“გამგებლობის პერიოდში, სამწელიწადნახევარში, გამგებელი, რომელიც უნდა იყოს 24 საათიან მუშა რეჟიმში, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მივლინებებში იმყოფებოდა”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სულხან მახათაძე 2006-2012წლებში ს.ს. „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის გამგებლად აირჩია. მახათაძემ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელის პოსტი ისევ დაიკავა.
ფაქტ-მეტრმა მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი დღე გაატარა მივლინებებში თანამდებობის დაკავების შემდეგ ჭიათურის ყოფილმა გამგებელმა. ოფიციალური წერილით,რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის აგვისტოში გასცა, ვიგებთ, რომ სულხან მახათაძეს 2013 წელს მივლინების სახით გამოყენებული აქვს 88 სამუშაო დღე, 2014 წელს მივლინებებში გაატარა 89 დღე, 2015 წელს გამგებელი მივლინების გამო სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა 88 დღის განმავლობაში. ხოლო, 2016 წლის 7 თვის განმავლობაში, მახათაძეს სამივლინებო ფურცლით ჭიათურის დატოვება 55 დღით მოუხდა.
თუ დავუშვებთ, რომ სულხან მახათაძე მივლინებებისთვის მხოლოდ სამუშაო დღეებს იყენებდა, შემდეგ სურათს მივიღებთ: წელიწადში, საშუალოდ, 120-მდე დასვენების დღეა,სამუშაო დღეების რაოდენობა კი, შესაბამისად, 245-ს შეადგენს. როგორც ჭიათურის გამგეობის მიერ გაცემულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სულხან მახათაძემ მივლინებებში სამწელიწადნახევრის განმავლობაში 320 დღე გაატარა. გამგებლის მივლინებებში გატარებული დღეების რაოდენობა სამუშაო დღეების ერთი წლის საშუალო მაჩვენებელს 75 დღით აღემატება და წელიწადნახევრის მაჩვენებელს 47 დღით ჩამორჩება. პროცენტულად თუ დავიანგარიშებთ, სამწელიწადნახევარში სულხან მახათაძემ მივლინებაში მთლიანი სამუშაო დღეების 27.4% გაატარა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო დღეების გარდა, სავარაუდოდ, სულხან მახათაძის მივლინებები უქმე დღეებს - შაბათ-კვირასაც დაემთხვეოდა. კანონმდებლობით ზუსტად არ არის განსაზღვრული, რომ მივლინება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო დღეებში შეიძლება იყოს. დოკუმენტში, რომელიც ფაქტ-მეტრმა მოიპოვა, არ არის აღნიშნული, იმ 320 დღიდან რომელიც გამგებელმა მივლინებაში გაატარა, რამდენი იყო სამუშაო და რამდენი არასამუშაო. ამდენად, თუ წელიწადის კალენდარული დღეებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ სამწელიწადნახევარში ჭიათურის ყოფილ გამგებელს მივლინებაში თითქმის ერთ წლამდე პერიოდი აქვს გატარებული.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მივლინების პერიოდში საჯარო მოხელეს როგორც ხელფასის სრული ოდენობა, ასევე სამივლინებო ხარჯები უნაზღაურდება, მივლინებაში გატარებული დღეების რაოდენობის მიხედვით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამგებლის მივლინებები ჭიათურის ბიუჯეტს საკმაო თანხა დაუჯდა.
დასკვნათუ დავუშვებთ, რომ 2013-2016 წლებში სულხან მახათაძე მივლინებებისთვის მხოლოდ სამუშაო დღეებს იყენებდა, გამოდის, რომ მან დაახლოებით 857 სამუშაო დღიდან 320 დღე მივლინებაში გაატარა (აღნიშნული პერიოდი 47 დღით ნაკლებია სამუშაო დღეების საშუალო რაოდენობის მიხედვით დაანგარიშებულ წელიწადნახევარზე). თუმცა, სამუშაო დღეების გარდა, სავარაუდოდ, სულხან მახათაძის მივლინებები უქმე დღეებს - შაბათ-კვირასაც დაემთხვეოდა. დოკუმენტში, რომელიც ფაქტ-მეტრმა მოიპოვა, არ არის აღნიშნული, იმ 320 დღიდან რომელიც გამგებელმა მივლინებაში გაატარა, რამდენი იყო სამუშაო და რამდენი არასამუშაო. ამდენად, თუ ჯამურად, წელიწადის კალენდარული დღეებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ სამწელიწადნახევარში ჭიათურის ყოფილ გამგებელს მივლინებაში თითქმის ერთი წელი აქვს გატარებული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თეიმურაზ გაფრინდაშვილის განცხადება: "გამგებლობის პერიოდში, სამწელიწადნახევარში, გამგებელი დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მივლინებებში იმყოფებოდა", არის მეტწილად სიმართლე.