რომ ბორჯომის თვითმმართველობა ადგილობრივ ბიუჯეტს არაეფექტურად ხარჯავს: „ბორჯომის კოსტავას სახელობის ბაღი, ე.წ. პატარა პარკი, ტალახის და მტვერის ბუდედ იქცა, მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციაზე გაიხარჯა დაახლოებით 500 000 (ნახევარ მილიონ) ლარამდე, კარტოფილის მოხნულ მინდორს უფრო დაამგვანეს, ვიდრე სკვერს“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ, პირველ რიგში, სკვერი მოვინახულეთ (იხ. ფოტოები)და ადგილობრივებსა და დამსვენებლებს ვესაუბრეთ. ბორჯომის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.
„წესიერი მიწა უნდა შემოეტანათ და ბილიკები უნდა გაეკეთებინათ, ხალხი ვერ გადმოდის პარკში. წვიმის დროს კანალიზაცია ამოდის და იტბორება, სიცხეში საშინელი სუნია. ერთი, რაც გააკეთეს, კედლები გალესეს, „ბასეინი“ გააკეთეს და გამწვანება დარგეს“, – გვითხრა ადგილობრივმა ნათია გულოვმა.
სკვერის საფარის შესახებ ჰქონდა პრეტენზია თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსულ თეა ნაცვლიშვილსაც: „ტალახი და ასეთი შიშველი ადგილები არ უნდა იყოს. პარკში ყვავილები ან მწვანე მოლი უნდა იყოს“.
ფაქტ-მეტრმა სკვერის რეაბილიტაციის სატენდერო დოკუმენტაცია მოიძია. როგორც გაირკვა, კოსტავას სახელობის სკვერის რეაბილიტაციისთვის ბორჯომის გამგეობამ ტენდერი 2016 წლის 15 თებერვალს, 518 184 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „ქართლმა“, მიიღო და 473 000 ლარით გაიმარჯვა, საბოლოოდ რეაბილიტაციაზე 441 000 ლარი დაიხარჯა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,სკვერში გათვალიწინებული იყო ძირითადი საფეხმავლო ბილიკის გაფართოება, ახალი ბილიკების დამატება, გამწვანების განახლება ახალი ნარგავების დამატებით, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია, არსებული შადრევნის რეაბილიტაცია, ცენტრალური შესასვლელის დიზაინის შეცვლა, არსებული კიბეების დეკორატიული ელემენტების მოწყობა და განათების შეცვლა-განახლება.
ბორჯომის გამგეობასა და შპს „ქართლს“ შორის ხელშეკრულება (#123) 2016წლის 4 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელს სკვერის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა.
2016 წლის 24 ივნისს, შპს „ქართლსა“ და ბორჯომის გამგეობას შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში და საპროექტო საახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილება შევიდა.ცვლილება ორ დეტალს შეეხო: სამუშაოების შესრულების ვადას 15 კალენდარული დღე დაემატა და გადაწყდა, რომ 19 ივლისს დასრულდებოდა, და მეორე - ხელშეკრულების თავდაპირველი თანხა, 473 000 ლარი, 31 008 ლარით შემცირდა. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში შესული ცვლილება შემდეგს ითვალისწინებდა: მშენებელს, სკვერში ფეხით სავალი ბილიკის ნაცვლად საყრდენი კედელი უნდა გაემაგრებინა, კიბეებთან პანდუსი მოეწყო და შადრევნის კეთილმოწყობისთვის დამატებითი სამუშაოები განეხორციელებინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ კოსტავას სკვერში ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ეს ტენდერის პირობებით იყო გათვალისწინებული.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური ბალახია დათესილი. ბალახს კი ვერ ეტყვი, რამდენიმე კვირაში ამოდიო. გამწვანებისთვის უფრო დიდი თანხა გვქონდა გათვლილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან ზაფხულის პერიოდი დაემთხვა. ის ნარგავები, რაც თავიდან გვქონდა გათვალისწინებული, რომ ჩაგვერგო, შეიძლება გამხმარიყო. ამიტომ საბარდიურე „ტუია“ დავრგეთ, ეს მცენარე კი შედარებით ძვირია და შესაბამისად, ცოტა გამოვიდა“, – განაცხადა გამგებლის იმჟამინდელმა მოადგილემ ვახტან ოჩხიკიძემ (14 სექტემბრიდან ოჩხიკიძე სამუშაოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა).
რაც შეეხება სკვერში არსებულ ტალახს, ვახტანგ ოჩხიკიძემ განაცხადა, რომ თუ იწვიმებს, სკვერში გუბე ყოველთვის დადგება, რადგან ეს „ჩავარდნილი ადგილია“.
"აქ რა ოდენობის მიწა უნდა დაყარო, რომ გადასწორდეს?! ვინმემ მითხრას და მომავალ წელს გავაკეთებთ, ოღონდ მან აიღოს პასუხისმგებლობა, რომ იქნება კარგად გაკეთებული", – აღნიშნა მან და დაამატა, რომ კარგი იქნება, ადგილობრივებმა დაუსაბუთონ, რა არ მოსწონთ.
გამგებლის მოადგილის თქმით, შესრულებული სამუშაოების ნაწილი შესაძლოა ვიზუალურად იმის გამო არ ჩანს, რომ ძირითადი სამუშაოები კოსტავას ქუჩის მხარეს შესრულდა, სადაც ძველი კედელი შეიცვალა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციები გაკეთდა.
ოჩხიკიძემ განაცხადა, რომ ცვლილების შეტანა ხელშეკრულებაში საყრდენი კედლის გამაგრების შესახებ აუცილებელი იყო, რადგან კედელი გზის მშენებლობის პროცესში დაზიანდა.
რაც შეეხება კომპანიის მიერ სამუშაოების ვადის გადაცილებას, ვახტანგ ოჩხიკიძე ამბობს, რომ ამის გამო მშენებელი დაისაჯა და 10 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ ბორჯომში კოსტავას სახელობის ბაღს რეაბილიტაცია ნამდვილად ჩაუტარდა და სამუშაოებზე 441 000 ლარი დაიხარჯა. სკვერის დათვალიერებამაც და ადგილობრივების კომენტარებმაც დაადასტურა, რომ დასასვენებელ ადგილს საფარი ჯერ ისევ მოსაწესრიგებელი აქვს და წვიმის შემდეგ აქ ნამდვილად ტალახია. ეს ფაქტ-მეტრთან საუბარში გამგებლის მაშინდელმა მოადგილემაც დაადასტურა. ფაქტობრივად, ვახტანგ ოჩხიკიძემ განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარება სკვერის ადგილმდებარეობის გამო, შეუძლებელია. გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის მაღალი ხარჯები საყრდენი კედლის გამაგრების ძვირადღირებულმა სამუშაოებმა განაპირობა, რაშიც გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გიუაშვილის განცხადება არის სიმართლე.