გორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა. შიოშვილმა ამის მაგალითად კვერნაკის დასახლება დაასახელა, სადაც, მისი თქმით, წლებია სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა. "კვერნაკის დასახლებაში სამ ქუჩაზე წყალი არ მოდის და ხალხს ფულს ჰაერში ახდევინებენ", - აღნიშნა შიოშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად ფაქტ-მეტრი თამაზ შიოშვილს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ სასმელი წყლის პრობლემა სულხან-საბას, რაზმაძისა და პეტრიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს აწუხებთ.
საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზემოთ დასახელებულ სამივე ქუჩას წყალი გრაფიკით მიეწოდება. "გორში წყლის სისტემები ყველა ქუჩაზე გამოცვლილია, თუმცა ქალაქის სრული გამრიცხველიანება ამ დრომდე არ მომხდარა. მოსახლეობა წყალს უყაირათოდ მოიხმარს, სწორედ ამის შედეგად ზარალდება ეს სამი ქუჩა, რადგან სამივე ქუჩა შედარებით მთიან ადგილას მდებარეობს და დაბალი წნევის გამო მათი ოცდაოთხსაათიანი წყალმომარაგება ვერ ხერხდება. ამ ქუჩებითვის წყლის მიწოდება უწყვეტ რეჟიმში მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ქალაქის ყველა ქუჩაზე წყლის მრიცხველები დამონტაჟდება", - აღნშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ფულის ჰაერში გადახდას, კომპანის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ადგილობრივი მოსახლეობის არასწორი ქმედებით არის გამოწვეული, რადგან როცა წყალი წყდება, ისინი ონკანს არ კეტავენ, რის შედეგადაც მილებში ჰაერი გროვდება და სანამ ონკანი ჰაერისგან არ დაიცლება, წყალი არ მოდის. ამ დროს კი, მრიცხველი მუშაობს.
აღნიშნულ ქუჩებზე წყლის პრობლემის აქტუალურობა კვერნაკი-ვერხვების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ თედლიაშვილმაც დაგვიდასტურა. მისი თქმით, აღნიშნულ ქუჩებს წყალი დღეში რვა საათით მიეწოდება. ყველა ოჯახს დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, რომლითაც წყლის გადასახადი განისაზღვრება, თუმცა ეს მრიცხველები მაშინაც მუშაობს, როცა ონკანებიდან წყლის ნაცვლად ჰაერი გამოდის. ჰაერი კი იმიტომ გამოდის, რომ როცა წყალი წყდება მილები ჰაერით ივსება.
ფაქტ-მეტრმა დამონტაჟებული მრიცხველები ადგილზე ნახა და ადგილობრივებსაც გაესაუბრა. როგორც ჩვენთან საუბირსას მოსახლეობამ აღნიშნა, წყალი მხოლოდ დილით და საღამოს მოდის. მანამდე მილები ჰაერით ივსება. როცა ონკანს უშვებენ, სანამ მილებში დაგროვებული ჰაერი არ გამოვა, მანამ წყალი არ მოდის, მრიცხველი კი მაინც ტრიალებს. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობას წყალთან ერთად ჰაერის გადასახადის გადახდაც უწევთ.
დასკვნა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გორში, კვერნაკის დასახლების სამ ქუჩაზე (სულხან-საბა, რაზმაძე და პეტრიაშვილი) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, დღეში რვა საათის განმავლობაში. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, კვერნაკის მაჟორიტარი დეპუტატი და ასევე ადგილობირივები აცხადებენ, ონკანის მოშვებისას, გარკვეული დროის მონაკვეთში, წყლის ნაცვლად ჰაერი მოედინება. ამ დროს კი, სამივე ქუჩაზე ყველა ოჯახს წყლის მრიცხველები აქვს დამონტაჟებული, რომლებიც მაშინაც მუშაობენ, როცა ონკანიდან წყლის ნაცვლად მილებში დაგროვებული ჰაერი გამოდის. შესაბამისად, ადგილობრივებს ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე მოხმარებული წყლის საფასურია.
ამდენად, თამაზ შიოშვილის განცხადება არის სიმართლე.