აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა ბატალიებმა სხვა ფორმატში გადაინაცვლა, სადაც ერთმანეთს უკვე ორი პარტია უპირისპირდება. მეორე ტურმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ეყოლება უმრავლესობა აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - „ქართულ ოცნებას“ თუ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები სწორედ ამ ორი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის უნდა გამოვლინდნენ.
უსკომ წინასწარი პირველადი შედეგების შეჯამება უკვე დაასრულა და გამოაქვეყნა. პროპორციული სისტემით მიღებული მონაცემები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 45,1%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29,6%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 5,9%; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი“ – 5,7%.
აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატი უნდა შევიდეს, 15 პროპორციული, ხოლო 6 მაჟორიტარული სისტემით. უსკოს მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში 8 წევრი შეჰყავს, ენმს-ს – 5, ხოლო „პატრიოტთა ალიანსსა“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ – თითო-თითო.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ექვსივე ოლქში მეორე ტური ჩატარდება. პირველი ტურის მაჟორიტარული შედეგების მიხედვით, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს. უსკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
ბათუმის 68-ე ოლქი: ვახტანგ წულაძე („ოცნება“) – 41,01% (10 268 ხმა), ელგუჯა ბაგრატიონი („ნაცმოძრაობა“) – 33,65% (8425);
ბათუმის 69-ე ოლქი: ილია ვერძაძე („ოცნება“) – 42,97% (10 381), ნინო ჯინჭარაძე („ნაცმოძრაობა“) – 27, 04% (6532);
ბათუმის 70-ე ოლქი: ნუგზარ სურმანიძე („ოცნება“) – 43,91% (11 191), გია აბულაძე („ნაცმოძრაობა“) – 29,24% (7453);
ქობულეთის 71-ე ოლქი: გიორგი რომანაძე („ოცნება“) – 43,38% (11 565), მამული სურმანიძე („ნაცმოძრაობა“) – 26,02% (6 936);
ხელვაჩაურის 72-ე ოლქი: მერაბ კარანაძე („ოცნება“) – 39,96% (9475), ქენან კახიძე („ნაცმოძრაობა“) – 26,8% (6 355);
ხულო-ქედა-შუახევის 73-ე ოლქი: ხვიჩა შარაშიძე („ოცნება“) – 45,9% (14 160), ნუგზარ ამაღლობელი („ნაცმოძრაობა“) – 26,5% (8174).
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას მეორე ტურში გადამწყვეტი გამარჯვების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს – „ოცნებას“ 6-ვე ოლქში დამაჯერებელი უპირატესობა აქვს და უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის (11 ადგილი) მისაღებად 6-დან 3 ოლქის მოგება სჭირდება, ხოლო თუკი მმართველი პარტია 6-ვე ოლქს მოიგებს, უმაღლეს საბჭოში უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
მეორე მხრივ, უმრავლესობის მიღების თეორიული შანსი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს, ოღონდ ამისთვის მან მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში უნდა მოიგოს.
საინტერესო და მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული პარტიებისთვის მომგებიანი კომბინაცია შეიქმნება, თუ ექვსი მაჟორიტარიდან „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთს ან ორს გაიყვანს, ხოლო დანარჩენს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ შემთხვევაში უმრავლესობა არც ერთს არ ეყოლება და ორივე პარტიას „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ხმების მოსაპოვებლად ბრძოლა მოუწევს, რათა მთავრობა საკუთარი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს.
ვინ რას ელის მეორე ტურში
მეორე ტურის შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, ვის დაუჭერს მხარს როგორც უმაღლეს საბჭოში შესული, ისე გარეთ დარჩენილი პარტიების ელექტორატი.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე სიის პირველი ნომერიც არის. ის უკვე აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრია, მაგრამ მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გია აბულაძეს დაუპირისპირდება.
„ფაქტ-მეტრთან“ კომენტარში ნუგზარ სურმანიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ყველა ოლქს მოიგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება, ამიტომ კოალიციის შექმნის აუცილებლობას რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალასთან ვერ ხედავს.
ვის მოიაზრებს „ქართული ოცნება“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, ამაზე ნუგზარ სურმანიძე კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდ, ცალსახად აცხადებს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დარჩება და პარტიაში სხვა კანდიდატურა არც განიხილება.
მეორე ადგილზე გასული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე ერთ-ერთია, ვინც პარტიის სხდომაზე პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ ქვეყნისა და ავტონომიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში აუცილებლად შევლენ, რადგან პარტიამ ეს ხმები დაძაბული ბრძოლის ფონზე მოიპოვა.
ლევან ვარშალომიძის თქმით, მათ ასამდე საჩივარი აქვთ მომზადებული და ეცდებიან, მეორე ტურამდე დაამტკიცონ, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ენმ“-ს ლიდერს იმედი აქვს, რომ მეორე ტურში ხუთ მაჟორიტარს გაიყვანენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმრავლესობა არ ეყოლებათ, დანარჩენ სამ პარტიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ამის მიზეზად ინტერესთა შეუთავსებლობას ასახელებს და ამბობს, რომ მათ პარტიას მკვეთრად გამოხატული პროდასავლური კურსი აქვს.
ვარშალომიძე აცხადებს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა ჯერ არ შეურჩევიათ, მთავრობის თავმჯდომარედ კი თავის თავს მოიაზრებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით უკვე შევიდა, 22 ოქტომბრამდე მედიასთან ურთიერთობას საერთოდ წყვეტს. მისმა პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ პარტიას დაგეგმილი აქვს გრანდიოზული შეხვედრა საკუთარ ელექტორატთან, რის შემდეგაც მისი სამომავლო გეგმები გახდება ცნობილი. მანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები კომენტარს არ აკეთებენ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე დღის წინ დავით თარხან-მოურავმა აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში საკუთარი ადგილის „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისთვის დათმობაზე ისაუბრა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავმა თავისი მანდატის სიის მეორე ნომრისთვის დათმობის თაობაზე უსკოს უკვე მიმართა. თუმცა, ეს საკითხი პირველივე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს.
კიდევ ერთი ახლად არჩეული დეპუტატი, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ცინცქილაძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოში შევლენ და მას ტრიბუნად გამოიყენებენ. რაც შეეხება იმას, ვისკენ წარმართავენ არჩევნების მეორე ტურში თავიანთი ელექტორატის ხმებს, ამაზე გიორგი ცინცქილაძემ გვიპასუხა, რომ მათი პარტია ამ პროცესებში არ ერევა.
გარდა ამისა, ცინცქილაძე აცხადებს, რომ მანდატები არასწორად განაწილდა და მის პარტიას 1 ადგილი დააკლეს.
რა ფორმულით ნაწილდება მანდატები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ განმარტავს მანდატების მინიჭების წესს იმ პარტიებისთვის, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამ კანონის 65-ე მუხლში წერია, რომ პროპორციული სიით გასანაწილებელი მანდატების მინიჭებისას პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 15-ზე და იყოფა ბარიერგადალახული სუბიექტების ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ამ პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, თითო უნდა მიეცეს იმ სუბიექტებს, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მაგრამ მანდატი ვერ მიიღეს. თუ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა ასეთ სუბიექტებზე ნაკლებია, მაშინ მას მანდატი მიენიჭება იმ სუბიექტის ხარჯზე, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ამ კანონითა და უსკოს მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, „ქართულ ოცნებას“ (ზემომოყვანილი ფორმულის მიხედვით მივიღებთ 7,8403-ს) 7 მანდატი ეკუთვნის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 5 (5,1459), „ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ – 1 (1,0226).
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“, დადგენილი მეთოდით დათვლისას ირკვევა, რომ ეს მაჩვენებელი 0,0991-ია, ანუ ამ პარტიამ 5%-იანი ბარიერი კი გადალახა, მაგრამ მანდატის მისაღებად ხმათა რაოდენობა არ ეყო. ასე რომ, სამმა პარტიამ თხუთმეტი მანდატიდან ცამეტი გაინაწილა. რჩებოდა კიდევ ორი მანდატი, რომელთაგან ერთი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ უნდა მიეცათ, ხოლო მეორე, გიორგი ცინცქილაძის თქმით, „ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. ასეთ შემთხვევაში მათ უმაღლეს საბჭოში ორი წარმომადგენელი ეყოლებოდათ.
ჩვენ უსკოს დავუკავშირდით და გიორგი ცინცქილაძის განცხადებაზე კომენტარი ვთხოვეთ. მათი განმარტებით, დარჩენილი ერთი მანდატი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ საარჩევნო კანონს არასწორად განმარტავს.
გარეთ დარჩენილები
„ფაქტ-მეტრი“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს ნინო ბერიძესაც დაუკავშირდა. ის ბათუმის 69-ე ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ბერიძე აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ტურში რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად თავისი ამომრჩევლების მობილიზებას არ აპირებენ.
ასევე, გამორიცხავს საკუთარი ელექტორატის გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის გავლენას „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში ზაურ ახვლედიანი.
მეორე ტურის შედეგებზე დამოკიდებულია, ვინ მიიღებს მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაკომპლექტებაში. „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესების სამართავი ბერკეტის მოპოვებას ეცდებიან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით შესვლის შანსი ჯერჯერობით ორივე პოლიტიკურ ძალას აქვს.
ნაზი რეხვიაშვილი, მაია მერკვილაძე