იტვირთება

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლას შემდეგი სამი პოლიტიკური სუბიექტი შეძლებს: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. აღნიშნულ პარტიებს შორის, არჩევნებზე მისული მოსახლეობის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48.68%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27.11%, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5.01%.

პროპორციული სისტემით, პარტიების მიერ მიღებული პროცენტები სადეპუტატო მანდატების მიხედვით, ასე ითვლება: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სიით პარლამენტში 44 დეპუტატს შეიყვანს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27 დეპუტატს. ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ კი პარლამენტში 6-კაციანი კვოტით შევა.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ცესკოს მონაცემებით, მაჟორიტარული სისტემით საქართველოს მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გამარჯვება 23 მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური 73 მაჟორიტარული ოლქიდან, 50 ოლქში გაიმართება. მათგან 18 - თბილისში, 32 კი რეგიონებშია.

50 მაჟორიტარული ოლქიდან სადეპუტატო მანდატებისთვის ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იბრძოლებენ. ცესკოს ინფორმაციით, გამარჯვებული მაჟორიტარების გამოსავლენად საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება არაუგვიანეს 2 ნოემბრისა.

თუკი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული ხმების რაოდენობას დავაჯამებთ, გამოდის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს. არსებული მონაცემებით, მას პარლამენტში 67 დეპუტატი გარანტირებულად შეჰყავს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად 50-დან 46 მაჟორიტარული ოლქის მოგება სჭირდება.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ამ 50-ვე მაჟორიტარული ოლქიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა, რამდენიმე ოლქში საპირისპირო სიტუაციაა, ან ორ საუკეთესო კანდიდატს დაახლოებით თანაბარი შედეგები აქვს. აქედან გამომდინარე, გადაჭრით იმის თქმა, რომ „ოცნება“ მეორე ტურების შედეგების მიღებით საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, ნაადრევია.

პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური პარტიების ერთ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და შესაბამისად, მის ხელში შეუზღუდავი ძალაუფლების კონცენტრირება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხის მატარებელი იქნება. შესაბამისად, მათი მხრიდან გაისმა განცხადებები, რომ მეორე ტურში ხმების საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მობილიზება უნდა მოხდეს, რაც ოლქების უმრავლესობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს.

გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას, „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განმარტა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩენა სახიფათოა.

„ნუ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილის არაკვალიფიციური კონგლომერატი. მაგალითად, ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში კობა ნარჩემაშვილი თუ გიგი წერეთელი, აქ მე კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ ვარ. რომ ვიყო ქუთაისის იმ ოლქის ამომრჩეველი, ხმას მივცემდი ნარჩემაშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

იდენტური შინაარსის განცხადება გააკეთა ახალი პოლიტიკურ ცენტრის „გირჩის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ:

„აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. „გირჩის“ წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ამ ტექსტით ვაპირებ, ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა, ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო - მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. ვიცი, რომ შანსები ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე.

„მხარი დაუჭირეთ იმას, რომ ერთ პარტიას არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის საფრთხე. მე ვაკეში მეორე ტურში ამ ლოგიკით მხარს დავუჭერ ელენე ხოშტარიას“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ კარგად გაიაზრონ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებასთან დაკავშირებული რისკები და მეორე ტურში არჩევანი ამის მიხედვით გააკეთონ.

„ჩვენ საერთოდ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე, რადგან როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, ეს ყოველთვის არის დემოკრატიისთვის საფრთხე. ჩვენ არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებთ, მოვუწოდებთ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაიაზრონ და დაფიქრებით გადაჭრან მათ წინ არსებული ამოცანა“, - განაცხადა გოგუაძემ.

„ფაქტ-მეტრი“ ამ საკითხზე სხვა პარტიების პოზიციით დაინტერესდა.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას გამორიცხავს. თუმცა, თავის ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ მეორე ტურშიც წავიდნენ არჩევნებზე.

ამასთანავე, ისინი საარჩევნო ყუთების ხელახლა გახსნასა და ხმების გადათვლას ითხოვენ. შესაბამისად, მათი აზრით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს საუბარი იმაზე, როგორ ჩატარდება მეორე ტურები და ვის რამდენი პროცენტი ექნება.

პაატა ბურჭულაძის თანამოაზრე და მისი საარჩევნო ბლოკის წევრი, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პირდაპირ მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ მეორე ტურში ხმა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეა ქვეყნისთვის დაქართული ოცნებისთვისაც. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ არის, ამ შემთხვევაში მთავარია სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვიდეთ,“ - აცხადებს ვაშაძე.

თუმცა, თავად ბურჭულაძის პარტიაში „მოძრაობა ხალხისათვის“ ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

„ჯერჯერობითპარტია არ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ, უბრალოდ, მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ არჩევანი. თუმცა, ჩვენ არცერთ პოლიტიკურ ძალას მხარს არ ვუჭერთ. არც აღნიშნული მიმართულებით ყოფილა კონსულტაციები რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. შესაბამისად, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განგვიცხადეს გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრესსამსახურში.

„ლეიბორისტული“ პარტიის განმარტებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში.

„ჩვენ ამ პოზიციაზე ვიყავით თავიდანვე და ასე ადვილად არ ვცვლით ხოლმე პოზიციას“, - განაცხადეს პარტიაში.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, რატომ ვერ ახერხებს პოლიტიკური სპექტრი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას, თუკი ცალ-ცალკე თითოეული მათგანი აღიარებს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

„ფორმულა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ პერსპექტიულია, მაგრამ ამას ძალზე მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება, რაც ჩვენში შეუძლებელია. ამიტომ გასაგებია, რომ გაერთიანება ვერ მოხდება“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების შემთხვევაშიც, „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის „წართმევა“ რთული იქნებოდა, რადგან „ოცნება“ ამას არ დაუშვებს“ და მას ამისთვის როგორც კანონიერი, ისე კანონსმიღმა არსებული ყველანაირი ბერკეტი აქვს.

ცინცაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თითქოს ამბობს, რომ მას ხმები მოჰპარეს, რატომღაც ყველა გაჩუმებულია. არავის არანაირი პროტესტი არ აქვს, გარდა ნინო ბურჯანაძისა, რომელიც, მისივე შეფასებით, ხმალამოღებული იბრძვის.

„თვით ნათელაშვილიც კი ჩუმად არის“, - ამბობს სოსო ცინცაძე.

კითხვაზე, რატომ? ცინცაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, მე მხოლოდ შემიძლია, კითხვები დავსვა. ბევრი ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, გარიგებები იყო, ფულმა შეასრულა თავისი როლი თუ რა იყო, ვერ გეტყვით“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის შეფასებით კი, გარკვეული პოლიტიკური პარტიები გაურბიან იმას, რომ მათ არ დააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა. შესაბამისად, იმის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ვერ ხერხდება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, სწორედ ეს არის.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ამის უკან ახალ მთავრობაში გარკვეული პოსტების მოლოდინი იყოს, ნიკა ჩიტაძე პასუხობს, რომ ცხადია, მსგავსი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, თუმცა მხოლოდ ყოფილ „თავისუფალ დემოკრატებთან“, ირაკლი ალასანიას გამოკლებით. ამას ადასტურებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, სადაც ისინი „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილ წევრებთან მიმართებით, გარკვეულ სიმპათიებს აფიქსირებენ.

მისივე თქმით, ნაკლებად არის შესაძლებელი, რომ რომელიმე „რესპუბლიკელმა“ „ქართული ოცნების“ ახალ მთავრობაში დაიკავოს გარკვეული პოსტი, რადგან ისინი მსგავსი ტიპის შემოთავაზებას არ მიიღებენ.

ნიკა ჩიტაძისვე განმარტებით, ოპოზიციური სპექტრის გაერთიანების შემთხვევაშიც ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა, რომ ამ გაერთიანებას შედეგი გამოეღო. მისი თქმით, პარტიებს გაუჭირდებოდათ მათი ამომრჩევლის მობილიზება და იმაში დარწმუნება, რომ მათ ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა კანდიდატების სასარგებლოდ მიეცათ.

„თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ რთულად გადასაწყვეტი ამოცანაა. მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც თავისი ძალებით მოუწევს ბრძოლა, სადაც რეალური შანსია, რომ მათ გაიმარჯვონ. ვგულისხმობ აჭარის რამდენიმე რეგიონს, ქვემო ქართლსა და კახეთის რამდენიმე რეგიონს, ნაკლებად - თბილისს“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

კითხვაზე, რამდენად აქვს ცალკე აღებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი, რომ საკუთარი ძალებით დაპირისპირების შემთხვევაში გარკვეულწილად გამოგლიჯოს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩიტაძე პასუხობს:

„ძალზე რთულია, მაგრამ შესაძლებელი. რეალურად, დაახლოებით 10-11 ოლქში უნდა მოახერხოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამარჯვება, რომ 113 ადგილი ვერ დაიკავონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პარლამენტში. ძალიან რთული ამოცანაა, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს, სახელმწიფო უწყებები არიან მობილიზებული. შესაბამისად, მას უფრო აქვს ბერკეტი, რომ შეძლოს ხალხის დარაზმვა“.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი