პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება გარანტირებული საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ემზადება და უკვე კონკრეტული საკითხებიც კი სახელდება, პირველ რიგში რას შეცვლის. თუმცა, პირველ ტურში მმართველი პარტიის გამარჯვება არც ისეთი დამაჯერებელი იყო, შაბათს ზუგდიდსა და მარნეულში გამართულმა განმეორებითმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ სასურველის მისაღწევად დაძაბული ბრძოლა ელის.
8ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მიღების წინააღმდეგ გაერთიანება იყო საჭირო; ბოლო დღეებში სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ანალოგიური შინაარსის მიმართვაც შეიმუშავა, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია შეცვალეს და ღიად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას აღარ აპირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში ხელისუფლების მთავარ ოპონენტს მარტო მოუწევს ბრძოლა.
„ოცნების“ პოტენციური მოკავშირეები და რეალური საკონსტიტუციო უმრავლესობა
მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 44-ში ერთმანეთს მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უპირისპირდებიან. ამ ოლქებიდან კი, საერთო ჯამში, 11 ოლქი იქნება გადამწყვეტი - იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ ვერც ფორმალური და ვერც რეალური საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლოს, „ნაცმოძრაობას“ სწორედ 11 ოლქის მოგება სჭირდება.
მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციის შესაცვლელად 150-წევრიანი პარლამენტის ¾-ის, ანუ 113 დეპუტატის თანხმობაა საჭირო და როდესაც ამას ერთი პარტია საკუთარი ძალით ახერხებს, ეს ნიშნავს, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. ამისთვის კი არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ 46 მანდატი სჭირდება, რადგან, საერთო ჯამში, ჯერჯერობით 67 მანდატი აქვს, 44 - პროპორციული სისტემით და 23 - მაჟორიტარულით გაყვანილი.
ამ გათვლით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 ოლქშიც რომ გაიმარჯვოს, „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად საკონსტიტუციო უმრავლესობა ვეღარ ეყოლება. მაგრამ მეორე საკითხი არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მმართველმა პარტიამ შესაძლოა, „პატრიოტთა ალიანსის“ 6-კაციანი ფრაქცია მიიმხროს.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვება არა 5 ოლქში, არამედ, მინიმუმ, 11 ოლქში სჭირდება, რათა 38 მანდატი ჰქონდეს და მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო 113 დეპუტატის მოგროვება ვერ შეძლოს.
გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტში შექმნილი ძალთა განაწილება „პატრიოტთა ალიანსსა“ და მმართველ პარტიას შორის პოლიტიკური ვაჭრობის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს და პოლიტიკური პროცესები უფრო მეტად პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ 50-დან 5 ოლქში მეორე ტურში მმართველ პარტიას არა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, არამედ სხვა ოპონენტები ჰყავს. მაგალითად, ჭიათურაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი თეიმურაზ გაფრინდაშვილი უპირისპირდება, ხაშურში - „მრეწველების“ წარმომადგენელი სიმონ ნოზაძე, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში - დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე, მცხეთაში - ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი, გორში კი - „თავისუფალი დემოკრატების“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც 8 ოქტომბერს დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მეორე ტურში, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ფორმალურად მაინც აგრძელებს მონაწილეობას.
ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ოლქების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პერსპექტივაზე, რადგანაც მმართველმა პარტიამ აქ მეორე ტურები რომც წააგოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისას, დიდი ალბათობით, ზემოხსენებული ოპონენტების მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება.
გარდა ამისა, კიდევ 1 ოლქში - მთაწმინდაზე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ ოლქში „ოცნებას“ თავიდანვე არ წარუდგენია თავისი კანდიდატი და საჯაროდ უჭერს მხარს ზურაბიშვილის გამარჯვებას.
საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც მთავარი თემა
საკონსტიტუციო უმრავლესობის თემა მეორე ტურის წინ მთავარ საკითხად იქცა და მთავარი მოთამაშეები მხოლოდ ამაზე არიან ორიენტირებული იმდენად, რომ სხვა დაპირებები და სხვა საკითხი აღარავის ახსოვს. ეს კი რა გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგებზე, ამაზე ანალიტიკოსებს შორის ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას პირველ ტურში გარკვეული უპირატესობა მოპოვებული აქვს, რაც, როგორც წესი, მეორე ტურზე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს და ამომრჩეველი ან პასიურობს ან გამარჯვებულ პარტიას აძლევს ხმას.
ამას ემატება „ქართული ოცნების“ ხელში არსებული ადმინისტრაციული რესურსი და სწორედ ამიტომ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ამ ყველაფერს შედეგი ხელისუფლების სასარგებლოდ“ ექნება.
„ხელისუფლების სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს. პირველი ის, რომ პირველ ტურებში მათ საგრძნობი უპირატესობა ჰქონდათ. მეორე ფაქტორი, რაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს, გახლავთ ადმინისტრაციული რესურსი, კარგი გაგებით, და ამ შემთხვევაში დარღვევებს არ ვგულისხმობ. მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზაციას აქვს დიდი მნიშვნელობა და, ცხადია, ხელისუფლება, ამ მხრივ, აშკარა უპირატესობას ფლობს და მესამე ფაქტორი - ისევ ანტი-„ნაციონალური“ სინდრომი.
ეს სამი ფაქტორი, ბუნებრივია, ხელისუფლებას აძლევს დიდ უპირატესობას და ერთადერთი, რაც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ შანსად ვივარაუდოთ, გახლავთ ის, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
პირველი ტურის შემდეგ პირველი განცხადება, რომ ხელისუფლების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველი იქნება, ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა და თანაც არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ამან კი გააჩინა მოსაზრება და მოლოდინი, რომ ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად გაერთიანებას მოახერხებდა. მაგრამ მალევე ცხადი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ საფრთხეზე საუბრობდნენ.
ოპოზიციის ასეთი ნაბიჯი კი ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„მე ვფიქრობდი, რომ ოპოზიცია ამას არ გააკეთებდა და ამის მოლოდინი არც მქონია, რადგან ეს პარტიები თამაშობენ დამოუკიდებელი პარტიის იმიჯის შესაქმნელად და ამიტომ ემიჯნებიან როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ქართულ ოცნებას“.
აქედან გამომდინარე კი წარმოუდგენელია, მათ მოუწოდონ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მისცენ ხმა, თუნდაც არაპირდაპირ და მინიშნებით - რომ მხარი არ დაუჭიროთ სახელისუფლებო კანდიდატს. ამიტომაც ეს კამპანია მოსალოდნელი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, მაგრამ არ იყო მოსალოდნელი ოპოზიციური პარტიებისგან, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლებისთვის მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერის თხოვნით მიემართათ“, - ამბობს „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
საინტერესოა, რომ სწორედ ეს არგუმენტი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ და „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ ის „ნაციონალებს“ მხარს არ დაუჭერდა.
„მე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, ხარაკირი უნდა ჩავიტარო და ოთხი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილიდან ვეღარ გამოვიდე...
პოზიცია ასეთია: ჩემი ხმით და ჩემი ხელით ხელს არ შევუწყობ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებას, მაგრამ ჩემი ხმით და ჩემი ხელით არც იმას გავაკეთებ, რაც მოცემულ შემთხვევაში აბსოლუტურად უშედეგოა. შემდგომ ორივე მხარე შეეცდება, რომ ეს ხელი შემიბოჭონ მათი შემდგომი მოქმედებებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ამ საკითხზე საუბრისას ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამის შემდეგ კი უკვე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვა გავრცელდა, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას.
მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.
მიუხედავად იმისა, რომ საფრთხეზე ყველა საუბრობს, სამოქალაქო სექტორის ამ მიმართვას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და ამას ანალიტიკოსები 2 მიზეზით ხსნიან. პირველი არის ის, რომ საზოგადოებას ეს საკითხი არ აინტერესებს და მეორე, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის ამ მიმართვას შედეგი იმის გამო ვერ ექნებოდა, რომ ისინი რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავენ.
„ეს არგუმენტაცია - საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე - საზოგადოების ძალიან ვიწრო წრისთვის არის მგრძნობიარე და ეს პოლიტიკური მასმარკეტის გზავნილი არ არის. რეგიონებში და თუნდაც თბილისის მცხოვრებთა უმრავლესობისთვის ეს არაფერს ნიშნავს და საფრთხესაც ვერ ხედავენ. ეს არის გარკვეული ელიტარული გზავნილი გარკვეული ელიტარული საზოგადოებისთვის და ეს არის მცირე სეგმენტი. ამიტომ აქედან სერიოზულ შედეგებს არ ველოდები“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
პირადად მასაც აქვს არგუმენტი, რატომ არ დაუჭირა მხარი ამ მიმართვას. ამის მიზეზად კი სწორედ მიმართვის შინაარსს ასახელებს.
„იყო კითხვა, შევუერთდებოდი თუ არა წერილის პათოსს. პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამ წერილის პათოსს არ ვუერთდები იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად არ არის სახიფათო. რისკების შემცველი კი არის, მაგრამ თავისთავად სახიფათო არ არის.
სახიფათო არის ის, რომ ეს აძლევს ხელისუფლებას საშუალებას, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. ძალაუფლების უზურპაცია კი ნიშნავს სხვა ინსტიტუტებზე - მისი კომპეტენციის გარეთ მყოფ ინსტიტუტებზე კონტროლის აღებას. ამ მხრივ, ცალსახად შემაშფოთებელი ტენდენციებია, იგივე სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით და თუ ხელისუფლებას ექნება მცდელობა მედიის გაკონტროლების, სამოქალაქო საზოგადოების ყიდვის ან მისი პრესინგის, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ ძალაუფლების უზურპაციაზე დავიწყოთ ლაპარაკი. მაგრამ დღეს ასეთი დრამატული სურათის დახატვა, ჩემი აზრით, ნაადრევია.
რა დილემის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ? ერთია, რომ ხელისუფლებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა და იმ აუცილებელ ცვლილებებს შეიტანს კონსტიტუციაში, რაც აუცილებელია, რადგან დღეს კონსტიტუცია, ობიექტურად რომ ვთქვათ, დამახინჯებულია. ალტერნატივა რომ გვქონდეს ჩვენ, ანუ გვყავდეს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამის პრევენციას მოახდენდა, ამ შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა, გვეფიქრა, მაგრამ ჩვენ დილემა გვაქვს ასეთი, რომ ან საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება „ქართულ ოცნებას“ ან არადა, მას ეს არ ექნება და მისი შემაკავებელი ძალა იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არანაირი ცვლილებით არ არის დაინტერესებული, რადგან თავის დროზე ეს მახინჯი კონსტიტუცია მათი მიღებულია. ამიტომ კარგ ცვლილებებსაც კი არ დაუჭერენ მხარს, არათუ რაღაც საფრთხის შემცველს.
შესაბამისად, დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან რთული დილემის წინაშე, რადგან ერთ შემთხვევაში კონსტიტუციის სრულ პარალიზებას მივიღებთ, მეორე შემთხვევაში კი შესაძლებელია, მივიღოთ უკვე ამ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და ძალაუფლების უზურპაცია.
თუმცა, აქედან პირველი შემდგარი ფაქტია და მეორე - მხოლოდ შიში და ამიტომ, მე ვიხრები იმ პოზიციისკენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არ დავუჯეროთ, არამედ ცნობად მივიღოთ, რომ მათ კონსტიტუციის წესრიგში მოყვანა უნდათ და ჩვენ, სამოქალაქო ინსტიტუტებმა, მუდმივი პრესინგით ვაიძულოთ, რომ მათ ეს შეასრულონ“, - ამბობს ხუხაშვილი.
ნიკა ჩიტაძე ასევე მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ 11 ოლქში მეორე ტურის მოგება საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ არა შეუძლებელი.
„ველოდები, რომ უმრავლეს ოლქებში მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ვერ ვხედავ მოსახლეობაში რაღაც დიდ გარღვევას, რომ მხარი დაუჭირონ „ნაციონალებს“. ამას ემატება ისიც, რომ ახლა „ქართული ოცნების“ ხელში არის მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი და შესაბამისად, უმრავლეს ოლქებში გამარჯვების მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ აქვს, მოგვწონს ეს თუ არა.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ოლქში გამარჯვების შანსი აქვს და პირველ რიგში ვგულისხმობ იმ ოლქებს, სადაც „ნაციონალების“ უპირატესობაა დაფიქსირებული და ამას, ასევე, ემატება კახეთსა და აჭარაში გარკვეული ოლქები. იმის თქმა, რომ 11 ოლქში გამარჯვებას მოიპოვებენ, რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ გამარჯვების შანსები აქვთ და ვნახოთ“, - ამბობს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.