„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე“, - ეს მმართველი პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა და როდესაც ამ პროგრამას წერდნენ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ სულ მალე საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების საკითხს დააყენებდნენ დღის წესრიგში.
მართალია, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წერილობითი სახით ცნობილი არ არის, მაგრამ ამ საკითხზე მმართველი გუნდის მხრიდან ბევრჯერ დასახელდა, პირველ რიგში, კონსტიტუციაში რას შეცვლიან. საინტერესო კი ის არის, საკონსტიტუციო ცვლილებებიდან პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში კონკრეტულად რა იყო შესული.
საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი „ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში
ბოლო საარჩევნო პროგრამაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ჩანაწერი არსებობს, მაგრამ ის ძალიან ზოგადია და არაფერია ნათქვამი პრეზიდენტის ინსტიტუტის რეფორმირებასთან დაკავშირებით. თუმცა, წერია, რომ „კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაეფუძნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და უზრუნველყოფს ჯეროვანი ბალანსის დაცვას ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის“.
ჯერჯერობით დაბეჯითებით იმის თქმა, ამ დაპირებიდან კონკრეტულად რა განხორციელდება და როგორ, ძნელი სათქმელია, მით უმეტეს, რომ ამ ჩანაწერს წინ კიდევ მეორე ჩანაწერი უძღვის, სადაც ნათქვამია, რომ „პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და ექსპერტების სათანადო ჩართულობით, შემუშავდება კონსტიტუციური კანონპროექტი, რომლის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან“.
მეორე მხრივ კი, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის უკვე მეორე ვადა იწყება და, როდესაც დაპირებების შესრულებებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა, რით ჰგავს და რით განსხვავდება 2012 წელს ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნების“ დაპირებები 2016 წელს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დაპირებებისგან.
2012 წელს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის სახელწოდება იყო „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“. 2016-ში ახალი პროგრამის სახელწოდება ასე ჩამოყალიბდა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
შეცვლილია პროგრამის სტრუქტურაც. 2012 წლის პროგრამაში გაკრიტიკებული იყო მაშინდელი ხელისუფლება და მერე ეწერა, რას გააკეთებდნენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ახალ პროგრამაში კი ჯერ მოქმედი ხელისუფლების, ანუ საკუთარი თავის ქებაა და შემდეგ წერია, კიდევ რის გაკეთებას გეგმავენ.
საკუთარი თავის ქება, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ მათ 2012 წლის დაპირებები შესრულებული უნდა ჰქონდეთ. ახლა არ ვსაუბრობთ იმაზე, ამ დაპირებიდან რა შესრულდა და რა - არა, საინტერესო ის არის, ძველი დაპირებიდან რა დარჩა ახალში, რა - ვერა და ახალი რა დაემატა.
პირველივე თვალშისაცემი სხვაობა პრიორიტეტების განაწილებაა. ძველ პროგრამაში პირველ ადგილზე დემოკრატიული განვითარების საკითხი იდგა და მას საგარეო ურთიერთობები მოსდევდა. მართალია, ახლა დემოკრატია ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ საგარეო ურთიერთობები ბოლოშია გადატანილი და მასთან ერთად არის გაერთიანებული უსაფრთხოების საკითხები და კონფლიქტების მოგვარების თემა.
დემოკრატიული განვითარება
ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ 2012 წელს რამდენიმე რეფორმის გატარების პირობას დებდა.
- „იმისათვის, რომ გამოირიცხოს ავტორიტარული (ერთპიროვნული ან ერთპარტიული) რეჟიმის დამყარება, „კონსტიტუციური დემოკრატია“ სამ აუცილებელ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს: უმრავლესობის პოლიტიკური ნება + მისი გაწონასწორება ოპოზიციის პოლიტიკური ნებით + ხელისუფლების (მმართველთა) აუცილებელი მონაცვლეობა გონივრული ხანგამოშვებით, რაოდენ ეფექტიანიც არ უნდა იყოს იგი“, - ეს იყო პირველი პრინციპი, რომლის განხორციელებისთვისაც საკონსტიტუციო რეფორმის გატარება იგეგმებოდა, რაც, ასევე, „საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე“ უნდა განხორციელებულიყო. პარლამენტში კი ყველა გადაწყვეტილება ოპოზიციასთან უნდა შეთანხმებულიყო.
- ასევე, გათვალისწინებული იყო პარლამენტის მიერ დანიშნული საგანგებო პროკურორის ინსტიტუტის შემოღება კონტროლის განხორციელებისთვის;
- უნდა გამარტივებულიყო პრეზიდენტისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა;
- უნდა გატარებულიყო პროკურატურის, შსს-სა და სასამართლო სისტემის რეფორმა;
- საჯარო სამსახურისა და პარტიების დაფინანსების სისტემის რეფორმა;
- დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის გაძლიერების პირობა;
- სამოქალაქო ინტეგრაცია და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა.
ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი, სადაც მერე უფრო დაწვრილებით იყო საუბარი იმაზე, რა კონკრეტული მიმართულებების მიხედვით რის გაკეთებას აპირებდნენ.
2016 წლის პროგრამაში კი დიდი ადგილი უკავია იმას, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის განმავლობაში და შემდეგ ნათქვამია, რომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით:
- გაგრძელდება სისხლის სამართლის რეფორმა;
- გაუმჯობესდება პატიმრების პირობები;
- კვლავაც უზრუნველყოფილი იქნება საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა;
- გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი;
- უზრუნველყოფილი იქნება გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლება. ხელისუფლება უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლების სრულფასოვან რეალიზაციას;
- კიდევ უფრო დაიხვეწება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ზედამხედველობის სისტემა;
- გატარდება ქმედითი ღონისძიებები თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის და ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად;
- ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და რეალიზების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, რომლითაც 2012 წლის პროგრამა იწყებოდა, ახალში ნათქვამია, რომ ეს რეფორმა გაგრძელდება, მაგრამ აღარ არის ისე დეტალიზებული არც ძალაუფლების დანაწილების, არც თვითმმართველობის გაძლიერებისა და არც ძალოვანი უწყებების რეფორმირების კუთხით.
სამაგიეროდ, ახალია ის, რომ:
- ეტაპობრივად ჩამოყალიბდება საჯარო სამსახურის კარიერული მოდელი;
- დაიხვეწება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და შემუშავდება კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ;
- შეიქმნება მთავრობის ერთიანი „ფრონტ(ბიზნეს)ოფისი“, სადაც ყველა საჭირო სახელმწიფო უწყება კერძო ბიზნესს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.
კიდევ ერთი საინტერესო დაპირება არის ის, რომ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებს მომდევნო ადგილობრივი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე.
საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით 2012 წელს მაშინდელ კოალიციას 15-პუნქტიანი გეგმა ჰქონდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავარი მიზანი სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის დაცვა იქნებოდა. ამისთვის გატარდებოდა მთელი რიგი რეფორმები და გაიმართებოდა მოლაპარაკებები საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მიზნის შესასრულებლად.
ასევე, საუბარი იყო საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებასა და საერთაშორისო სამხედრო მისიებში ქართველების მონაწილეობის აუცილებლობაზე და მხოლოდ მეათე პუნქტში იყო ნათქვამი, რომ „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება“.
2016 წლის პროგრამაში კი საგარეო და უსაფრთხოების საკითხები საერთოდ ბოლოშია გადატანილი. აქაც საუბარია დასავლური კურსის შენარჩუნებაზე და მმართველი პარტია პირობას დებს, რომ:
- გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის;
- მიმართავს აქტიურ ძალისხმევას დეოკუპაციის ამოცანისკენ, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების, როგორც რუსეთთან საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების, ისე საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის მობილიზების გზით;
- ხელს შეუწყობს პირდაპირ დიალოგს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.
რუსეთთან ურთიერთობა კი ასეა ჩამოყალიბებული: „დიალოგი რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა ამა თუ იმ სფეროში არ გულისხმობს რაიმე კომპრომისს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. პირიქით, ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება, მისი მდგრადი განვითარებისთვის შესაბამისი საგარეო პირობების შექმნა. ჩვენი ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ცალსახად მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები“.
ასევე, საუბარია რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობაზე. აქ უკვე ნახსენებია უკრაინასთან თანამშრომლობის აუცილებლობაც, ოღონდ მხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებზე:
- გაღრმავდება თანამშრომლობა მეზობელ, რეგიონის და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან;
- გაღრმავდება თანამშრომლობა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე;
- გაღრმავდება ორმხრივი თანამშრომლობა ევროპის ქვეყნებთან პრიორიტეტული მიმართულებებით;
- გაგრძელდება ეფექტიანი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან;
- გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან;
- გააქტიურდება ძალისხმევა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სექტორული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობების დასამყარებლად, - ასეთია „ქართული ოცნების“ ახალი საგარეო დაპირება.
უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხედ მხოლოდ ტერორიზმია დასახელებული და არაფერია ნათქვამი რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირი დაპირება არ არსებობს, გარდა იმისა, რაც ზემოთ ვახსენეთ.
ეკონომიკური და სოციალური საკითხები
ეს ნაწილი ორივე პროგრამაში ყველაზე დიდია. უფრო მეტიც, 2016 წლის პროგრამაში ცალ-ცალკე თავებად არის მოცემული და ცალკე ქვეთავად არის ჩაშლილი კონკრეტული მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების დაპირებები.
2012 წლის პროგრამაში „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ უზრუნველყოფდა „სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნას“ და ხელს შეუწყობდა „თანამედროვე და მოქნილი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელზეც თანაბრად მიუწვდება ხელი ყველა ეკონომიკურ სუბიექტს“. ამის შედეგად კი, „ქართული ოცნების“ 2012 წლის დაპირების თანახმად:
- საჯარო ფინანსების მართვაში დამკვიდრდება ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედროვე სტანდარტები;
- გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს, აგრეთვე, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას;
- მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას;
- ბაზარი განთავისუფლდება ხელოვნური მონოპოლიებისგან, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ მეწარმეობას და ითვისებენ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს, პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე არარეალურად მაღალი ფასების დაწესებით;
- მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები დაიხარჯება მიზნობრივად და გამჭვირვალედ;
- დაიძლევა შემოსავლების განაწილებაში არსებული დიდი უთანაბრობა და ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას.
სახელმწიფოს აქტიური მიზნობრივი პოლიტიკისთვის კი გამოიყო სოფლის მეურნეობა და სოციალური საკითხები, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, ეს მიმართულებები უნდა დამდგარიყო ფეხზე და აქ აქცენტი პენსიების გაზრდასა და ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე კეთდებოდა.
მთავარი დაპირება კი დასაქმების პრობლემის მოხსნას ეხებოდა და „ქართული ოცნება“ 2012 წელს ამ საკითხის მოგვარების პირობას იძლეოდა, რასაც შემდეგ მთელი რიგი საკითხები დაეყრდნობოდა.
ცალკე თავი ჰქონდა დათმობილი კომუნალური გადასახადების შემცირებასაც და „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ „უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით“.
2016 წლის პროგრამაში კი აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნაზე კეთდება. მმართველი პარტია პირობას დებს, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში:
- განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი;
- მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;
- ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;
- ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;
- დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;
- ტურიზმის, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი.
ასევე, აქვს კონკრეტული დაპირებები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე და 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი.
ასევე, იძლევა საპენსიო და მიწის რეფორმების გატარების პირობას. ახალი დაპირებაა 200 ათასი ოჯახის გაზიფიცირება და 1 000 ოჯახისთვის პირველად ელექტროენერგიის გაყვანა.
ცხადია, პროგრამებში არის სხვა დაპირებებიც, მათ შორის, განათლების და სხვა სფეროებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც აერთიანებს ცალკეულ თემებს. ამასთანავე, აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ დანაპირების შესრულება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რას ჰპირდებოდა და ჰპირდება „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 4 წლის წინათ და ახლა.