ე.წ. ხრუშჩოვკების მშენებლობა თბილისში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის შენობები ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის არ შენდებოდა, ისინი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით სწრაფად დასაკმაყოფილებლად იყო განკუთვნილი და 25-წლიანი სარგებლობის ვადა ჰქონდა.
მცირე საექსპლოატაციო ვადის მიუხედავად, „ხრუშჩოვკები“ 21-ე საუკუნის თბილისის არქიტექტურის შემადგენელ ნაწილად რჩება. თუმცა, პერიოდულად ქალაქის ხელისუფლება მათი ჩანაცვლების - „ხრუშჩოვკების“ დანგრევისა და მათ ადგილას ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებაზე იწყებს საუბარს. ასე იყო 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ და ასეთივე შინაარსის განცხადებები გაკეთდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც.
2014 წელს თბილისის საკრებულოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა. მემორანდუმით ინვესტორი 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემოტანას გეგმავდა, რომელსაც ამერიკიდან მოიზიდავდა.
პროექტის დაწყება ძველი თბილისიდან იგეგმებოდა. პირველ ეტაპზე ძველ თბილისში არსებული „ხრუშჩოვკები“ უნდა დანგრეულიყო და მათ ნაცვლად 15-სართულიანი კორპუსები უნდა აშენებულიყო.
სპეციალისტთა უმრავლესობა ამ წამოწყებას სხვადასხვა მიზეზების გამო თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა და ეს ეჭვები გამართლდა კიდეც - მემორანდუმის გაფორმების იქით საქმე არ წასულა და „ხრუშოვკები“ თბილისში კვლავ ხელშეუხებლად დგას.
„ხრუშოვკების“ თემა წინასაარჩევნოდ კვლავ აქტუალური გახდა ორიოდე კვირის წინ, როდესაც თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის დაწყება დააანონსა. მისი ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური ნაწილი მალე ახალ სახეს შეიძენს, კერძოდ ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშჩოვკებს“ ახალი შენობები ჩაანაცვლებს.
„არის შენობები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვს. გარდა იმისა, რომ ავარიულია, მსგავსი შენობები ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს. დაგეგმილია ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ. „ხრუშჩოვკების“ განახლება და ახლით ჩანაცვლება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, 30 ობიექტზე უკვე მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ახალი გეგმის მიხედვით კი 56 ავარიული შენობის რეაბილიტაცია იგეგმება.
„სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს და დასრულდეს, რადგან სახელმწიფოს იმ პირებისთვის ქირის გადახდა, ვისი გასახლებაც მშენებლობის პერიოდში უწევს, დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაუჯდება“, - დასძინა მან.
„ფაქტ-მეტრი“ საკითხის დეტალურ გარკვევას შეეცადა. ჩვენ ჯაბა სამუშიას დავუკავშირდით და „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და მერიასთან გადაგვამისამართა.
ჩვენ მერიასაც დავუკავშირდით. მათი ინფორმაციით, მერიაში ჯერჯერობით „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი არ განიხილება.
„ხრუშჩოვკების“ თემასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრმა“ კომენტარი თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორ მამუკა სალუქვაძესაც სთხოვა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მის ჯგუფს გაცემული აქვს „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის თბილისის გარეუბნებში განხორციელების რეკომენდაცია. რამდენადაც მისთვის ცნობილია, განიხილებოდა პროექტის დაწყება ვარკეთილში. თუმცა, პროექტის უკვე დაწყების შესახებ მათთვის არაფერია ცნობილი.
„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის დაწყებას მერია უარყოფს. რის საფუძველზე დააანონსა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ პროექტის დაწყება, აქვს თუ არა მის განცხადებას რეალური საფუძველი, თუ ეს უბრალოდ წინასაარჩევნო მანიპულაციის თემა იყო - გაუგებარია.
გათავისუფლდება თუ არა თბილისი „ხრუშჩოვკებისგან“? ეს კითხვა ჯერჯერობით კვლავ პასუხგაუცემელია.