საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. შემთხვევათა უმრავლესობაში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან.
ორივე პარტიას ახალი საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული კონკრეტულ ოლქებში ლოკალურ თუ საერთო ეროვნულ დონეზე. უკვე ჩამოყალიბებულია ამ კამპანიების ფორმატი და სლოგანები.
„#არდეიზარო, მოდი 30 ოქტომბერს“ - ამ მოწოდებით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისა და მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ახალი კამპანიის პრეზენტაცია მან თანაპარტიელთან და ოზურგეთის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულ არჩილ თალაკვაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მოაწყო.
არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება ახალი კამპანიით დაიწყო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“. „+1“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომლითაც პარტია იმ დაახლოებით 500 000 ადამიანს მიმართავს, ვინც 8 ოქტომბრის არჩევნებში მხარი „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობას“ დაუჭირა. ისინი საკუთარ ამომრჩეველს სთხოვენ, რომ თითოეულმა მათგანმა თავისი ერთი ნაცნობი, რომელიც არჩევნებზე არ ყოფილა, ან ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ მიუცია, დაარწმუნოს, რომ არჩევნების მეორე ტურში მისვლა და პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერა აუცილებელია.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა ამასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.
გარდა თავად პარტიებისა, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისკენ საზოგადოების ცალკეულმა წარმომადგენლებმაც მოუწოდეს.
„უნდა გახვიდეთ აუცილებლად, „ენმ“. და ვისაც არ მოგვიცია თქვენთვის ხმა, ახლა აუცილებლად უნდა მოვიდეთ და სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, უნდა მივცეთ ხმა. ოპოზიციის გარეშე ამ ფაშისტების დატოვება რას გვიქადის, მგონი, ერთმნიშვნელოვანია, ისედაც დიდი უპირატესობით არიან. სხვა გზას მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე. გადავახტები ჩემს პირად დიდ ანტიპათიას რურუასადმი და შემოვხაზავ აუცილებლად“, - განაცხადა „პარტიზანი მებაღეების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.
არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველს პროდასავლური პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილიც. 15 ოქტომბერს მათ სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს, სადაც ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის დამკვიდრების საფრთხეებზეა საუბარი.
„არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივა, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს დემოკრატიული პროცესი. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღებამ. საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლებლობას აძლევს მმართველ პარტიას, შეცვალოს კონსტიტუცია და დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი.
უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებამ არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრინციპით იხელმძღვანელოს. მოგმართავთ, თქვენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენილ პარტიებს, რომელთათვისაც გვჯერა, ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები, გამოიჩინოთ პოლიტიკური კეთილგონიერება, აარიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი, ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს, მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად, არჩევნების მეორე ტურში, არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ“, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ადრესატებიც პარლამენტსმიღმა დარჩენილი პროდასავლური პარტიები არიან.
მარკეტინგისა და ინტეგრირებული კომუნიკაციების სპეციალისტი, ელდარ პირმისაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად ადამიანები მიდრეკილი არიან, რომ ძლიერს დაუჭირონ მხარი, ვიდრე შანსი მისცენ პატარა პარტიებს, ან მას, ვინც შედარებით მცირე პროცენტი აიღო.
მისი შეფასებით, კარგია, რომ პარტიებმა მიდგომა შეცვალეს, სლოგანებში ჩანს კონცეფცია, რომ პარტიების სურვილია, ადამიანებს თავი მნიშვნელოვნად აგრძნობინონ და უთხრან, რომ კონკრეტულად მათი ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ზოგადად, ეს ლოკალური მიმართულებები ძალიან მუშაობს და მომწონს, რომ კონკრეტულ რეგიონში თავიანთ ენაზე ესაუბრებიან. იქ შესაძლოა, დახვეწილი სლოგანი ვერ გაიგონ და მნიშვნელოვანია, რომ სათქმელი მათ ენაზე უთხრა“, - ამბობს ელდარ პირმისაშვილი მმართველი პარტიის მიერ გურიაში წამოწყებული კამპანიის შესახებ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაჩნდა ტენდენცია, როდესაც თანაპარტიელები და ერთმანეთთან მომიჯნავე ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ერთმანეთს ეხმარებიან.
„ეს ძალიან მოქმედებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე გაიმარჯვე და კონკრეტული შედეგებით ესაუბრები თანაგუნდელს, რომ მე ამან და ამან გამამარჯვებინა. ეს ასევე იქნება კარგი მაგალითი იმისა, ვის ჰქონდა კარგი კამპანია და ვის - არა.
მაგალითად, თალაკვაძეს ჰქონდა ასეთი სლოგანი - „თალაკვაძე იგებს“ და ასეთმა მიდგომამ ძალიან კარგად იმუშავა. თურმე, საზოგადოება მაინცდამაინც ასეთი დაშტამპული არ ყოფილა, რომ ყველას ერთი და იგივე ვუთხრათ და, თურმე, ცოტა უფრო ორიგინალური და განსხვავებული მიდგომაც მუშაობს“, - აღნიშნა პირმისაშვილმა.
რაც შეეხება „ენმ“-ს, მისი შეფასებით, „+1“ „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის გაგრძელებაა - ისინი მიიჩნევენ, რომ ხმების გარკვეული რაოდენობა დააკლეს და „იმ ნიშნულამდე უნდა მივიდნენ, რაც გამოცხადებული ჰქონდათ“.
„თან ეს კამპანია ჩაჯდა მეორე კამპანიის - „არა საკონსტიტუციო უმრავლესობას“ - ჩარჩოებში. იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა ცუდია დემოკრატიული განვითარებისთვის, ძალიან ცოტაა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი არა მგონია, ხვდებოდეს ამის შედეგებს და გააზრებული ჰქონდეს ეს ყველაფერი. თუმცა, მართალია, ძალიან ცოტა დროა, რომ ეს საზოგადოებას კარგად გააგებინო, მაგრამ შესაძლოა, ამან კარგად იმუშაოს“, - განმარტა პირმისაშვილმა.
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ არასაპარლამენტო პროდასავლური პარტიებისადმი გავრცელებულ მიმართვას, პირმისაშვილის თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ მიმართვის ადრესატი პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ძალიან დაბალია. შესაბამისად, არასამთავრობოები და პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიცია ძირითადად ერთი ჯგუფია, რომელიც გავლენას ვერ ახდენს საარჩევნო პროცესზე.
„მე საერთოდ არ მგონია, რომ მათი პარტიის მხარდამჭერებისთვის ეს კარგი და საინტერესო გზავნილი იყოს. მაგალითად, არ მგონია, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ ისეთი ტიპის ტენდენციები იყოს, რომ, თუკი ეტყვი, რომ მე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მინდა და ამიტომ ვუჭერ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს, ეს იდეა მოეწონოთ. ამიტომ ძალიან საეჭვოა მათი ამ კამპანიაში ჩართვა და ზოგადად, საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა“, - თქვა ელდარ პირმისაშვილმა.
კითხვაზე, სწორედ ამის გამო ხომ არ იკავებენ პარტიები თავს თავისი პოზიციის უფრო აქტიურად გამოხატვისგან, რადგან წინასწარ იციან, რომ ეს მათ რეიტინგზე და ამომრჩევლის განწყობაზე მათ მიმართ შესაძლოა, უარყოფითად აისახოს, პირმისაშვილი პასუხობს: „შესაძლოა. კი, არის მაგაში ლოგიკა“.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პარტიების მხრიდან ახალი საარჩევნო სლოგანების სახით შემოთავაზებულ სიახლეებს მიესალმება.
„ცდა ბედის მონახევრეა. თუმცა, არ მგონია, რომ დიდი იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამომრჩეველი გააქტიურდება“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამომრჩეველმა ნახა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებულია და ახლა მისი გააქტიურება საჭიროა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის.
საყვარელიძის აზრით, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება, რომ თუკი, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, მაშინ კვლავ ჭიდაობის ის სურათი გაგრძელდება, რასაც წინა ოთხ წელს ჰქონდა ადგილი.
„თუკი ამომრჩეველი ვერ მიხვდა, რომ ეს ქვეყანას ავნებს, მაშინ ის არ წავა არჩევნებზე. ამიტომ ეს ასპექტია რაც შეიძლება მკაფიოდ ჩამოსაყალიბებელი და არა მარტო ის, რომ - „მოდი არჩევნებზე“, - ამბობს საყვარელიძე.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიას მხარი იმ ამომრჩეველმა დაუჭიროს, ვისაც 8 ოქტომბერს მისთვის ხმა არ მიუცია.
საყვარელიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული კამპანიის შედეგი ის იქნება, რომ საზოგადოება უარყოფითად განეწყობა თავად ამ კამპანიის ავტორების მიმართ. მისივე თქმით, ეს კამპანია აღიზიანებთ იმ ადამიანებს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმა პრინციპულად არ მიუციათ.
ჩვენს კითხვაზე, გარკვეულ უბნებში ხომ არიან დამოუკიდებელი და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საყვარელიძე პასუხობს: „ეს ხომ არ იგულისხმება, არა? ისინი დიდ რაოდენობას არ წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში, ძირითადად სწორედ იმაზეა აქცენტი, რომ მოგებული „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს. არ მგონია, რომ მაგ მოწოდების ავტორებს დამოუკიდებელი კანდიდატების დარდი ჰქონდეთ“.
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარტიების დიდი ნაწილი იმ პრაგმატული მოსაზრებით ხელმძღვანელობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოწოდება წამგებიანია.
„ეს საჯაროდ ითქვა კიდეც. მაგალითად, კახა შარტავა თავიდანვე იყო მაგ პოზიციაზე, რომ არანაირი განლაგების შემთხვევაში, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და ახლაც ამ პოზიციას აცხადებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.