11 ოქტომბერს, თოქშოუ „არჩევანში“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, აჭარაში 8 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა:

„მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აჭარაში 25 ათასი ბათილი ბიულეტენი არ დაფიქსირებულა. ასეთი ტყუილებით არ შეიძლება პოლიტიკური პროცესების გაგრძელება“.

ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის და სიის პირველი ნომრის, ლევან ვარშალომიძის ბრალდებას უპასუხა. როგორც ვარშალომძემ ბრიფინგზე განაცხადა,

აჭარაში ბათილად ცნობილი 25 000 ბიულეტენიდან ყველა ხმა სწორედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა.

ფაქტ-მეტრი ირაკლი კობახიძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

აჭარაში 8 ოქტომბრის არჩევნებში რეგისტრირებული 308 506 ამომრჩევლიდან უბნებზე 163 348 ადამიანი მივიდა,

რაც საერთო რაოდენობის 52 %-ია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ტარდებოდა, ამიტომ ერთ ამომრჩეველზე ოთხი ბიულეტენი (ორი პროპორციული და ორიც მაჟორიტარული) გაიცემოდა.

ცესკო-ს სპიკერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყენებული ბიულეტენების საერთო რაოდენობიდან ცესკომ ბათილად 7 437 მაჟორიტარული და 4 792 პროპორციული ბიულეტენი ცნო, რომელთა ჯამური რაოდენობა 12 229-ია, რაც 6 114 ამომრჩევლის ხმას ნიშნავს. ეს მაჩვენებელი კი აჭარაში არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენს. როგორც ფაქტ-მეტრს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ანა მიქელაძემ განუცხადა, გაბათილებული ბიულეტენების ეს რაოდენობა აჭარაში ხმის მიცემის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მთლიანობაში 585 400 ბიულეტენი დაიბეჭდა. აქედან გამოყენებულია 326 696, ხოლო ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 13 111-ია, რაც გამოყენებული ბიულეტენების 4%-ია. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ამომრჩეველს ორი ბიულეტენი გადაეცემოდა, გამოდის, რომ უსკომ 6  555 ხმა ბათილად ცნო. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, 2012

წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა 11  681-ს შეადგენდა.

უსკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აჭარაში გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებთ, პირველი ტურის შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ხმათა 45.1% პროცენტი მოიპოვა, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - 29.6%, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 5.9% და "პატრიოტთა ალიანსმა" - 5.7%. აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები შედგება.

როგორც უსკო-ში, ასევე ცესკო-ში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ ბიულეტენების ბათილად ცნობის საფუძველი რიგ შემთხვევაში ამომრჩევლის მიერ მისი სპეციალურად გაფუჭებაა, თუმცა უმთავრეს მიზეზად მექანიკური შეცდომები სახელდება. როგორც კომისიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ბიულეტენების გაბათილების მიზეზით ცალკეულ უბნებზე ხელახალი ხმის მიცემის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს. იგივე აზრი ფაქტ-მეტრთან საუბრისას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს.

"

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 სარჩელი შიტანა, რომლებითაც 3 საარჩევნო ოლქში - 68-ე, 69-ე და 70-ე ოლქებში ხმის მიცემის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ხმის მიცემის შედეგები უცვლელად დატოვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამორიცხავენ, რომ იგივე სარჩელით სააპელაციო სასამართლოს მიმართონ.

  დასკვნა

როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, სულ აჭარაში ცესკო-სა და უსკო-ს მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამურმა რაოდენობამ 25 340 შეადგინა. შესაბამისად, ლევან ვარშალომიძე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას სწორად ასახელებს. თუმცა, ეს მაჩვენებელი ოთხი სახის ბიულეტენისგან  - საქართველოს პარლამენტის პროპორციული და მაჟორიტარული, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენებისგან შედგება. შესაბამისად, აჭარაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მისული 163 348 ამომრჩევლიდან, ბათილად 6 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხმა, ანუ 4% იქნა ცნობილი. ცესკო-სა და უსკო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ბათილი ბიულეტენების ეს რაოდენობა არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. იმის ზუსტი დადგენა, თუ რომელი პარტიის სასარგებლოდ იყო შემოხაზული გაბათილებული ბიულეტენები, ფაქტ-მეტრისთვის შეუძლებელია.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში 25 ათასი ბიულეტენი არ გაბათილებულა, არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია