წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გაგრძელდა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა: „ეს არ არის კანონის დეკრიმინალიზაცია. ეს არის სანქციის მოდიფიცირება და სასჯელის ლიბერალიზაცია. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რჩება“.
ქეთევან ციხელაშვილმა ამ განცხადებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი გაბაშვილის კითხვას უპასუხა, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა კანონის დეკრიმინალიზაცია. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ უმცირესობის წევრს განუმარტა, რომ შესატანი ცვლილებები დეკრიმინალიზაციას არ გულისხმობს.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, შეესაბამება თუ არა ქეთევან ციხელაშვილის განცხადება სიმართლეს.
ჩვენ ჯერ შევეცადეთ განგვემარტა თუ რა იგულისხმება თავად "დეკრიმინალიზაციაში". ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის მოხსენებაში ევროპაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით, განმარტებულია დეკრიმინალიზაციის ცნება, რომლის თანახმადაც, დეკრიმინალიზაციით ქმედება კრიმინალურ დანაშაულს აღარ მიეკუთვნება. ასევე, საინტერესოა ევროპის საბჭოს 2007 წელს მიღებული რეზოლუცია 1577ცილისწამების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. რეზოლუცია მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს მოეხსნათ სისხლის საამრთლებრივი სანქცია ცილისწამებისთვის. ამასთანავე, საინტერესოა, როგორ განმარტავენ დეკრიმინალიზაციის ცნებას საქართველოში. „თუ კანონი ქმედების დანაშაულებრიობას და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად აუქმებს, სახეზე გვაქვს კანონის დეკრიმინალიზაცია“ - წერს სამართლის დოქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი მერაბ ტურავა წიგნში „სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“. როგორც ვხედავთ, ყველა მითითებული წყარო დეკრიმინალიზაციას განმარტავს როგორც ქმედების სისხლის სამართლებრივი დანაშაულებრიობის გაუქმებას.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პირველ ჯერზე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა (400 ლარი). მსგავსი ქმედების მეორე ჯერზე განხორციელების შემთხვევაში კი რჩება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესატანი ცვლილებით, სისხლის სამართლის კოდექსიდან არ ქრება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ცნება. ქმედება კვლავ რჩება დანაშაულებრივად, თუმცა მხოლოდ მისი მეორედ ჩადენის შემთხვევაში. ვინაიდან მსგავსი დანაშაული კვლავ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში, იგი არ იქნება დეკრიმინალიზებული. მართალია, 322-ე პრიმა მუხლის მოქმედების სფერო ვიწროვდება და მას აკლდება ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი (დანაშაულის პირველივე ჯერზე ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა), თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის დანაშაული კვლავ რჩება სისხლის სამართლის კოდექსში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რჩება. ამრიგად, მთლიანად დანაშაულის დეკრიმინალიზაცია არ ხდება.
მიუხედავად ამისა, საპარლამენტო დებატები მიმდინარეობდა არა მთლიანად დანაშაულის, არამედ უკანონოდ საზღვრის პირველი კვეთის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მსგავსი ქმედება დაისჯება ადმინისტრაციული წესით. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ქრება პირველი სამართალდარღვევისთვის. როგორც ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან ვარკვევთ, დეკრიმინალიზაცია გულისხმობს ქმედების დანაშაულებრიობის გაუქმებას. დანაშაულებრივი ქმედებები კი მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსშია მოცემული. კანონპროექტის მიხედვით, საზღვრის პირველადი კვეთა იქნება არა დანაშაულებრივი ქმედება, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ ხდება საზღვრის პირველადი კვეთის დეკრიმინალიზაცია.
დასკვნასისხლის სამართლის კოდექსში კვლავ რჩება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის. სწორედ ამიტომ, ინიცირებული კანონპროექტი არ ახდენს დანაშაულის მთლიანად დეკრიმინალიზაციას. მიუხედავად ამისა, კონტექსტის გათვალისწინებით, დებატები ეხებოდა საზღვრის პირველად კვეთას. დეკრიმინალიზაციის განმარტების თანახმად, ახალი კანონპროექტი გულისხმობს პირველადი კვეთის დეკრიმინალიზაციას.
შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ ქეთევან ციხელაშვილის განცხადება: „ეს არ არის კანონის დეკრიმინალიზაცია. ეს არის სანქციის მოდიფიცირება და სასჯელის ლიბერალიზაცია. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რჩება“, არის მეტწილად მცდარი.