალი ქსელი დამონტაჟდა.ხიდი მტკვრის ორივე სანაპიროს ერთდონიანი გადასასვლელით უკავშირდება. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების დანახარჯებით მოწესრიგდა და მას საკომუნიკაციო სისტემების გამტარი ფუნქცია ექნება.