იტვირთება

ბიზნესის კეთების ინდექსის ახალი ანგარიშის (Doing Business 2017) მიხედვით, საქართველომ 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნულ წინსვლასთან დაკავშირებით, 27 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა,

რომ „დღეს საქართველო 190 ქვეყანაში 10 ტოპ რეფორმატორთა სიაშია და ასევე რეგიონის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა“.

ფაქტ-მეტრმა ბიზნესის კეთების ინდექსში საქართველოს პოზიციის ცვლილების მიზეზები შეისწავლა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს აღწერს და იძლევა ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყანაშია ბიზნესის კეთება ყველაზე იოლი. აღნიშნულ რეიტინგში 2012 წელს საქართველო მე-9, ხოლო 2013 წელს მე-8 (რეალურად ასახავდა 2012-2013 წლების მდგომარეობას) ადგილს იკავებდა. მომდევნო წლებში რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგია შეიცვალა. მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, 2014 წელს საქართველომ მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო 2015 წელს 23-ე ადგილზე, რაზეც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

რთულია იმის თქმა, მეთოდოლოგია რომ არ შეცვლილიყო, 2014-2015 წლებში საქართველო რომელ პოზიციაზე იქნებოდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ (მსოფლიო ბანკის ანგარიშებით) 2013 წელს მხოლოდ 1 რეფორმა განხორციელდა, 2014-ში არც ერთი და 2015-ში - 2, საქართველოს მე-9 ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებოდა.

ცხრილი 1:

 ბიზნესის კეთების სიმარტივის ხელშემწყობი რეფორმების რაოდენობა საქართველოში

წლები რეფორმების რაოდენობა
2007 6
2008 4
2009 2
2010 4
2011 4
2012 6
2013 1
2014 0
2015 2
2016 5

Doing Business 2017 ანგარიშის (რეალურად 2015-2016 წლების მდგომარეობას ასახავს) თანახმად, საქართველომ ბიზნესის ხელშემწყობი 5 რეფორმა (ცხრილი 2) გაატარა და რეფორმების რაოდენობით ინდექსში შემავალ 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა. რეფორმების რაოდენობით ჩვენს რეგიონში (ევროპა და ცენტრალური აზია) საქართველოს მხოლოდ ყაზახეთმა აჯობა, რომელმაც 8 რეფორმა გაატარა.

ცხრილი 2:

 ბიზნესის კეთების სიმარტივის ხელშემწყობი რეფორმების რაოდენობა საქართველოში

ინდექსის კრიტერიუმები გატარებული რეფორმები
ელექტროენერგიის მიწოდება სავალდებულო გახდა მომხმარებლების ინფორმირება ელექტროენერგიის გეგმიურ გათიშვებთან დაკავშრებით. გათიშვების საშუალო წლიური მონაცემების გაუარესებაზე მიმწოდებლებზე ჯარიმა დაწესდა
ქონების რეგისტრაცია მიწების რუკაზე დატანის გაფართოებით მიწის ფონდის ადმინისტრირების ხარისხი გაუმჯობესდა
მცირე წილის მქონე ინვესტორების დაცვა აქციონერთა უფლებების გაძლიერებით მცირე წილის მქონე ინვესტორების დაცვის დონე გაუმჯობესდა
გადასახადების გადახდა გამარტივდა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნების დოკუმენტაცია, მათ შორის ელექტრონული სისტემის გაუმჯობესებით
საზღვარზე (საგარეო) ვაჭრობა დაინერგა ექსპორტის და იმპორტის დოკუმენტების შევსების ელექტრონული სისტემა

რეფორმების შედეგად საქართველომ ყველაზე მეტ წინსვლას (23 ადგილით) ელექტროენერგიის მიწოდების კრიტერიუმში მიაღწია. შემდეგ მოდის ინვესტორთ დაცვა და გადასახადების გადახადა 15 და 13 ადგილით. უკანსვლა მხოლოდ ერთ კრიტერიუმში - ბიზნესის დახურვაში 5 ადგილით გვაქვს.

ცხრილი 3:

 საქართველოს პოზიციის ცვლილება ინდექსის კრიტერიუმების მიხედვით

წელი 2015 2016 ცვლილება
საქართველოს რეიტინგი 23 16 +7
ბიზნესის დაწყება 10 8 +2
სამშენებლო ნებართვების აღება 9 8 +1
ელექტროენერგიის მიწოდება 65 39 +26
ქონების რეგისტრაცია 3 3 -
კრედიტზე ხელმისაწვდომობა 7 7 -
მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა 22 7 +15
გადასახადების გადახდა 35 22 +13
საგარეო ვაჭრობა 62 54 +8
კონტრაქტის პირობების აღსრულება 17 16 +1
ბიზნესის დახურვა 106 101 -5

ბიზნესის კეთების რეიტინგში წინსვლას და თავად ამ რეიტინგის მნიშვნლოვნებას მთავრობის წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ეს მიუთითებს სწორ ეკონომიკურ მიმართულებაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. თუმცა, მათ ამ საკითხისადმი სულ სხვა მიდგომა ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ (როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში მე-9 ადგილზე ვიყავით) და თვლიდნენ, რომ რეიტინგები არ არის რეალობის მაჩვენებელი და მათ არ უნდა ვენდოთ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.   დასკვნა

Doing Business 2017 ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ბიზნესის კეთების გასამარტივებლად საქართველომ 5 რეფორმა გაატარა და რეფორმების რაოდენობით 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. რეფორმების შედეგად, რეიტინგში საქართველომ 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ჩვენს რეგიონში მე-3 ადგილზე ვართ მაკედონიასა და ლატვიის შემდეგ.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს უკეთესი პოზიცია (მე-9 და მე-8 ადგილი) 2012-2013 წლებში ეკავა, თუმცა შემდეგ რეიტინგის შედგენის მეთოდოლოგია შეიცვალა და არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მეთოდოლოგიის ცვლილება, დღეს რა პოზიციაზე ვიქნებოდით.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3489 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი