კვირიკაშვილის განცხადებით, "შიდა ქართლში საოკუპაციო ზოლთან მდებარე 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა და 2017 წლის ბოლომდე ყველა სოფელს ექნება წყალი".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელება 2012 წლიდან დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში ჭაბურღილების და რეზერვუარების რეაბილიტაცია განხორციელდა. რიგ სოფლებში წყლის მრიცხველებიც დამონტაჟდა.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,საოკუპაციო ხაზთან წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტები გორის მუნიციპალიტეტის 11, ქარელის მუნიციპალიტეტის 7 და ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში განხორციელდა.
გარდა ამისა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის 12 სოფელშიც განხორციელდა. აქედან, 2012 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან მდებარე 6 სოფელში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდა (ძირითადად ძველი მილების გამოცვლა და საუბნო ონკანების რეაბილიტაცია), ხოლო ორ სოფელში - ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობით. ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში (ბოჟამსა და ვაკეში) წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება ამჟამადაც მიმდინარეობს.
2012წლიდან დღემდე, საერთო ჯამში, წყალმომარაგების სისტემა გამყოფ ხაზთან მდებარე 27 სოფელში მოწესრიგდა. აქედან 19 სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან დაფინანსდა, ორ სოფელში (კასპის მუნიციპალიტეტში) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, 6 სოფელში კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
2012-2015 წლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში |
|||||
მუნიციპალიტეტი |
სოფლების რაოდენობა | ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული | სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული | მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად დაფინანსებული |
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ან მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან დაფინანსებული |
გორი |
11 | 1 | - | - |
10 |
ქარელი |
7 | 5 | - | - |
2 |
ხაშური |
1 | - | - | - |
1 |
კასპი | 8 | - | 6 | 2 |
- |
როგორც გაირკვა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლის სტატუსის მქონე 27 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, დანარჩენ 29 სოფელში, სადაც ასევე არსებობს წყლის პრობლემა, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. მაგალითად, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში - ბოჟამსა და ვაკეში წყალმომარაგების პროექტი უკვე მიმდინარეობს.
დასკვნა 2012-2015
წლებში, შიდა ქართლში, საოკუპაციო-გამყოფ ხაზთან მდებარე 27 სოფელში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით პროექტები მართლაც განხორციელდა. აქედან 19 სოფელი გორის, ქარელის და ხაშურის რაიონში მდებარეობს, დანარჩენი სოფლები კი კასპის რაიონში.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სიმართლე.