მან ადგილობრივი თვითმართველობის მუშაობა გააკრიტიკა და გორის ხელისუფლებას უუნარო უწოდა. "2014 წელს ჩვენ მივიღეთ უუნარო ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენ ვერ ნახავთ გორში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებს", -განაცხადა შიოშვილმა.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2014 წელს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი მერად არჩევის პირველივე დღეებში მედიასთანაცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურა მერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად გორი ორ თვითმმართველ ერთეულად დაიყო. ქალაქმა და თემმა ურთიერთდამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება. მერიის ინფორმაციით, ცალკე გამოყოფილ ქალაქ გორის თვითმმართველობაში არცერთი მზა პროექტი არ არსებობდა, რომლის განხორციელებაც აღნიშნული პერიოდიდანვე გახდებოდა შესაძლებელი, რადგან გორმა ქალაქის სტატუსი სწორედ 2014 წელს მიიღო. შესაბამისად, ქალაქის თვითმმართველობამ პირველ რიგში პროექტირების სამუშაოები დაიწყო.
გორის მერიის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ბიუჯეტმა (რეგიონალური და ადგილობრივი) 6 501 400 ლარი შეადგინა. 2015-2016 წლებში კი ცენტრალური და ადგილობრივიბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ასე გამოიყურება:
ცხრილი 1:
გორის მერიის ბიუჯეტი 2015-2016 წლებში
წლები | საერთო ბიუჯეტი | ადგილობრივი ბიუჯეტიდან | ცენტრალური ბიუჯეტიდან |
2015 | 7 092 200 ლარი | 3 348 500ლარი | 3 718 700 ლარი |
2016 | 6 986 600 ლარი | 3 943 000 ლარი | 3 043 600 ლარი |
შესრულებულ პროექტებში
შევიდა: ცალკეული შენობების და სახურავების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და ქუჩების რეაბილიტაცია.
გასული ორი წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც განხორციელდა. პრიორიტეტი გორის გარეუბანში მდებარე ქუჩების რეაბილიტაციას მიენიჭა. 2014 წლიდან დღემდე სულ 24 ქუჩა მოწესრიგდა, საერთო ჯამში, ქუჩების სიგრძემ 8 510 მეტრი შეადგინა და მასზე 3 281 043 ლარი გაიხარჯა.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა რკინიგზის დასახლებაშიც, სადაც მოხდა ჩამდინარე წყლის მიწისქვეშა წყალარინების სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 158 724 ლარია.
ფაქტ-მეტრმა მერიისგან თამაზ შიოშვილის მიერ ნახსენები სოციალური პროგრამების ნუსხაცგამოითხოვა. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, 2015 წელს ამ მიმართულებას შვიდი ახალი სერვისი დაემატა. ჩატარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევების ორი აქცია. კერძოდ, სამასამდე პაციენტს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ, ხოლო მეორე ეტაპზე 350 ადამიანს კლინიკა „ენმედიცმა“ ჩაუტარა გამოკვლევები სხვადასხვა მიმართულებებით.
რაც შეეხება სხვა სოციალურ პროექტებს, რომლებიც თანადაფინასებით განხორციელდა, 2014 წელს შშმ პირების, სოციალურად დაუცველების, მარტოხელების, პენსიონერების, ვეტერანებისა და ლოგინსმიჯაჭვული პირების მიმართ 10-მდე პროექტი გახორციელდა, სადაც მოსარგებლეთა რაოდენობა 215 ადამინი იყო, გახარჯულმა თანხამ კი 79 654 ლარი შეადგინა. 2015 წელს კი, იგივე პროგრამით 342 ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც 106 622 ლარი დაიხარჯა. 2016 წელს ამ პროგრამით უკვე 412 ადამიანმა ისარგებლა, პროგრამაზე 117 777 ლარი დაიხარჯა. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თანადაფინანსებით განხორციელებულ სოციალურ პროექტებში მერიის წილი 30-50%-ია.
მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები გორელებისთვის დღესაც ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს. ინფრასტრუქტურული პრობლემები ქალაქში განსაკუთრებით მწვავედ ნალექიანი ამინდების დროს იკვეთება, რა დროსაც მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხების გამო ქალაქის დიდი ნაწილი იტბორება. სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 150000 ლარია გათვალისწინებული. პრობლემად რჩება ასევე ცალკეულ უბნებში სკვერების კეთილმოწყობის, გარე განათების, საგზაო ინფრასტრუქტურის, საკანალიზაციო სისტემების და გზების მოწესრიგების საკითხები.
დასკვნა 2014
წლიდან დღემდე, ანუ თვითმმართველობის რეფორმის ამოქმედების შემდეგ, ქალაქ გორში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. თანხები ძირითადად შენობების სახურავების და გზების რეაბილიტაციას მოხმარდა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მერიის წილმა საერთო ჯამში 12 710 717 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, მერიის პროგრამები ამ სფეროში ძირითადად უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და დახმარებებს ეხება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, მერიის სოციალურ პროექტებზე 304 053 ლარი დაიხარჯა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები გორელებისთვის დღესაც ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას წარმოადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამაზ შიოშვილის განცხადება არის ტყუილი.