გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ბადრი ბასიშვილმა, საკუთარ Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეორგოლში განაცხადა, რომ „სოფელ თერგვისში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო. სტადიონი, სადაც უნდა იყოს მწვანე საფარი, არის მოხრეშილი. ამ სტადიონის მშენებლობა "ქართულ ოცნებას" დაუჯდა ათიათასობით ლარი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
2014 წლის 20 მარტს, საქართველოს მთავრობის N 471 განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის 49 951 407 ლარი გამოიყო. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე გორის მუნიპალიტეტის გამგეობამ 52 748 ლარი მიიღო და მუნიციპალიტეტის სოფლებში, სხვადასხვა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩასატარებლად, მათ შორის სოფელ თერგვისში მინი-სტადიონის მშენებლობისთვის, ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში შ.პ.ს. „აგროტერმინალმა“ გაიმარჯვა. კომპანიასა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2014 წლის 25 დეკემბერს ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამუშაოები (მინი-სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაცია) მეორე დღეს, 26 დეკემბერს უნდა დაეწყო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 2015 წლის 31 იანვრამდე განისაზღვრა.შ.პ.ს „აგროტერმინალის“ მიერ ჩასატარებელ სამუშაოებში იმ სტადიონის მშენებლობაც შედიოდა, რომელზეც ბადრი ბასიშვილი საუბრობს. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (52 748 ლარი) უშუალოდ თერგვისის სტადიონის მოწყობისთვის 7 668 ლარი გამოიყო. აქედან 1 000 ლარით ფიზიკური პირისგან მინი-სტადიონისთვის მიწის შესყიდვა მოხდა, დარჩენილი თანხით კი ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელზე არ აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ 2014 წელს, აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ შემოწმების შედეგად, ზოგიერთ პროექტში რიგი დარღვევები აღმოჩნდა, რის გამოც დოკუმენტაცია პროკურატურას გადაეცა. "წაღებულ დოკუმენტთა შორის ერთ-ერთი სწორედ თერგვისის სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი იყო. არ ვიცი კონკრეტულად რა დარღვევები აღმოჩნდა და არც ის ვიცი გამოძიება რა ეტაპზეა, რადგან ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხვაზე არავინ დაუბარებიათ", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ვაჟა გოგიაშვილმა.
თერგვისის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 2015 წლის 31 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, სატენდერო დოკუმენტაციის გარეშე იმის ზუსტად დადგენა, რა სამუშაოები შეასრულა კომპანიამ აღნიშნულ ვადაში, შეუძლებელია. მაგრამ ფაქტია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ დასრულებულა. 2015 წლის 14 მარტს სოფელ თერგვისში მოსახლეობამ საერთო კრებაზე „სოფლის დახმარების პროგრამით“ გამოყოფილი თანხით (9 230 ლარი) მინი-სტადიონის გაკეთება ხელახლა მოითხოვა. 2015 წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლებში - თერგვისი, შერთული, მარანა, შავშვები, შავშვების დევნილთა ჩასახლება და ზემო სობისი - სამშენებლო-სამონტაჟო სამუშოების შესრულების მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა (განცხადების ნომერი SPA 150027604). მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - შპს „გ.ა. ჯგუფმა“ მიიღო. იმავე წლის 11 ნოემბერს აღნიშნულ კომპანიასა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც, ასათვისებელი თანხიდან (75 730 ლარი) უშუალოდ სოფელ თერგვისში მინი-მოედნის შეღობვისთვის 7 714 ლარი იყო გათვალისწინებული. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით შპს „გ.ა. ჯგუფმა“ სტადიონის შეღობვის სამუშაოები განახორციელა. დარჩენილი სამუშაოების შესრულება კი მომდევნო, 2016 წლისთვის გადაიდო. 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სოფელ თერგვისისთვის თანხა (7 675 ლარი) კვლავ გამოიყო. მიმდინარე წლის 25 თებერვალს თერგვისში, მორიგ კრებაზე, ადგილობრივებმა კეთილმოწყობილი სპორტული მოედნის მშენებლობა კიდევ ერთხელ მოითხოვეს, შესაბამისად, აღნიშნული თანხა სწორედ ამ მიმართულებით გადანაწილდა. მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი SPA 160019964) გამოაცხადა, სადაც ერთადერთმა პრეტენდენტმა, კომპანია შპს „ალონისმა“ გაიმარჯვა და 9 აგვისტოს შემსყიდველთან ხელშეკრულებაც გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თერგვისი, თედოწმინდა, შინდისი, საქაშეთი, მარანა, პატარა ხურვალეთი, ხელთუბანი და მეჯვრისხევი - პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ვალდებულება აიღო. 2016 წელს პროექტისთვის გათვალისწინებული თანხიდან (105 006 ლარი) უშუალოდ თერგვისის მინი-სტადიონის სამშენებლო სამუშაოებისთვის (ბოძების მოწყობა, ღობის უჯრედის უჟანგავი მავთულბადით მოწყობა, ბოძების და კუთხოვანას ანტიკოროზიული საღებავით ორ ფენად შეღებვა, ტერიტორიის მექანიზმით მოსწორება, ჰუმუსის ფენის მოწყობა საშუალო სისქით 15 სმ) 7 482 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები შპს „ალონისმა“ 90 დღიან სამუშაო ვადაში უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების ნაწილი, რომლებიც მიმდინარე წლის პროექტშია გაწერილი, 2015 წელს კომპანია „გ.ა. ჯგუფს“ უნდა შეესრულებინა.გორის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ შპს „ალონისმა“ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უკვე დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე მინი-სტადიონის მშენებლობა დასრულდება.
დასკვნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მინი-სტადიონის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 7 668 ლარი გამოიყო. გამგეობასა და კომპანია „აგროტერმინალს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახად, მიმწოდებელს სამუშაოები 2015 წლის 31 იანვრამდე უნდა დაესრულებინა. თუმცა, დოკუმენტაცია კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ გამგეობას არ გააჩნია, იმის გამო, რომ ის პროკურატურამ გამოითხოვა.
ფაქტია, რომ 2014 წლის დეკემბერში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შესრულდა. ამიტომ მომდევნო წელს მოსახლეობამ „სოფლის დახმარების პროგრამით“ გამოყოფილი თანხით ისევ მინი-სტადიონის გაკეთება მოითხოვა. 2015 წლის ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „გ.ა. ჯგუფმა“ გაიმარჯვა. ამჯერად პროექტისთვის 7 714 ლარი გამოიყო, რითაც სტადიონის შეღობვის სამუშაოები განხორციელდა. დარჩენილი სამუშაოების შესრულება კი მომდევნო წლისთვის გადაიდო.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტენდერი სტადიონის მოწყობისთვის მიმდინარე წელსაც გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პროექტისთვის 7 482 ლარია გამოყოფილი და ხელშეკრულების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ - შპს „ალონისმა“ სამუშაოები 90 დღიან სამუშაო ვადაში (9 ნოემბრამდე) უნდა დაასრულოს. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პროექტში გაწერილი ზოგიერთი სამუშაო 2015 წელს კომპანია „გ.ა. ჯგუფს“ უნდა შეესრულებინა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მინი-სტადიონის მშენებლობისთვის 2014 და 2015 წლებში 15 382 ლარი უკვე დაიხარჯა. მიმდინარე წელს კი, პროექტის განსახორციელებლად კიდევ 7 482 ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ორი წლის განმავლობაში მინი-სტადიონის მშენებლობის დასრულება ვერ მოხერხდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბადრი ბასიშვილის განცხადება არის სიმართლე.