ქვეყანაში, რომელსაც ნატო-ს წევრობას მხოლოდ ფორმალური პროცედურები აშორებს, კრემლი შეიარაღებულ გადატრიალებას გეგმავდა, რომელიც, დიდი ალბათობით, მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლიდა. ეს თითქოსდა დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ამ დღეებში გახმაურდა, არაერთმა წყარომ დაადასტურა.

მონტენეგროში - ევროპის ყველაზე ახალგაზრდა დამოუკიდებელ ქვეყანაში, 16 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციამ სერბეთის მოქალაქეთა ჯგუფის დაკავების შესახებ განაცხადა. დაკავებულებს ბრალად წაუყენეს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა. დაკავებულთა შორის 2009-2013 წლებში სერბეთის ჟანდარმერიის შეფი ბრატისლავ დიკიჩი აღმოჩნდა, ორგანიზატორთა შორის კი პროკურატურამ სერბული რადიკალური ორგანიზაცია „სერბეთის მგლების“ ლიდერი ალექსანდრ სინჯელიჩი დაასახელა.

პროკურატურის ცნობით, გადატრიალებაში რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფს უნდა მიეღო მონაწილეობა, რომლებსაც მონტენეგროს პოლიციის ფორმა უნდა ჩაეცვათ, არჩევნების დღის საღამოს პარლამენტის შენობა დაეკავებინათ და იქიდან ოპოზიციონერი მომიტინგეებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ამის შემდეგ შეთქმულებს ქვეყნის პრემიერი და მთავრობის წევრები უნდა დაეპატიმრებინათ, არჩევნებში გამარჯვებულად კი ოპოზიციური პარტიები გამოეცხადებინათ, რომლებიც რუსეთის ღია მხარდაჭერით სარგებლობენ. ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებების სერია მეზობელი სერბეთის სამართალდამცველებმაც განახორციელეს, საიდანაც, გამოძიების ვერსიით, გადატრიალების მცდელობა იმართებოდა.

რუსეთის როლი არშემდგარ შეთქმულებაში 27 ოქტომბერს სერბულმა გამოცემა „დანასმა“ დაადასტურა - მისი ცნობით, ბელგრადში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მოულოდნელი ვიზიტი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. მისი პირით კრემლმა სერბეთს მოუბოდიშა მეზობელ ქვეყანაში გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში სერბეთის მოქალაქეთა მონაწილეობის გამო. სერბული წყაროების ცნობით, ქვეყნიდან რუსეთის რამდენიმე მოქალაქის დეპორტაციაც მოხდა, რომლებიც მონტენეგროში შეთქმულების მომზადებაში იყვნენ ჩართულები.

28 ოქტომბერს კი ცნობა მოსკოვსა და ბელგრადს შორის „უპრეცედენტო სკანდალის“ შესახებ რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ დაადასტურა. სერბეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ბელგრადში პატრუშევის მოლაპარაკებების თემა მონტენეგროში წარუმატებელი გადატრიალება და მის გამოძიებაში სერბეთის ჩართულობა იყო.

სერბეთის პრემიერმა ალექსანდრ ვუიჩიჩმა კი განაცხადა, რომ არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ სერბეთში დაკავებული პირები მონტენეგროს პრემიერის რეზიდენციასა და მის გადაადგილებას ადევნებდნენ თვალყურს და ამისთვის თანამედროვე აღჭურვილობას იყენებდნენ. მისი თქმით, დაკავებულების უკან „ძალიან სერიოზული ადამიანები იდგნენ“. სერბეთის პრემიერმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ „ის ადამიანები, რომლებსაც ეგონათ, რომ სერბეთი ამ დანაშაულში რაიმენაირად მიიღებდა მონაწილეობას, ძალიან ცდებოდნენ“.

საბოლოოდ, სკანდალი მოსკოვსა და ბელგრადს შორის ზედმეტი ხმაურის გარეშე „ჩაიფარცხა“. თუმცა, ბელგრადის რეაქციამ მონტენეგროს რუსულ ავანტიურაზე დაადასტურა, რომ სერბეთს, რომელიც რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეა, იმავდროულად მოსკოვის ისეთ გეგმებში მონაწილეობა არ სურს, რომლებმაც შესაძლოა, ევროკავშირთან მის ურთიერთობას შეუშალოს ხელი, რადგან ევროპული ინტეგრაცია სერბეთის დეკლარირებული მიზანია.

მონტენეგრომ, რომლის მოსახლეობაც 620 ათას ადამიანს შეადგენს, დამოუკიდებლობა სერბეთისა და მონტენეგროს ფედერაციული რესპუბლიკისგან 2006 წლის 3 ივნისს, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა. მაშინ ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 55%-მა დაუჭირა მხარი. ახალმა სახელმწიფომ კურსი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე აიღო.

ქვეყნის მოსახლეობა ეთნიკურად საკმაოდ ჭრელია - მონტენეგროელები 45% არიან, 28% კი წარმოშობით სერბია. დაახლოებთ 7%-ს - ბოსნიელები, 5%-ს კი ალბანელები შეადგენენ. მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, თანაც უდიდესი ნაწილი სერბეთის საპატრიარქოს მრევლია.

მიმდინარე წლის მაისში ხელი მოეწერა ოქმს მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ფორმალური პროცედურების, მათ შორის წევრი ქვეყნების მიერ ამ გადაწყვეტილების რატიფიცირების დასრულება მომავალი წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ქვეყანა ნატო-ს 29-ე წევრი ოფიციალურად გახდება.

თუმცა, ნატო-ს წევრობის თაობაზე ბოლო წლებში ქვეყნის მოქალაქეების აზრი გაყოფილი იყო. 2010 წელს ალიანსში გაწევრიანებას 54% მხარს არ უჭერდა. რამდენიმე წელიწადში ნატო-ს წევრობის მხარდაჭერა უმნიშვნელოდ გაიზარდა - ამ გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 50,5% უჭერდა მხარს, წინააღმდეგი კი 49,5% იყო.

როგორც ჩანს, სწორედ საზოგადოებრივი აზრის ასეთმა გაყოფამ მისცა სტიმული კრემლს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესაცვლელად რადიკალური ზომები მიეღო. მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ მოსკოვი საჯაროდ არაერთხელ გამოსულა. განსაკუთრებით კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2014 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ დაიძაბა. მაშინ მონტენეგრო, სერბეთისგან განსხვავებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, რასაც მოსკოვის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. გასული წლის ოქტომბერში მონტენეგროს პრემიერმა მილო ჯუკანოვიჩმა რუსეთი ქვეყანაში ნატო-ს საწინააღმდეგო პროტესტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

რუსეთიდან მართული შეთქმულების გამოაშკარავებას ნატო-ს მომავალ წევრ ქვეყანაში არც აშშ-ის, არც ალიანსის სხვა წევრების მხრიდან რუსეთის მისამართით რაიმე საჯარო მწვავე რეაგირება არ მოჰყოლია. თუმცა, დიდი ალბათობით, მისი აღკვეთა დასავლური სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად მოხდა. უკრაინულ წყაროებში კი გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ შეთქმულების გახსნაში დასავლეთის სპეცსამსახურებს უკრაინელი კოლეგები დაეხმარნენ, რომლებმაც მათ შეთქმულების იმ მონაწილეთა მონაცემები გადასცეს, რომლებიც მანამდე უკრაინაში პრორუს სეპარატისტთა მხარეს იბრძოდნენ.

მონტენეგროს ამბავი მოწმობს, რომ მოსაზრება, თითქოს რუსული აგრესია „ჰიბრიდული ომის“ მეთოდების გამოყენებით მხოლოდ უკრაინით ან პოსტსაბჭოთა სივრცით შემოიფარგლება, მცდარია. სითავხედე და გაბედულება, რომლითაც კრემლი საკუთარი საზღვრებიდან შორს, ბალკანეთში, ფაქტობრივად, ნატო-ს წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევას შეეცადა, არ ტოვებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხეს მოსკოვისგან ევროპის სხვა ქვეყნებიც უნდა ელოდნენ, სადაც კი კრემლი საკუთარ შელახულ ინტერესებს დაინახავს. განსაკუთრებით ეს ბალტიის ქვეყნებს ეხება.

ეს ვითარება საშიშია იმის გათვალისწინებითაც, რომ დღეს სირიაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო დასავლეთი მოსკოვთან ურთიერთობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს.

აღნიშნული მოვლენები იმის მკაფიო დასტურია, რამდენად მოწყვლადია საქართველო და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთის აგრესიული გეგმების წინაშე - თუ კრემლი შეიარაღებულ გადატრიალებას მისი საზღვრებიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, ნატო-ს მომავალ წევრ ქვეყანაში აწყობდა, სურვილის შემთხვევაში რატომ ვერ დაგეგმავს ანალოგიურ სპეცოპერაციას უშუალო სამეზობლოში, თუნდაც საქართველოში? მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდისა და რუსეთის გავლენის აგენტების მიმართ სრული ტოლერანტობის პოლიტიკას ატარებს, უშიშროებისა და კონტრდაზვერვის სამსახურების ეფექტურობა დიდ ეჭვებს იწვევს, საგარეო პოლიტიკა კი პასიური და ხშირად ბუნდოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5426 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი