მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაკავების სპეცოპერაციაზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა მინისტრმა კრიმინალებად მოიხსენია 20 წლის ბიჭები, რომელთა ბრალეულობა დამტკიცებული არ არის და მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა. შევადაროთ კორცხელის ინციდენტს, როდესაც ფიზიკური ძალადობა მოხდა და ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებმა და რამდენიმე დღის, თითქმის კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, პოლიცია ამ ადამიანებს მოწიწებით ეპატიჟებოდა დაკითხვაზე,“ - განაცხადა აბესაძემ.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2016წლის საპარლამენტო არჩევნების პირველმა ტურმა განსაკუთრებული ხმაურით მარნეულის 48-ე უბანზე (სოფელი ყიზილაჯლო) ჩაიარა, რასაც საბოლოოდ ამ კონკრეტულ უბანზე შედეგების ბათილად ცნობა და 22 ოქტომბრისთვის პირველი ტურის ხელახალი კენჭისყრის დანიშვნა მოჰყვა. არჩევნების დღეს შენობის გარშემო, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც უბანზე შეჭრას ცდილობდნენ. მათ სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა სხეულის დაზიანება მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ახმედ იმამყულიევის განცხადებით, ამომრჩეველთა უკამყოფილება "ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების გაყალებების მცდელობას მოჰყვა, ხოლო "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანს, ყუთის გატაცებისა და არჩევნების ჩაშლის მიზნით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაესხნენ თავს. საქმეზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1621-ე მუხლით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კომპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული მუხლი, სისხლის სამართლის კოდექსს 2016 წლის 24 ივნისს, კორცხელის ინციდენტის შემდეგ დაემატა.
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 13 ოქტომბერს გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სპეცრაზმის გამოყენებით, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით), რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი 6 პირი დააკავეს. ადვოკატის, დავით კაკოიშვილის განცხადებით, სამი დაკავებული ნაცემია. „ისინი დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, ისინი სცემეს, მათგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ თითქოს მათ ნამდვილად ჩიაიდინეს ის ქმედება, რომელსაც ედავებიან,“ - განაცხადა კაკოიშვილმა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. „არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები, ოქმებისა და ფოტომასალაების სახით“ - ნათქვამია შსს-ს სპეციალურ განცხადებაში. ოპოზიცია მმართველ პარტიას სამართლის შერჩევითობაში ადანაშაულებს. „მთელი ამბავი იყო ყველგან - სამეგრელოში, ქუთაისში და სხვაგან. ვინმესთან მივიდნენ, დაკითხეს, როცა კამერებს ამტვრევდნენ და ჟურნალისტებს სცემდნენ? ეს არის ჩვეულებრივი ძალის დემონსტრირება, შეშინება,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა გიგი წერეთელმა. დაკავების ფორმამ გარკვეული კითხვები სამოქალაქო საზოგადოებაშიც გააჩინა. არასამთავრობოთა ნაწილის მოსაზრებით, სპეცრაზმით ჩატარებული დაკავებები მმართველი გუნდის მიერ ძალის დემონსტრაციას ჰგავს. „ოპერაციის სახე, რომელიც მედიით გავრცელდა, იმისგან განსხვავებულია, როგორ ძალასაც იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები მაშინ, როცა პასუხისგებაში საკუთარი მხარდამჭერების მიცემა უწევთ. შესაძლებელია, ეს იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მხარდამჭერებს საკუთარი ძალა დაანახოს,“ - განაცხადა„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კი განაცხადა, რომ დაკავებისთვის გამოყენებული ძალა ადეკვატური და მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო. „სპეცრაზმი გამოყენებული იყო იმიტომ, რომ ყიზილაჯლოში ჩვენ გვქონდა რისკი პოლიციელების სიცოცხლესთან დაკავშირებით, რა დროსაც, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, გამოიყენება სპეციალური დანაშაულების რაზმი და ვინც მათ წინააღმდეგობას გაუწევს, ის მიიღებას იმას, რაც მიიღეს“ - განაცხადაშალვა ხუციშვილმა.
2016წლის 22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კორცხელის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი დაშავდა, მათ შორის გიგა ბოკერია და ნიკა მელია. ამ შემთხვევას სამართალდამცავების მხრიდან განსხვავებული რეაგირება მოჰყვა. ენმ-ის წევრების განცხადებით, დაპირისპირებაში "ქართული ოცნების" „ზონდერჯგუფები“ მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, დაპირისპირების მონაწილეებმა თავად დაადასტურეს, რომ მართლაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ.
კორცხელის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს და ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითა და გამასწორებელი სამუშაოთი ისჯება. სამოქალაქო აქტიურობის შედეგად კი ფაქტის უფრო მძიმე დანაშაულად გადაკვალიფიცირება მოხდა და საბოლოოდ 5 პირს ბრალი 239-ე მუხლით წარედგინა, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო ერთ პირს ბრალი უფრო დაუმძიმდა (239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი - იგივე ქმედება ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე).
აღნიშნულ პირებს, პროკურატურის მოთხოვნის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეეფარდათ (ხუთ მათგანს 7-7 ათასი ლარი, ხოლო ერთს- 10 ათასი ლარი). პროკურორის განცხადებით,უფრო მკაცრი აღკმკვეთი ღონისძიება იმ მიზნით არ იქნა გამოყენებული, რომ ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოში თავისით გამოცხადდნენ და მათი მიმალვის საშიშროება არ არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ კორცხელის ინციდენტისგან განსხვავებით, მარნეულის ინციდენტისთვის დაკავებულ პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების უკმაცრესი ზომა - პატიმრობა იქნა გამოყენებული. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მიესალმება. მაშინ, როდესაც კორცხელის ინციდენტის დროს აღკვეთის სახით პატიმრობის არგამოყენებისას, მმართველი პარტიის წევრები საერთაშორისო რეკომენდაციებზე საუბრობნენ. „საქართველოს აქვს რეკომენდაცია, რომ რაც შეიძლება იშვითად გამოიყენოს წინასწარი პატიმრობის ღონისძიება. ის, რომ პროკურატურა არ ითხოვს პატიმრობას - ეს არის სწორი გადაწყვეტილება. პატიმრობის გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს,“ - განაცხადაკორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ება ბესელიამ.
აღსანიშნავია ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის განსხვავებული მიდგომა ამ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, კორცხელის ინციდენტის დროს მან სამართლებრივი შეფასებისგან თავი შეიკავა და საზოგადოებას მოუწოდა, გამოძიების დასრულებას დალოდებოდნენ, ხოლო მარნეულის საარჩევნო უბანში არჩევნების ჩაშლაში ბრალდებული პირები კრიმინალებად მოიხსენია. „ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე,“ - განაცხადამღებრიშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ბრალეულობა ჯერ სასამართლოს არ დაუდგენია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება არა მხოლოდ შერჩევითი სამართლის, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნებსაც შეიცავს. აღნიშნულ საკითხზე მტკიცებით ფორმაში საუბარი კი მინისტრის მხრიდან გაუმართლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტულ უბანზე არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და არ არის გამორიცხული, მეორე ტურის დანიშვნაც გახდეს საჭირო.
დასკვნა
კორცხელისა და მარნეულის ინციდენტებს როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან განსხვავებული რეაგირება და შეფასებები მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კორცხელის შემთხვევაში დანაშაულის შესაძლო ჩამდენები მმართველი პარტიის მხარდამჭერები, ხოლო მარნეულის შემთხვევაში კი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან.
განსხვავებული მიდგომა განსაკუთრებით თვალშისაცემია შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელმაც კორცხელის ინციდენტის შემთხვევაში სამართლებრივი შეფასებისგან თავი შეიკავა, ხოლო მეორე შემთხვევაში, უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულვებელყოფით, მარნეულში არჩევნების ჩაშლაში ბრალდებული პირები კრიმინალებად მოიხსენია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.