ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა განაცხადა: „დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყოველი მეშვიდე ადამიანი ნასესხები ფულით ყიდულობს საჭმელს, ეს არის ოქსფამის კვლევა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ადამიანი არის სიღარიბეში. მილიონ ორასი ათასი ადამიანი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში“.
ფაქტ-მეტრმა ირაკლი ყიფიანის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამმა 2016 წლის მაისში „საქართველოში კვების ეროვნული კვლევა“ გამოაქვეყნა.კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. ყველაზე დიდი ტვირთი დაბალშემოსავლიან ოჯახებზე და მარტოხელა პენსიონერებზე მოდის. კვლევა აჩვენებს, რომ მარტოხელა პენსიონერების 53%, უფულობის გამო, საკმარისი საკვების შეძენას საერთოდ ვერ ახერხებს.
კვლევის თანახმად, შინამეურნეობათა დაახლოებით 60%-ს საკვების შესაძენად დროდადრო ფულის სესხება უწევს. აქედან, ოჯახების 7.1% საკვებს სულ ვალით ყიდულობს, 13.5% კი თითქმის ყველაფერს ვალით ყიდულობს.
გრაფიკი 1:
ოქსფამის კვლევის შედეგები
ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეულისა და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილით, რკინითა და A ვიტამინით. მოსახლეობის 58%, თანხების უქონლობის გამო, მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი (ცილოვანი, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი) საკვების დეფიციტის განიცდის.
მსგავსი კვლევა აქამდე არ ჩატარებულა და შესაბამისად, ამ მხრივ არსებული ტენდენციის გამოსავლენად შედარების საშუალება არ გვაქვს.
ირაკლი ყიფიანი ასევე მსოფლიო ბანკის კვლევაზეც მიუთითებს. საქართველოში სიღარიბის შესახებ მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევისთანახმად, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 32.3% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ 2011-2014 წლებში საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2015-2018 წლებშიც გაგრძელდება და 2018 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ 25.5%-მდე შემცირდება (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე).
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით,მიზნობრივი სოციალური დახმარების ბაზაში 1 237 885 ადამიანია რეგისტრირებული (მოსახლეობის 33.2%), რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 33.2% მიიჩნევს, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას ითხოვს. აქედან, საარსებო შემწეობას 480 783 ადამიანი იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული სიღარიბე 12.9%-ია.
დასკვნა
ოქსფამის კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. მოსახლეობის 60% საკვებს დროდადრო სესხით ყიდულობს. აქედან, ოჯახების 7.1% სულ ვალით ყიდულობს სურსათს, 13.5% კი თითქმის ყველაფერს ვალით ყიდულობს. შესაბამისად, მოსახლეობის 20.6% (ყოველ მეხუთე ადამიანი) საკვებს ძირითადად ვალით ყიდულობს.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 32.3% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრებს, მათი დღიური ხარჯი 2.5 დოლარზე ნაკლებია. თუმცა, სიღარიბის მაჩვენებლი 2011 წლიდან ყოველწლიურად მცირდება და მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეს ტენდენცია შემდეგ წლებშიც შენარჩუნდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების ბაზაში რეგისტრირებულია 1 237 885 ადამიანი. აქედან, დახმარების მიმღები 480 783 ადამიანია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ყიფიანის განცხადება არის სიმართლე.