2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კვალიფიციური სუბიექტი 20 პარტია ხდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს. აქედან 11 პარტია საბიუჯეტო თანხებს ახლაც იღებს, მას ემატება 9 ახალი პარტია.
ის პარტიები კი, ვინც პარლამენტში შედიან - „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ - წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მილიონ ლარამდე დაფინანსებას მიიღებენ.
რა პრინციპით იღებენ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას
პოლიტიკური პარტიების დაფინანსება რამდენიმე საკანონმდებლო აქტით რეგულირდება, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონებით: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“.
პოლიტიკური პარტიები იღებენ როგორც კერძო დაფინანსებას (შემოწირულობები, საწევრო შენატანები, საჯარო ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალი, საბანკო სესხები), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზანია პოლიტიკური დაფინანსების სფეროში კორუფციის თავიდან აცილება, ასევე კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა. პოლიტიკური პარტიების ფინანსების დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% აიღო. კვალიფიციური სუბიექტები დაფინანსებას ინარჩუნებენ შემდეგ არჩევნებამდე.
ყოველწლიური დაფინანსება სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომლის თანახმადაც, საბაზო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენს, ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღო, მაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600 000 ლარს იღებს ყოველწლიურად.
თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არაუმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ხარჯებს, ასევე მილიონი ლარით, თუმცა, ამ შემთხვევაში სუბიექტმა 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში ბარიერი 3%-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსება არაუმეტეს 500 000 ლარს.
პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, თუ წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე 30%-ით), მაშინ ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას, საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ 90 000 ლარს.
პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში.
პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, ასევე იღებენ დამატებით თანხას (მაქსიმუმ 600 000 ლარი) წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დასაფარად.
გარდა პირდაპირი დაფინანსებისა, ეროვნულ მაუწყებლებს აქვთ ვალდებულება, ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წუთი უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა.
ვინ არიან ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები და რა უჯდება სახელმწიფოს მათი შენახვა
სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის არჩევნებამდე, საბიუჯეტო დაფინანსებას 11 საარჩევნო სუბიექტი იღებდა.
მოცემულ ცხრილში იხილეთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ მიერ მიღებული შემოსავალი და მიზნობრივი დაფინანსება 2014 და 2015 წლებში.
დასახელება
2014 წელისაბიუჯეტო შემოსავალი
2014 წელი მიზნობრივი დაფინანსება
2015 წელისაბიუჯეტო შემოსავალი
2015 წელი მიზნობრივი დაფინანსება
ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო
2 568 700
80 836
780 944
78 908
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
3 290 593
485 018
2 326 351
532 633
ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
598 697
116 433
449 019
177 543
გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა
2 029 387
316 917
997 032
473 452
პატრიოტთა ალიანსი
640 890
116 433
409 562
236 724
თავისუფალი დემოკრატები
481 832
80 836
642 444
78 908
კონსერვატიული პარტია
642 443
80 836
642 444
78 908
ეროვნული ფორუმი
642 443
80 836
642 444
78 908
რესპუბლიკური პარტია
605 443
80 836
642 444
78 908
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
642 443
80 836
642 444
78 908
ლეიბორისტული პარტია
373 295
116 433
373 296
236 724
ჯამი
12 516 172
1 699 290
8 548 424
2 130 524
წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე, ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც კავშირშია არჩევნებთან. 2015 წელს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსებამ, ჯამში, 12.2 მლნ ლარი, ხოლო 2014 წელს 19.4 მლნ ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებში სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 11 პარტიიდან, ნაწილმა დაფინანსების მისაღებად საჭირო მინიმალური 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, ისინი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებამდე ინარჩუნებენ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე კი, კვალიფიციური სუბიექტი ხდება და სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი პარტიები:
„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები: „ტრადიციონალისტები“, „თავისუფალი საქართველო“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“.
საარჩევნო ბლოკ „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი „ევროპული საქართველო“.
საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“.