Untitled-1

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჯერჯერობით ყველაზე მძაფრად პარტია „თავისუფალ დემოკრატებზე“ აისახა. შედეგების გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ გაერთიანება ჯერ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა, მოგვიანებით კი ანალოგიური განცხადება პარტიის ლიდერმა და დამფუძნებელმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა. ალასანიამ გორში გასამართ მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარი განაცხადა და პოლიტიკიდან დროებით წასვლა გადაწყვიტა.

საზოგადოების მოლოდინი კი სრულად 12 ოქტომბერს გამართლდა. ულიდეროდ დარჩენილი პარტიიდან წამოსვლის შესახებ განცხადებები „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ხუთმა თანადამფუძნებელმა ერთმანეთის მიყოლებით გააკეთა. ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, დავით ონოფრიშვილის, გია ცაგარეიშვილისა და ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სხვებთან ერთად, არჩევნებზე მიღებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგზე პასუხისმგებლები ისინიც არიან, რის გამოც მათ პარტიის დატოვება და ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის „ადგილის გათავისუფლება“ გადაწყვიტეს.

ერთი შეხედვით არაფერია უცნაური იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მარცხი ლიდერებმა საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნიეს და პარტიის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, ამ შემთხვევაში მოვლენები განსხვავებულად განვითარდა. „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებიდან რამდენიმე საათში ყოფილი ლიდერების ნაწილმა მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა და მეტიც, ამის მზაობა საჯაროდ, პრესასთან დააფიქსირა.

ამ მხრივ, გამორჩეული ზურაბ აბაშიძე იყო, რომელმაც მისი მხრიდან ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ყოფნის სურვილი აღარ აქვს.

„მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით და რას გავაკეთებთ. ერთ რამეს გეტყვით, რომ ვიქნები საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში. მე ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ, რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი კი ჯერ ნაადრევია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თითქმის ანალოგიური პოზიცია აქვს გია ცაგარეიშვილსაც, რომელმაც პარტიის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა. სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ის ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში მას ბევრი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც გია ცაგარეიშვილი თანამშრომლობას არ აპირებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

ვიქტორ დოლიძე კიდევ ერთი ყოფილი „თავისუფალი დემოკრატია“, რომელიც უმრავლესობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, იგი დროებით დასვენებას აპირებს და ხელისუფლებისგან არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ მიუღია, თუმცა სამომავლოდ არაფერს გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ პარტიის დატოვების შემდეგ საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ ვიქტორ დოლიძის ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი ეჭვები განსაკუთრებით 25 ოქტომბერს გამძაფრდა. პარლამენტის შენობაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დავით ონოფრიშვილმა, გია ცაგარეიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ ამომრჩევლებს მიმართეს და მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, მოქმედ ხელისუფლებას დღეს ალტერნატივა არ გააჩნია.

„მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, რადგან ჩემთვის პირადად მიუღებელია, რა მიზნით ან რის საფუძველზე შეიძლება მხარი არ დაეჭიროს მმართველ ძალას. ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ უნდა წასულიყო მინიმუმ ოპოზიციაში, ან შეიძლება, პოლიტიკიდანაც“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების ამ განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, გია ვოლსკისთან შეხვედრა უძღოდა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაპარტიელები ვერ გამოვიდნენ საბჭოთა მენტალიტეტიდან“, - ამ სიტყვებით შეაფასა ნინო გოგუაძემ ყოფილი თანაპარტიელები საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდგომ.

მისი განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიუღებელია ყოფილი ლიდერების დღევანდელი პოზიცია და ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წინ მათ ე.წ „კაბელების საქმე“, მედიაზე განხორციელებული ზეწოლა და დამორჩილებული სასამართლო შეახსენა.

გოგუაძე დაგეგმილ მეორე ტურსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

სამეულის მიერ გაკეთებული ეს მიმართვა კრიტიკულად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, განცხადების ავტორებმა კიდევ ერთხელ დაანახეს საზოგადოებას, რომ მათ პრინციპული გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.

რიგი ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ყოფილი თავდემების მიერ ხელისუფლების მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებები უარყოფითად იქნა აღქმული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლებასთან ვაჭრობით არიან დაკავებული და ამ ფორმით ისინი „ქართულ ოცნებას“ საკუთარ თავს სთავაზობენ. მისი აზრით, ამგვარი ფორმებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მცდელობა სამარცხვინო და ბავშვური საქციელია.

ერთადერთი პარტია, რომელიც დადებითად შეხვდა ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილისა და გია ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნებაა“. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიის ყოფილი წევრების მხრიდან მიღებული მხარდაჭერისთვის ხელისუფლება მადლობელია.

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ „თავისუფალ დემოკრატებში“ დაწყებული პროცესები გარკვეულწილად აქამდე დაგროვილ კითხვებზე გაცემული პასუხი აღმოჩნდა. 2014 წელს კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ კულუარებში მუდმივად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ პარტიის შიგნით არსებობდა ერთი ფრთა, რომელსაც რიგ საკითხებში პროსახელისუფლებო პოზიცია ეჭირა. ასეთებად კი ის ადამიანები სახელდებოდნენ, რომლებმაც პარტიის დატოვების შემდგომ ღიად დააფიქსირეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობა და სურვილი.

საინტერესოა, ასევე, ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის შესახებ მინიშნება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. 12 სექტემბერს, რეგიონალურ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ივანიშვილმა „მეორე არჩევნად“ „თავისუფალი დემოკრატები“ დაასახელა და განმარტა, რომ, ლიდერისგან განსხვავებით, პარტიის წევრების ნაწილმა გარდაქმნა და სწორი პოზიციის დაკავება მოახერხა.

„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შემთხვევაში საინტერესოა, ასევე, რა პოზიციას დაიკავებენ ისინი აქამდე მათ მიერ პრობლემად დასმულ საკითხებზე. ე.წ „კაბელების საქმის“ გარდა, ისინი მმართველ ხელისუფლებას ყველაზე ხშირად არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაში, პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიზებასა და პროდასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებდნენ. ეს უკანასკნელი ბრალდება ორი წლის წინათ პარტიის მიერ მმართველი კოალიციის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

წარსული განცხადებების სამომავლო პოზიციებთან თანხვედრის საკითხთან მედიასთან ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ე.წ „კაბელების საქმისთვის“ მსჯავრდადებული პირების გათავისუფლებას ნებისმიერი პოზიციიდან შეეცდება. თუმცა ოპოზიციაში ყოფნის დროს გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე განმარტა, რომ მაშინ „ემოციურად დატვირთული დღეები“ და განსხვავებული კონტექსტი იყო ქვეყანაში, რაც დღეს სახეზე აღარ გვაქვს.

2009 წელს შექმნილი პარტიის დამფუძნებლების მომავალი, სავარაუდოდ, განსხვავებულად განვითარდება. ალექსი პეტრიაშვილმა და ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღეს, სხვები კი პოლიტიკაში დარჩენასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

სხვათა შორის, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები მმართველი ძალის რიგებში აღმოჩნდებიან. 2014 წელს ირაკლი ალასანიასა და პარტიის პოზიცია არ გაიზიარეს მისი წევრების ნაწილმა, მათ შორის თეა წულუკიანმა და ლევან იზორიამ. მათ სამთავრობო პოსტებზე საკუთარი საქმიანობის გაგრძელება არჩიეს.

უნდა ითქვას, რომ საზოგადოდ გავრცელებული შეხედულება, რომ პოლიტიკა „ბინძური სფეროა“ და რომ პოლიტიკაში ყველაფერი დაშვებულია, მათ შორის თანამებრძოლებისა და საჯაროდ დეკლარირებული შეხედულებებისა და პრინციპების ღალატიც, სწორედ პოლიტიკოსთა მსგავს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს ემყარება. აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი ამბობდა, რომ „ადამიანი, რომელიც პრინციპებებზე მაღლა პრივილეგიებს აყენებს, ორივეს დაკარგავს“.

„თავისუფალ დემოკრატებში“ ძველი ლიდერებიდან საქმიანობას ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე და ლევან სამუშია გააგრძელებენ. მათი განცხადებით, პარტიაში დღეს ცვლილებები მიმდინარეობს და განახლებული შემადგენლობით პოლიტიკურ პროცესებში კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონაწილეობას.

თეგები: