ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა დაახლოებით 75% ევროინტეგრაციის მომხრეა და მხოლოდ 15%-მდეა მათი რაოდენობა, ვისთვისაც ევროინტეგრაცია მიუღებელია (მონაცემები აღებულია NDI-ს მიერ 2016 წლის ივლისის ბოლოს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევიდან). ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში მცირედით შემცირდა, მთავარი ის არის, რომ პროდასავლურ კურსს საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილი, დაახლოებით 10-15%, ეწინააღმდეგება.
ეს კარგად გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნებზეც, სადაც იმ პარტიებმა, რომლებიც ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, საერთო ჯამში, 8%-ზე ცოტა მეტი აიღეს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ 75%-იანი ღიად პროდასავლური ამომრჩეველი მხოლოდ 2 პარტიაზე გადანაწილდა. თუმცა, აქედან მმართველი პარტია, რომელმაც გაცილებით დიდი მხარდაჭერა მიიღო, არ ითვლება ისეთი ძლიერი პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიად, როგორც დანარჩენები. ეს კი, პირველ რიგში, რუსეთისადმი დამთმობი რიტორიკით არის განპირობებული.
ყველაზე არსებითი პროცესი კი არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის ორი პარტია - „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“, პრაქტიკულად დაიშალა, მესამეში - „ნაციონალურ მოძრაობაში“, პრობლემები გამოიკვეთა და მეოთხე ძალა, პაატა ბურჭულაძის კოალიცია, რომელიც არჩევნებამდე პროდასავლური ნიშნით გაერთიანდა, ფაქტობრივად, არჩევნებამდე უკვე დაშლილი იყო.
2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ივანიშვილი და მისი კოალიცია მოვიდა, შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით ორი მთავარი ხაზის გატარება დაანონსდა. პირველი ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის, განადგურებას და ამის შესახებ თავად ივანიშვილისა და შემდეგ უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ეს პარტია აღარ უნდა არსებობდეს. მეორე ხაზი კი, ისევ ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „შუის გაკაფვას“ ეხება.
ფრაზა „შუა უნდა გაიკაფოს“ თავიდანვე აღქმული იყო ისე, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერებს ღიად უნდა გაეკეთებინათ არჩევანი - ივანიშვილის მხარეს იყვნენ თუ საწინააღმდეგო ბანაკში და ვინც მკაფიოდ არ იტყოდა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ასევე, „მტრის ბანაკში“ მყოფად მოინათლებოდა.
იგივე შეეხო არასამთავრობო სექტორსაც, რომლის დანიშნულება საერთოდ არ არის პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვა და მათი ფუნქცია ხელისუფლების კონტროლია. მათ მიერ მთავრობის მიმართ ნებისმიერი კრიტიკული განცხადების გაკეთებისას არასამთავრობოები ივანიშვილის მხრიდან „ნაციონალების“ მხარდამჭერებად სახელდებოდნენ და შემდეგ ამას მმართველი გუნდიც იმეორებდა.
მაგრამ პროცესი ამით არ დასრულებულა და სამივე ძალის დაშლაში ივანიშვილის ფაქტორი ფიგურირებდა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბურჭულაძის კოალიციის დაშლის მიზეზი სწორედ ივანიშვილის ფაქტორი აღმოჩნდა - ბურჭულაძემ თქვა, რომ „გირჩს“ კოალიციიდან ივანიშვილთან კავშირის გამო აძევებდა, „გირჩელებმა“ კი იგივე ბრალდება ბურჭულაძეს წაუყენეს და მერე ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ბურჭულაძე მას ფულს სთხოვდა.
მართალია, ამ ბლოკში ცოტა ძნელი გასარკვევია, ვინ იყო დაკავშირებული ივანიშვილთან და ვინ - არა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბლოკის დაშლის მიზეზი ივანიშვილი გახდა და უფრო მეტიც.
ყველაზე მოულოდნელი კი არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესი აღმოჩნდა, როდესაც ჯერ „თავისუფალი დემოკრატები“ დაიშალნენ და გაირკვა, რომ პარტიის ლიდერმა პოსტი იმის გამო დატოვა, რომ მისი თანამებრძოლები ისევ „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს და ხელისუფლებაში თანამდებობებს ელოდებიან.
ხელისუფლებაში თანამდებობები და ივანიშვილის მხარდაჭერა გახდა „რესპუბლიკელების“ დაშლის მიზეზიც. პარტიიდან წასულებს დარჩენილები სწორედ ამას საყვედურობენ. ამ შემთხვევაში გაურკვეველია, პარტიიდან წასულებიც ისევე დასაქმდებიან ივანიშვილის გუნდის მიერ, როგორც ალასანიას თანამებრძოლები თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პარტიების დაშლაც ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება.
რაც მთავარია, ეს ორი პარტია ღიად პროდასავლურ ნიშას იკავებდა და 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას ივანიშვილის რჩეულები იყვნენ. 2 წელიწადში კი ალასანიამ და მისმა გუნდმა კოალიცია სწორედ იმის გამო დატოვეს, რომ, მათი თქმით, ივანიშვილის გუნდმა პროდასავლურ კურსს გადაუხვია.
თუმცა, ეს „რესპუბლიკელებმა“ ძალიან გვიან, რეალურად მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ისინი კოალიციაში, ფაქტობრივად, აღარ შეუშვეს. პარტიაში დარჩენილების მთავარი ბრალდება კი სწორედ ის არის, რომ უსუფაშვილს ივანიშვილთან ყოფნა გაუგრძელდა.
საინტერესოა ისიც, რომ, როგორც ახლა გაირკვა, რამდენიმე თვის წინ ივანიშვილი უსუფაშვილს, პარტიის დაშლის სანაცვლოდ, ახალ პარლამენტში სპიკერის თანამდებობას ჰპირდებოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან არასამთავრობო სექტორის მიმართ საყვედური გაისმა, რომ მათ საარჩევნო დარღვევები ადეკვატურად არ შეაფასეს და ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულნი იყვნენ. ბოლო დღეებში კი გაირკვა, რომ მესამე სექტორის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხელმძღვანელი საჯარო მოხელე გახდა და საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა.
ცხადია, ამ ორ საკითხს შორის პირდაპირი კავშირის დამტკიცება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორი თემა ერთმანეთს ემთხვევა და არავინ იცის, კიდევ როგორ გაგრძელდება და ვინ წავა მთავრობაში. აქ კი მეორე პრობლემა უკვე ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აქტიური და ცნობადი სახეების საჯარო სამსახურში წასვლა გარკვეულწილად ასუსტებს მესამე სექტორს და ესეც უკვე იმ ხაზის გაგრძელებაა, რასაც პროდასავლური ფრთის დასუსტება ჰქვია.
ცხადია, მმართველ პარტიას აწყობს მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში არც მისი ოპონენტი პარტიები არიან ძლიერები და არც მესამე სექტორი, რადგან ასეთ შემთხვევაში ძლიერი გამკონტროლებელი აღარ ეყოლება. მაგრამ საქართველოში პროდასავლური ძალების შესუსტება მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებში კი არა, პირველ რიგში, კრემლის ინტერესებში შედის და ამაზე რუსეთში უკვე გაკეთდა კიდეც განცხადება.
არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის აღმოჩენას რუსეთის სათათბირო კმაყოფილებით შეხვდა და თქვეს, რომ მათ გაუადვილდებათ საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობა.
ანალიტიკოსთა მხრიდან უკვე გაკეთდა არაერთი შეფასება, რომ პროდასავლური პარტიების დაშლა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს აფერხებს და ეს, პირველ რიგში, ქვეყნის განვითარებაზე აისახება. რუსეთის ინტერესში კი სწორედ ის არის, რომ საქართველოში, ისევე, როგორც იმ ქვეყნებში, რომელსაც საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, არ მოხდეს დემოკრატიზაცია, დასავლურ გზას არ ჰქონდეს შედეგი და ქვეყანა არ იყოს მიბმული დასავლეთზე.
ამისთვის მხოლოდ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში წლების განმავლობაში ატეხილი ისტერიკაც საკმარისია.
გარდა ამისა, საინტერესოა, რომ საქართველო ცალკეული შემთხვევა არ არის და რუსეთს იგივე პოლიტიკის განხორციელების მცდელობა აქვს პოსტსაბჭოთა სივრცისა და ყოფილი „აღმოსავლეთის ბლოკის“ ქვეყნებში.
ამ შემთხვევაში კონფლიქტებისა და ოკუპაციის საკითხს არ ვეხებით, რაც, ცხადია, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ე.წ. რბილი ძალის გამოყენებასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე გვაქვს საუბარი. მაგალითად, ამ დღეებში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც გამარჯვება პირველ ტურში ვერც ერთმა ძალამ ვერ მოახერხა. თუმცა, ყველაზე კარგი შედეგი პრორუსული ორიენტაციის იგორ დოდონის აქვს. მისი რიტორიკა კი ძალიან ჰგავს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ განცხადებებს. თუმცა, ის უფრო შორსაც მიდის და უკვე ღიად ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლდოვის ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს და რუსეთთან ურთიერთობას აღადგენს. მას წინასაარჩევნო პერიოდში ღიად ადანაშაულებდნენ რუსეთთან კავშირის გამო.
რუსეთს ადანაშაულებენ ბალკანეთშიც საარჩევნო არეულობის შეტანის მცდელობაში, რათა იქ საკუთარი ინტერესები გაატაროს.
ეს ფაქტები და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენები კი მთლიანობაში ქმნის სურათს, რომ რუსეთი კონკრეტულ ქვეყნებში ყველანაირი საშუალებით მხარს უჭერს ან რაიმე ფორმით აქვს გავლენა, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ მისთვის სასურველი ძალები, რომლებიც პროდასავლურ ძალებს დაასუსტებენ, დაშლიან, გააქრობენ, რასაც უკვე სხვა პროცესები მოჰყვება და, საბოლოო ჯამში, ქვეყანა პროდასავლურ კურსს ჩამოშორდება. ამ კურსისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ქვეყანა კი ძალიან მარტივად მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პროდასავლური ძალების დასუსტებაში რუსეთის ინტერესებზე განცხადებები უკვე კეთდება. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი თითქოს გეგმის ნაწილი ხდება“. ის ვარაუდობს, რომ მოქმედებს დასავლეთის საწინააღმდეგო ძალა, რომელსაც ხელეწიფება ასეთი რყევების განხორციელება პოლიტიკურ სპექტრში იმისთვის, რომ პროდასავლური ძალები განიდევნონ პოლიტიკიდან.
„გეგმაზომიერად, თითქოს ერთი გეგმის ნაწილად ხდება სწორედ პროდასავლური პოლიტიკური კურსის მქონე ძალების დასუსტება, რაც გამოიხატება წევრების მიერ ამ ძალების დატოვებაში, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული რყევებია და ეს ხდება სწორედ პროდასავლურ ძალებში და არა სხვა ძალებში.
ამას ებმის ის გარემოებაც, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ პროდასავლური ძალები, მაგრამ პირველად დამოუკიდებლობის განმავლობაში შევიდნენ აშკარად არადასავლეთზე ორიენტირებული ძალები, ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს“ და გარდა ამისა, ამ მაჟორიტარულ არჩევნებზე მეორე ტურში გაიმარჯვა ერთადერთმა არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა და ისიც „მრეწველებიდან“.
ეს ტენდენცია მაფიქრებინებს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული საფრთხე, რომ ხომ არ მოქმედებს დასავლეთის საწინააღმდეგო ძალა, რომელსაც ხელეწიფება ასეთი რყევების განხორციელება პოლიტიკურ სპექტრში იმისთვის, რომ პროდასავლური ძალები განიდევნონ პოლიტიკიდან და რეალურად ამ ძალას აქვს ამის მატერიალური რესურსი“, - განაცხადა შავგულიძემ.
ამ საფრთხეზე საუბრობს პრეზიდენტიც, რომლის მოსაზრებაც რამდენიმე დღის წინ მისმა სპიკერმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა:
„პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს განაცხადა და იმედიც გამოთქვა, რომ ქვეყანას ეყოლებოდა მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო. სამწუხაროდ, პარლამენტში არ არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგი განპირობებულია იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც დღეს გვაქვს, რომლის შეცვლაზეც ძალისხმევა არ დაუკლია საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მიუხედავად მისი მცდელობისა, ეს სისტემა არ და ვერ შეიცვალა. რაც შეეხება კითხვას პროდასავლურ პარტიებზე, ასეთ მოცემულობაში პარტიების დაშლა და დასუსტება, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არის სავალალო და სამწუხარო“.