„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გია თევდორაძემ განაცხადა, რომ მისი პარტიისათვის თითქმის ყველა ის შენობაა დახურული, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ღიაა. თევდორაძეს მაგალითად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მოჰყავს და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ თეატრის მესვეურებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ფართის დათმობაზე უარი განუცხადეს. მიზეზად თეატრის დატვირთული გრაფიკი დასახელდა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
ჩვენ გია თევდორაძეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს პარტიული შეკრებისთვის ფართის დათმობა 2015 წლის შემოდგომაზე, კერძოდ, 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, ნებისმიერ დღეს სთხოვეს. თეატრის მაშინდელ დირექტორს, თამარ ლორთქიფანიძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რომლის თანახმადაც პარტიას იჯარის სახით 3 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. სამი დღის შემდეგ თეატრმა ფართის დათმობაზე უარი განაცხადა.უარის მიზეზი სპექტაკლებითა და რეპეტიციებით დატვირთული პერიოდი გახლდათ.
გია თევდორაძის განცხადებით, პარტიულ კონფერენციაზე ათასამდე ადამიანი შეიკრიბებოდა და დიდი სივრცე სწორედ ამისთვის იყო საჭირო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ პერიოდში ყრილობის ჩასატარებლად სპორტის სასახლის დარბაზიც მოითხოვა, თუმცა ამჯერად უარი ქალაქის მერიისგან მიიღეს.უარის მიზეზი სპორტული ღონისძიებებით დატვირთული პერიოდი აღმოჩნდა. მერიისგან მიღებულ წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია აწერს, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიული ყრილობის ჩატარების ალტერნატიულ ფართად ქალაქის ცენტრალურ სტადიონს სთავაზობენ.
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აცხადებენ, რომ გასული წლის ნოემბერი და დეკემბერი მათთვის ისეთივე დატვირთული იყო, როგორც ყოველი წლის ბოლო. ჰქონდათ საპრემიერო ჩვენება, გეგმური სპექტაკლები და რამდენიმე ქართული თეატრის საგასტროლო ვიზიტი. ინფორმაცია ჩატარებული სპექტაკლებისა და პრემიერების შესახებ მესხიშვილის თეატრის საიტზეშეგვიძლია ვნახოთ. 3 და 24 ნოემბერს თეატრის სცენაზე სპექტაკლი "კუკარაჩა" გაიმართა, 5 ნოემბერს „ღია შუშაბანდი’’, სცენა დაკავებული იყო 10, 11 და 12 ნოემბერსაც, სპექტაკლებით - „Hellados“, "ზაფხულის ღამის სიზმარი" და "Pic Nic", 19 და 20 ნოემბერს მცირე სცენაზე გაიმართა სპექტაკლები "ცილინდრი" და "სიყვარულის ქრესტომათია", 12 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე თეატრი საპრემიერო ჩვენებისთვის ემზადებოდა. 26-27 ნოემბერს დიდ სცენაზე ირაკლი სამსონაძის სპექტაკლის "მეთევზე... ერთი... ორი" პრემიერა შედგა. სპექტაკლი არ იყო ჩანიშნული 28-29 ნოემბერს, ხოლო 30 ნოემბერს ნაჩვენები იქნა ევა ხუტუნაშვილისა და ნინო სადღობელაშვილის ერთმოქმედებიანი დადგმა "უსასრულობის ათვლა დაიწყო". განრიგიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ 13-დან 25 ნოემბრის ჩათვლით თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი არ გამართულა, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში, თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, ხანგრძლივი წინასაპრემიერო რეპეტიციები მიმდინარეობდა.
გია თევდორაძემ ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ 2013 წლის შემდეგ მათ სხვა შენობების - მაგალითად ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის - დაქირავებაზეც პრობლემა ექმნებათ. როგორც მან განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი წერეთელმა ოპერის თეატრს მიმართა, რათა 27-28 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრისათვის დარბაზი დაეჯავშნა. წერეთელს თეატრში განუცხადეს, რომ ფართს თეატრში დაწყებული სარემონტო სამუშაოების გამო ვერ დაუთმობენ.
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში სარემონტო სამუშაოების დაწყება დაადასტურეს და ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ სველი წერტილების მოწესრიგება ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც თეატრის დირექტორმა თორნიკე მარჯანიშვილმა განაცხადა, იმ დროისთვის შიდა რესტავრაცია აუცილებელი იყო. სამუშაოებისთვის 20 დღე იყო გათვალისწინებული.
რაც შეეხება თეატრების დარბაზების დათმობას მმართველი გუნდის შეკრებებისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის პარტიული კონფერენცია ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართა. თუ თეატრის აფიშას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 25 თებერვლიდან სცენა თავისუფალია, ხოლო მომდევნო თვეშითეატრს არცერთი წარმოდგენა არ აქვს. აღნიშნულ ეტაპზე არ მიმდინარეობდა წინასაპრემიერო, ხანგრძლივი რეპეტიციები, რაც შეიძლებოდა სცენის დაკავების და შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის უარის თქმის მიზეზი გამხდარიყო.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოკვლეული მასალებიდან ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია თევდორაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრმა მათ პარტიული ყრილობისთვის ფართი არ დაუთმო, სიმართლეს შეესაბამება. ამის მიზეზად, თეატრის დატვირთული გრაფიკი დასახელდა. რაც შეეხება ოპერის თეატრს, დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, თეატრის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობისთვის" ფართის დათმობაზე უარის თქმის რეალური მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა თუ არა. ფაქტ-მეტრმა ვერ შეძლო სპორტის სასახლის გასული წლის ნოემბრის განრიგის მოპოვება და იმის დადგენა, იყო თუ არა რეალურად ქუთაისის მერიის უარის მიზეზი აღნიშნული დარბაზის გადატვირთული გრაფიკი.
მოძიებული ფაქტების მიუხედავად, რთულია იმის მტკიცება, ჰქონდა თუ არა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" დარბაზების გამოყოფაზე უარის თქმას პოლიტიკური სარჩული. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი გია თევდორაძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.