WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საქართველოს თანხმობისთვის, რომლის გარეშეც რუსეთი ვერ შედიოდა ამ ორგანიზაციაში, რუსეთსა და საქართველოს შორის დოკუმენტთა პაკეტი გაფორმდა. ხელშეკრულებას 2011 წლის 9 ნოემბერს მოეწერა ხელი ჟენევაში. ამ ხელშეკრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის დოკუმენტი იყო, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 3 სახმელეთო საბაჟო პუნქტის გახსნას ითვალისწინებდა.
ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო დერეფანი უნდა შექმნილიყო - ფსოუ-ზუგდიდის, როკი-გორისა და ლარსის მიმართულებით, სადაც მონიტორინგს შვეიცარიის მიერ შერჩეული კომპანია განახორციელებდა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგი კაპანაძე, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას განმარტავს, ამ ხელშეკრულების განსაკუთრებული მნიშვნელობა ის იყო, რომ ამით რუსეთმა „აღიარა, რომ საქართველოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარა საქართველოს გარკვეული სუვერენიტეტი ამ ორ რეგიონზე. მეორე, ამ ხელშეკრულებაში აღიარა, რომ საქართველოსთან სახმელეთო სავაჭრო კორიდორი არის სამი - რომელიც გადის ლარსზე, რომელიც გადის როკზე და რომელიც გადის ფსოუზე და, რაც ყველაზე მთავარია, ამ მოლაპარაკებებში მას არ ჰყავდა ჩართული არც აფხაზეთის და არც ცხინვალის წარმომადგენლები. ასევე, რეალური საერთაშორისო ყოფნა გაგვიჩინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოგვცა საშუალება, ამის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულების შესასრულებლად ძირითადი სამუშაო 2012 წლის არჩევნებამდე შესრულებული იყო და ახალ ხელისუფლებას მხოლოდ ტექნიკური საკითხი ჰქონდა გასაკეთებელი, ამ ხელშეკრულების შესრულება დღემდე არ დაწყებულა. საკითხის გაჭიანურების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე „ფაქტ-მეტრი“ სერგი კაპანაძეს ესაუბრა.
სერგი კაპანაძე:
- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ იწყება იმიტომ, რომ რამდენიმე თემა ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. ერთი საკითხია, რატომ არ იწყება ახლა და მეორეა, რატომ იყო ამდენ ხანს გაჩერებული.
2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, დარჩა მხოლოდ ერთი რაღაც - კონტრაქტის გაფორმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და კომპანია SGS-ს შორის და მეორე მხრივ, რუსეთსა და SGS-ს შორის. ეს უნდა ყოფილიყო სარკისებრი კონტრაქტები, ანუ იდენტური და უნდა ყოფილიყო ტექნიკური, ანუ ჩასაწერი იყო იურიდიულ-ტექნიკური მხარე.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდოდა მერე დებატის თემა გამხდარიყო, მანამდე შევათანხმეთ ყველაფერი. შინაარსიდან მნიშვნელოვანი რაც უნდა გადასულიყო, მაგალითად, სად უნდა ყოფილიყო ტერმინალები განლაგებული, მონიტორებს რა ფუნქციები უნდა ჰქონოდათ და ა.შ. ანუ ყველაფერი, რაზეც შეიძლება კითხვის ნიშანი გაჩენილიყო, მანამდე იყო შეთანხმებული.
ეს იყო შეთანხმებული და ასახული, ერთი მხრივ, ჩვენს შეთანხმებაში რუსეთთან და მეორე მხრივ, გავცვალეთ ნოტები და მას დაერთო დოკუმენტი, სადაც ასახული იყო კონტრაქტის შინაარსის ფუნდამენტური ნაწილები. ეს კი იმ ტექნიკურ დოკუმენტში უნდა გადაეტანათ, რომელიც კომპანიასთან გაფორმდებოდა. ამას კი რამდენიმე დღე, უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე კვირა სჭირდებოდა.
დღეს კი, როგორც ვიცი, გაჩერებული არიან იქ, რომ ეს კონტრაქტი კიდევ არ არის შეთანხმებული. ანუ დოკუმენტი, რომელშიც შესათანხმებელი აღარაფერი იყო, დღემდე არ გაფორმებულა.
- მიზეზი რა არის?
- ჩემი ინფორმაციით, რუსეთის მხარეს არ აწყობს ის საკითხი, სად უნდა განლაგდეს ეს ტერმინალები, ანუ მათი ფიზიკური ლოკაციის ადგილი, რაც გასაგებია, რომ არ მოსწონს, მაგრამ ხელი აქვს მოწერილი და საერთაშორისო ვალდებულება აღებული. ეს რომ არ მოსწონდა, ყოველთვის გასაგები იყო, მაგრამ ხელმოწერილი თანხმობა არსებობს და ტექნიკურად უნდა გაფორმებულიყო და იმპლიმენტაცია დაწყებულიყო.
რუსეთს თუ არ მოსწონს და არღვევს, მაშინ საერთაშორისო მექანიზმები უნდა გამოიყენო, რაც ჩადებულია. ერთი მხრივ, ჩადებულია ერთობლივი კომიტეტის მექანიზმი, რომელიც, ასევე ხელშეკრულების მიხედვით, ამ დროისთვის შექმნილი უნდა იყოს და როგორც ვიცი, შექმნილია ფორმალურად, მაგრამ ჯერ არ შეკრებილა. მეორეა არბიტრაჟი პარიზში, რომელმაც ასევე უნდა განიხილოს, თუკი ამ ხელშეკრულების დარღვევა მოხდება.
ანუ, თუ ახლანდელი პოზიცია რაც არის, რომ რუსეთი არღვევს და ვერ ვთანხმდებით, რადგან უკვე შეთანხმებულზე უარს ამბობს, მაშინ შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვერ მოვაბით თავი.
- რატომ ვერ მოხერხდა ამ ტექნიკური სამუშაოს შესრულება? თუ დაგიყენებიათ ეს საკითხი და ხელისუფლებას რა პასუხი აქვს?
- კი, რა თქმა უნდა, დაგვიყენებია და არაერთხელ და ზუსტად ვიცი, თემა რა იყო. თავიდან თემა იყო ის, რომ ხელისუფლება ვერ გაერკვია, რა იყო ეს ხელშეკრულება და ვის უნდა შეესრულებინა. ეს იყო, ერთი მხრივ, არაკომპეტენტურობა და, მეორე მხრივ, გაურკვეველი რაღაცის შიში, ვის უნდა აეღო თავის თავზე, ამის გაურკვევლობა. ამიტომ მიდიოდა ამის გადამისამართება, ხან საგარეო ამბობდა უარს, ჩემი საქმე არ არისო, ხან ფინანსთა სამინისტრო, ხან რეინტეგრაციის სამინისტრო, ხან ზურაბ აბაშიძის აპარატი და მოკლედ, პირველი პრობლემა იყო შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება.
მეორე, როგორც მე მესმის, იყო ის, რომ რაღაც ეტაპზე ივანიშვილმა თქვა, რომ ეს არ უნდა გაკეთებულიყო და ამით დაესვა წერტილი. შემდეგ კი შესაბამისმა უწყებებმა აღმოაჩინეს, რომ ამის გაკეთება კარგია, მაგრამ, სანამ ივანიშვილს ერთხელ ნათქვამი „არა“ გადააფიქრებინეს, ამაში ერთ წელზე მეტი დაიკარგა.
- ივანიშვილს რატომ არ უნდოდა?
- არ ვიცი. ჯერ ერთი, ხომ უნდა გაერკვე და მიხვდე, რომ ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. მე მგონია, რომ მას ეს ძალიან კარგი რამ მიაწოდეს, როგორც ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ ყველას პირველი ინსტინქტი იყო ის, რომ ეს არის ცუდი, რადგან ესეც „ნაციონალების“ დატოვებული იყო და რაც „ნაციონალებმა“ დატოვეს, ყველაფერი ხომ ცუდი უნდა ყოფილიყო.
ამის შემდეგ კი, როდესაც უზენაესს უკვე „არა“ ჰქონდა ნათქვამი, მერე ამ „არას“ შეცვლა ძნელი იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს „არაც“ შეაცვლევინეს და ვიცი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ცდილობდნენ, მასთან მისასვლელი ხაზი ეპოვათ, რათა აეხსნათ, რომ ეს კარგი იყო.
ამაში დიდი დრო დაიკარგა და მერე უკვე დაიწყო ბიუროკრატიული პროცედურების გამო დროის კარგვა და რუსები ხომ ამაში ჩემპიონები არიან - რაც არ აწყობთ, გადაავადონ. მერე იმათ რაღაც ახალი მოთხოვნები წამოაყენეს და ასე მოვიდა აქამდე. 4 წელი ვერ გაკეთდა ის, რაც რამდენიმე დღეში უნდა გაკეთებულიყო. საბოლოო ჯამში კი, თანაბრად არის დანაშაული ხელისუფლებისა და რუსეთის.
- როდესაც აკეთებ რაღაცას, რაც რუსეთის ინტერესში შედის, ჩნდება კითხვა, რომ ეს არის არაკომპეტენტურობის პრობლემა, რომელსაც რუსეთი სათავისოდ იყენებს, თუ უარესი, პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამო ხდება ასე. თქვენ რომელი ვარიანტი გგონიათ?
- აქ არის ერთი ფუნდამენტური რაღაც - ეს ხელშეკრულება მაშინ გაწყობს ხელისუფლებას, თუ პოლიტიკა გაქვს ისეთი, რომ რუსეთთან გქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე კონფრონტაცია. ცხადია, დიპლომატიის ფარგლებში. ანუ, თუ შენი პოლიტიკაა, რომ დაუყვავო და არსად პრობლემა არ შეუქმნა, არსად განცხადება არ გააკეთო და არსად არ მოახდინო აქტუალიზაცია შენი დებატის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ხელშეკრულება არ გაწყობს და, თუ პოლიტიკა არის, რომ პირიქით, რაც შესაძლებელია, გამოიყენო, მაშინ ეს ხელშეკრულებაც გინდა, რადგან ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ხსნი დიპლომატიურ ფრონტს.
ამ ოთხი წლის განმავლობაში კი ამ ხელისუფლების პოლიტიკა იყო ის, რომ არ უნდათ რუსეთისთვის დისკომფორტის შექმნა და არსად არაფერს ამწვავებენ. ცხადია, ამ ხელისუფლების ინტერესში არც ეს ხელშეკრულება არ შედის.
- რუსეთის ინტერესში რატომ არ შედის ამ ხელშეკრულების შესრულება? ანუ, რა არის ისეთი მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს და გადადოს პროცესი?
- იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულებით რუსეთმა რამდენიმე რაღაც გააკეთა. პირველი, აღიარა, რომ საქართველოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ვაჭრობის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარა საქართველოს გარკვეული სუვერენიტეტი ამ ორ რეგიონზე. იქ კი არ წერია, რომ სუვერენიტეტს აღიარებს, მაგრამ სუვერენიტეტის გარკვეული კომპონენტი აღიარა. ანუ ის, რომ მე დღეს არ ვარ ვალდებული ჩემი ვაჭრობის შესახებ, მაგალითად, ინდოეთთან მივაწოდო ინფორმაცია რუსეთს ან ვინმეს, ასევე არ არის ვალდებული რუსეთი, რომ თავისი ვაჭრობის შესახებ რომელიმე სუვერენულ ქვეყანასთან, მიაწოდოს ვინმეს და რუსეთი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს ხომ ვითომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს ისე უყურებს, მაგრამ აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, მივიღოთ ეს ინფორმაცია. ანუ გარკვეულწილად აღიარა ჩვენი სუვერენული უფლება და დელეგიტიმაცია გაუკეთა ამ ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებას.
ეს ერთი და მეორე, ამ ხელშეკრულებაში აღიარა, რომ საქართველოსთან სახმელეთო სავაჭრო კორიდორი არის სამი - რომელიც გადის ლარსზე, რომელიც გადის როკზე და რომელიც გადის ფსოუზე. ანუ აქაც აღიარა ის, რომ ჩვენთან ვაჭრობა გულისხმობს ამ რეგიონების გავლით ვაჭრობას.
რაც ყველაზე მთავარია, ამ მოლაპარაკებებში მას არ ჰყავდა ჩართული არც აფხაზეთის და არც ცხინვალის წარმომადგენლები. ცხადია, ისინი წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან მიხვდნენ, რომ რუსეთის მხრიდან ეს გარკვეულწილად დათმობა იყო.
მეოთხე მნიშვნელოვანი მომენტი კი, გარდა ამ პოლიტიკური ასპექტებისა, არის ის, რომ რეალური საერთაშორისო ყოფნა გაგვიჩინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოგვცა საშუალება, ამის შესახებ მივიღოთ ინფორმაცია. მერე კი უკვე ჩვენი გადასაწყვეტი იქნება, ამ ინფორმაციას როგორ გამოვიყენებთ. ვიყენებთ ამ ინფორმაციას კრიმინალიზაციისთვის თუ არა, ან იმისთვის, რომ გავხსნათ საერთაშორისო ვაჭრობა და ა.შ. მოკლედ, როგორც მოგვინდება, ისე გამოვიყენებთ.
მაგალითად, დღეს ბევრი საუბრობს, რომ კარგი იქნება, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ტრანზიტისთვის გახსნილი იყოს. მე, მაგალითად, მგონია, რომ ეს კარგი იქნება, ოღონდ ეს ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ოღონდ კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ფორმატში ჩაჯდება და არა რაღაც ორმხრივ ფორმატში. ეს ინსტრუმენტი კი ამის საშუალებას მოგვცემდა. ანუ ცხინვალთან და აფხაზეთთან ნებისმიერი ეკონომიკური ურთიერთობის გახსნა, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, შეგვეძლო, გაგვეკეთებინა ამ ხელშეკრულებისა და საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში.
- სტამბულის შეთანხმების გარდა, ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება რუსეთთან, პრინციპში, არც ყოფილა. რატომ ვერ მოხდა ხელშეკრულების სათანადო შეფასება მოქმედი ხელისუფლების მიერ?
- რუსეთთან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულება არც დადებულა. პრობლემაც ეგ არის, რომ კარგია, ეს ხელშეკრულება რომ გვაქვს, მაგრამ გამოყენება სჭირდება. გამოყენებისთვის კი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო და პოლიტიკის არჩევა, რომ მივდივართ ამ გზით. არ არის ეს გადაწყვეტილება და ამიტომ არ აკეთებენ.
- ახლა რა აფერხებს?
- ზუსტად იგივე. არაფერი შეცვლილა, ზუსტად იგივე მიდგომაა. დარწმუნებული ვარ, რომ წლები გაგრძელდება ეს დისკუსია, რომ ჩვენ ჩვენი ვუთხარით და ახლა რუსებისგან ველოდებით პასუხს.
მოკლედ, ამ ხელშეკრულების შესრულება თუ გვინდოდა, მთელი იდეა ის იყო, რომ მიგვეყვანა იქამდე, რომ ვალდებულება აეღო და ტექნიკური შესრულება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების საშუალებით გვეიძულებინა. ვალდებულება აღებული აქვთ, ტექნიკური შესრულება ბოლო ნაბიჯამდე გვქონდა მიყვანილი და ეს არ თუ ვერ გააკეთეს.
- არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რუსეთი საბაჟო პუნქტების რუსეთის შიგნით გადატანას ითხოვს. ამის შესახებ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? რამდენად რეალურია ეს?
- რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი თემა სწორედ ესაა, რომ რუსეთს ამის გაკეთება უნდა. ამ გამშვები პუნქტების გახსნის იდეა იყო ის, რომ ყოფილიყო საზღვარზე, რათა საზღვარზე შესული და გასული პროდუქციის გაკონტროლება მომხდარიყო ამ მონიტორების მიერ. ეს თუ შეიცვალა და რამდენიმე კილომეტრის იქით აღირიცხა, მერე საზღვრამდე გზაზე რა დაემატება და გამოაკლდება, კაცმა არ იცის და ამ ყველაფერს აზრი ეკარგება. ამის გაკეთების შემთხვევაში კი მხოლოდ ეს კი არა, საერთოდ ყველა ის სარგებელი და მნიშვნელობა დაიკარგება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რატომაც არის ეს ხელშეკრულება ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
- რამდენად არის შანსი, რომ ქართული მხარე ამას დასთანხმდეს?
- თუ დასთანხმდება, მაშინ ამ შეთანხმებას აზრი ეკარგება. აქ კიდევ მეორე საფრთხეა, რომ ეს შვეიცარიული კომპანია კიდევ რამდენ ხანს დაგველოდება. ეს ცალკე თემაა და მგონია, რომ შემდეგი პრობლემა შეიძლება ზუსტად ესეც იყოს, რომ შვეიცარიულმა კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ მას აღარ უღირს.
- თუკი რუსეთი არ შეასრულებს, ჩვენ რა ბერკეტები გვაქვს?
- შეგვეძლო, ტრიბუნალზე მოგვეთხოვა იმის ანაზღაურება, რასაც ამის არშესრულებით მივიღებდით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი არბიტრაჟი ამ სფეროში, სადაც შეგიძლია, იდავო. მაგრამ, სანამ აქამდე მივიდოდით, მანამდე შეგვეძლო, ერთობლივი კომიტეტი გამოგვეყენებინა, რომელშიც ჩვენ, შვეიცარიული და რუსული მხარეები შევდივართ.
გარდა ამისა, თუ ისეთ ვალდებულებას დაარღვევდა, რომელიც იმ მრავალმხრივ ვალდებულებებს ეხება, რომელიც „მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში“ გაწევრიანებით აიღო, შეგვეძლო, უკვე ორგანიზაციაში გვედავა დისპუტების მექანიზმით და სხვა თუ არაფერი, შეგვეძლო, დიპლომატიური წნეხი შეგვექმნა.
ანუ ინსტრუმენტი ბევრია, მაგრამ საერთოდ არაფერი გაგვიკეთებია და რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ახლანდელი მიდგომა არის ის, რომ აი, აბაშიძე კარასინს რომ შეხვდება, იქ დაელაპარაკება და მერე ის ან მოუგვარებს ან არა და ან იქიდან ეტყვის, რომ ტერმინალების განლაგების საკითხი დაგვრჩა, მოდი, ეს გავარკვიოთ ჯერ და მერე დავიწყოთ და ამასობაში კიდევ დროს გაიყვანენ.
ასე ნებისმიერი დროით შეგიძლია გადაავადო. ანუ, თუ მზად არ ხარ, რომ შეუსრულებელ ვალდებულებაზე მიაწვე, არასოდეს არ შესრულდება ეს ვალდებულება, მხოლოდ კეთილი ნების იმედად რომ იყო.
- ანუ ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი?
- ცალსახად პოლიტიკური ნების საკითხია.
- ამ ხელშეკრულების პერსპექტივა როგორ წარმოგიდგენიათ?
- ახლა ხელშეკრულება გაგრძელებულია. მაგრამ არა მგონია, რომ შესრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ეს ხელშეკრულება გავახსენოთ. მაგრამ არა მგონია, რადგან, ეს რომ შესრულდეს, მაშინ რუსეთის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალონ. რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლას კი არ და ვერ აპირებენ, იმიტომ, რომ გადამწყვეტი კონკრეტულად ივანიშვილის დამოკიდებულებაა.