ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა: „პირდაპრი ფაქტები არის, როდესაც პრორუსული გამოცემები, ქსენოფობიის მქადაგებელი პრესა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ჩვენი გადასახადებიდან რამდენიმე ასეულობით ათასი ლარი მიდის ამ გამომცემლობებთან“. სერგი კაპანაძემ მაგალითებად მედიაკავშირი „ობიექტივი“ და გაზეთი „ასავალ დასავალი“ დაასახელა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ პრორუსული და ქსენოფობიური რიტორიკის მატარებელი მედიასაშუალებების ბიუჯეტიდან დაფინანსება უარყო. „რაღაც გაზეთზე იყო მიცემული რაღაც რეკლამები ზოგიერთი სამინისტროს მიერ. იქ იყო ყველა ტელევიზიაზე, ყველა გაზეთზე და მათ შორის ამაზე. თუ ასე იყო, ძალიან ცუდი, მომავალში აღიკვეთება. შეიძლება არ იცოდნენ, რომ ეს „ობიექტივი“ და გაზეთი პრორუსულია. არ გრძელდება, დიდი ხანია უკვე ეს თანხები არ ირიცხება“, - განაცხადა ზოიძემ.

ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.საბიუჯეტო სახსრებიდან სარეკლამო კონტრაქტების და სხვა ხელშეკრულების სახით დაფინანსებას იღებდნენ მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან.

2015 წელს “მედიის განვითარების ფონდმა” გამოაქვეყნა ანგარიში- “საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში”. კვლევის თანახმად, 2013-2014 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან სარეკლამო კონტრაქტების სახით დაფინანსება მედიაკავშირმა “ობიექტივმა“, გაზეთებმა - „საქრთველოს რესპუბლიკამ“, „ალიამ“, „კვირის ქრონიკამ“ და „ასავალ დასავალმა“ მიიღეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მონაცემები არასრულყოფილია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ები და ააიპ-ები მონაცემებს არ ასაჯაროებენ.

MDF-ის მონაცემები ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) 2015 წლის ანგარიშში არის ასახული. ECRI-ის რეკომენდაციაა, “ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედიასაშუალებებთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა”.

ამ ეტაპზე ჩვენ გადავამოწმეთ, გრძელდება თუ არა მსგავის ტიპის მედიასაშუალებების სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით დაფინანსება.

MDF-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სიძულვილის ენით და ანტიდასავლური განწყობებით გამორჩეული მედიასაშუალებების („საქართველოს რესპუბლიკა“, „ობიექტივი“, „ასავალ დასავალი“, „ალია“, „კვირის ქრონიკა“ ) ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსება 2015 წელსაც გაგრძელდა. ამ ჩამონათვალში დამატებით ორი ახალი ონლაინ-გამოცემა - „Newspress“ და „ექსკლუზივნიუსი“ მოხვდა. „Newspress“, ზემოთ ჩამოთვლილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ანტიდასავლურ განწყობებს ირიბად, რუსული პროპაგანდის პლატფორმის „სპუტნიკის“ პუბლიკაციების ტირაჟირებით აღვივებს. „ექსკლუზივნიუსი“ კი ამ ჩამონათვალში ჰომოფობიური შინაარის დეზინფორმაციის გავრცელების გამო მოხვდა.

მედიასაშუალებებს, რომლებიც სიძულვილის ენით, ანტიდასავლური განწყობებით და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებით გამოირჩევიან, მხოლოდ 2015 წელს სახელმწიფო უწყებებიდან 206 ათას ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი გაუფორმდათ.

ცხრილი 1:საბიუჯეტო კონტრაქტები მედიასაშუალებებთან, რომლებიც აღვივებენ სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს

მედიის დასახელება 2013-2014 წელი 2015 წელი
საქართველოს რესპუბლიკა 63 923 85 916
ობიექტივი 52 167 68 616
ალია და კვირის ქრონიკა 48 650 21 816
Newspress.ge 23 371
ექსკლუზივნიუსი 4 730
ასავალ დასავალი 1 200 2 500

2016 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო უწყებებიდან Newspress-ის დაფინანსება 2016 წელს გაიზარდა და კონტრაქტების ღირებულებამ 28 941 ლარი შეადგინა. ამასთან, „წინასაარჩევნო მედია გარემოს“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ საბიუჯეტო ორგანიზაციებს 41 790 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

დასკვნა

"მედიის განვითარების ფონდის" 2015 წლის ანგარიშის თანახმად, მედიასაშუალებები, რომლებიც სიძულვილის ენით და ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევიან, 2013-2014 წლებში სახელმწიფო უწყებებისგან სარეკლამო კონტრაქტების და სხვა ხელშეკრულების სახით დაფინანსება მიიღეს.

სერგი კაპანაძესთან დებატებში აკაკი ზოიძემ ეს ფაქტი ნაწილობრივ დაადასტურა. თუმცა, მან განაცხადა, რომ მათი დაფინანსება დიდი ხანია აღარ გრძელდება. "მედიის განვითარების ფონდის" 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ანტიდასავლური და სიძულივილის ენის გამომხატველი მედიასაშუალებების დაფინანსება 2015 წელსაც გრძელდებოდა. ამასთან, მათ ორი ახალი ონლაინ გამოცემაც („Newspress“ და „ექსკლუზივნიუსი“ დაემატა). „საქართველოს რესპუბლიკამ“, „ობიექტივმა“ და „ასავალ დასავალმა“ გასულ წელს იმაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს, ვიდრე 2013-2014 წლებში.

2016 წლის მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, სიძულვილის ენის გამომხატველი და ანტიდასავლური მედიის დაფინანსება გრძელდება. 2016 წელს Newspress-ის საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდა, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ კი, 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 41 ათას ლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმეს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე,აკაკი ზოიძის განცხადება კი -ტყუილი.

თეგები:

პერსონები