რომ „ცემენტის მტვრის გამო, ყველაზე მეტი სიმსივნით დაავადებული ადამიანი კასპშია“. კასპში ყველაზე მსხვილი ცემენტის ქარხანა გერმანულ კომპანიას "ჰაიდელბერგცემენტს" ეკუთვნის. განცხადების ავტორის თქმით, „გარემოს ყველაზე მეტად სწორედ "ჰაიდელბერგცემენტი" აბინძურებს“.
ფაქტ-მეტრი მიხეილ ბექაურის განცხადებს სიზუსტით დაინტერესდა.
კასპის ცემენტის ქარხანა „საქცემენტი“, რომელზეც ბექაური საუბრობს, ექსპლუატაციაში 1958 წელს შევიდა, 2007 წლიდან დღემდე კი კომპანია „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ საკუთრებაშია. აღნიშნული ქარხანა ამჟამად წარმოების სველი მეთოდით მუშაობს (საწვავად ადგილობრივი ნახშირი გამოიყენება) და მისი საქმიანობა ცემენტის წარმოების სრული ციკლით განისაზღვრება (კირქვის მოპოვება, დამსხვრევა, ნედლეულის ნარევისა და საწვავის მომზადება, კლინკერის გამოწვა, ცემენტის დაფქვა და მისი გადატვირთვა როგორც ნაყარი, ასევე შეფუთული სახით).
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად აკმაყოფილებს ქარხანა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონის მოთხოვნებს, ქარხანაში აყენია თუ არა გარემოს დაბინძურების საწინააღდმეგო ფილტრები და ა.შ. „ჰაიდელბერგცემენტის“ ინფორმაციით, 2007 წლიდან ქარხანაში დამტვერიანების ყველა კერასთან სახელოებიანი ფილტრებია დამონტაჟებული. მისი ექსპლუატაციის ვადა მოწყობილობის ეფექტურობის კოეფიციენტზეა დამოკიდებული. „ჰაიდელბერგცემენტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ნინო ტყემალაძის განცხადებით, „კომპანიას გარემოსდაცვითი ნებართვა მიღებული აქვს და მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მოთხოვნა დაიცვას.როგორც ფაქტ-მეტრს გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მამუკა ჟორჟოლაძემ განუცხადა, „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ 2016 წლის დასაწყისში შემოწმდა, რაც ძირითადად კომპანიის მიერ კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობისა და სანებართვო პირობების დაცვის გადამოწმებას გულისხმობდა. „შემოწმების შედეგად ძირითადად ტექნოლოგიური დარღვევები გამოვლინდა, რისთვისაც სასამართლომ ქარხანას ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. რაც შეეხება დაბინძურების ხარისხს, ამის დასადგენად შესაბამისმა სამსახურმა როგორც ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ ატმოსფერული ჰაერის სინჯები აიღო და დადგინდა, რომ შენობის გარეთ მავნე ნივთიერებების გადაჭარბება არ ყოფილა. გადაჭარბება იყო უშუალოდ ქარხნის შიგნით, რაზეც საწარმო დაჯარიმდა“, - განაცხადა ჟორჟოლაძემ.
იმის დასადგენად, თუ რამდენი სიმსივნით დაავადებული ადამიანია ცალკეულ მუნიციპალიტეტში, ფაქტ-მეტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. თუმცა, ამის ზუსტად დადგენა ამ ეტაპზე შეულძებელი აღმოჩნდა. „ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ონკოლოგიურ ავადმყოფთა დისპანსერული აღრიცხვიანობის სისტემა მოიშალა და ონკოლოგიური პაციენტების ოჯახის ექიმებთან მეთვალყურეობაზე გადაცემა მოხდა, რამაც ავთვისებიანი სიმსივნეების რეგისტრაცის გართულება და გავრცელების რეალური სურათის დამახინჯება გამოიწვია. 2015 წლის 1 იანვრიდან კიბოს პოპულაციური რეგისტრი დაინერგა. თუმცა, კიბოს გავრცელების შესახებ კუმულაციური მონაცემების შეგროვებას და საერთო რაოდენობის შეჯამებას კიბოს რეგისტრის ამოქმედებიდან მინიმუმ 3-5 წლიანი დროის პერიოდი სჭირდება,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა მერი დეკანოზიშვილმა.
კიბოს პოპულაციური რეგისტრის გასული წლის მონაცემებით, კასპის მუნიციპალიტეტიდან ონკოლოგიურ დაავადებათა 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც კასპის მოსახლეობის (საქსტატის 2015 წლის მონაცემებით, დაახლოებით 43 700) 0.064%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ 1 000 კაცზე დაავადების მიმართვიანობა 0.64-ია. ფაქტ-მეტრმა აღნიშნული მონაცემები შიდა ქართლის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს (გორი, ქარელი, ხაშური) შეადარა. გორის მუნიციპალიტეტში დაავადების მიმართვიანობა 1 000 კაცზე 1.64, ქარელის მუნიციპალიტეტში 0.04 და ხაშურის მუნიციპალიტეტში 0.20-ია. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ონკოლოგიურად დაავადებული (1 000 კაცზე 1.64) არა კასპის, არამედ გორის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება (იხ. ბმული).ჩვენ წინა წლების სტატისტიკითაც დავინტერესდით. თუმცა, 2013 წლის ონკოლოგიურ დაავადებათა სტატისტიკურ მონაცემებში კასპის მუნიციპალიტეტის შედეგები არ იძებნება, ხოლო 2014 წელს, კასპის მუნიციპალიტეტში ონკოლოგიურად დაავადებულთა 40 (მოსახლეობის 0.76%) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვინაიდან მონაცემთა დათვლის პოპულაციური მეთოდი 2015 წლიდან გამოიყენება, წინა წლების სტატისტიკა ნაკლებად სარწმუნოა.
როგორც ფაქტ-მეტრს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ განუცხადა, გარემოს დაბინძურების კუთხით კასპი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა განმარტა, რომ „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის და მცირე ცემენტის ქარხნების გარდა, კასპში ბევრი სხვა გარემოს დამაბინძურებელი წყაროა. „კასპი სერიოზულად არის დაბინძურებული ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო და ტოქსიკური ნარჩენებით, ეს ყველაფერი კი მდინარეშია დაგროვილი. შემდეგ ამ წყალს იყენებენ მოსარწყავად, სოფლის მეურნეობის მოსავლელად და თავისდაუნებურად ეს მავნე ნივთიერებები საკვებში ხვდება. სწორედ ეს ყველაფერი ერთად აღებული იწვევს დაავადებებს, მათ შორის ონკოლოგიურსაც, შესაბამისად, იმის დანამდვილებით თქმა ან უარყოფა, რომ ონკოლოგიურ დაავადებებს მხოლოდ ცემენტის მტვერი იწვევს, ან პირიქით, არავის შეუძლია“, - აღნშინა ჩხობაძემ.
მისი თქმით, „გარემოს დაბინძურების მხოლოდ ერთი კომპანიისთვის გადაბრალება შეცდომა იქნება, რადგან 2006 წლამდე [ვიდრე ქარხანას "ჰაიდელბერგცემენტი" იყიდიდა] ქარხანა გარემოს კატასტროფულად აბინძურებდა. დღეს კი, „ჰაიდელბერგეცემენტი“ ცდილობს, დაიცვას ის სტანდარტები, რომლებიც გარემოსდაცვით მოთხოვნებშია გაწერილი. გარდა ამისა, „ჰაიდელბერგის“ გარდა აქ არის წვრილ-წვრილი ქარხნები, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებს არ ითვალისწინებენ“.
ჩხობაძემ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თავად კანონი კომპანიებს გარემოს დაცვის იმ სტანდარტებს არ სთხოვს, რომლებიც აუცილებელია. მისი თქმით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოთხოვნები ევროპაში დაწესებულ სტანდარტს ბევრად ჩამორჩება და გარემოს დაბინძურებისგან მაქსიმალურ დაზღვევასაც სწორედ კანონის გამკაცრებაში ხედავს.
დასკვნა
როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული უკანასკნელი შემოწმების შედეგად, მავნე ნივთიერებების გადაჭარბება ქარხნის გარეთ არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ამ მონაცემებით არ დასტურდება, რომ კასპში გარემოს დაბინძურების კერას „ჰაიდელბერგცემენტი“ წარმოადგენს. თუმცა, დაბინძურება ქარხნის შიდა ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ამავე დროს, კასპში გარემოს დაბინძურების კერა შეიძლება ცემენტის პატარა ქარხნები იყოს, რომლებიც, „ჰაიდელბერგისგან“ განსხვავებით, გარემოსდაცვით სტანდარტებს ნაკლებად თვალისწინებენ.
იმის გამო, რომ კიბოს პოპულაციური რეგისტრი 2015 წლის 1 იანვრიდან დაინერგა, ონკოლოგიური დაავადებების წინა წლების სტატისტიკა არ არსებობს ან არასრულყოფილია. 2015 წლის მონაცემებით კი, კასპის მუნიციპალიტეტში ონკოლოგიურ დაავადებათა 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც კასპის მოსახლეობის 0.064%-ია. ამ მაჩვენებლით, შიდა ქართლის რეგიონში ონკოლოგიურ დავადებათა ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა არა კასპის, არამედ გორის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება.
შესაბამისად, მიხეილ ბექაურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.