და აღნიშნა, რომ საქართველოს მონაცემები 7 პოზიციით არის გაუმჯობესებული და 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილზე ვართ.
ფაქტ-მეტრმა პრემიერის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის საკითხზე შვეიცარიული ორგანიზაცია – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მუშაობს. აღნიშნული ორგანიზაცია 1979 წლიდან წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ქვეყნების კონკურენტუნარიანობა და ბიზნესგარემო არის გაანალიზებული. ყოველ წელს დგება რეიტინგი, რომელიც ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის პოზიციებს მსოფლიოში. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგალითად, 2016-2017 წლების ანგარიში 2015 წლის შეფასებას ემყარება. აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, თითოეული ქვეყანა 119 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ისეთი კრიტერიუმებისთვის, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალის და განათლების დონე და სხვა, ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვაა. საქართველოდან გამოკითხვაში მონაწილეობას 200-მდე საწარმო იღებს.
2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშიმსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაქვეყნა. ანგარიშში შესწავლილია 138 ქვეყნის კონკურენტუნარიანობა. ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მართლაც 59-ე ადგილზეა, გასული წელს კი 66-ე ადგილზე იყო.
ინდექსის შემადგენელი კრიტერიუმების მიხედვით თუ ვნახავთ (ცხრილი 1), საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია (40-ე ადგილი) მაკროეკონომიკური გარემოს მხრივ აქვს. 43-43-ე ადგილზე ვართ ინსტიტუტების განვითარების და შრომის ბაზრის ეფექტურობის მხრივ. საქართველოს ყველაზე ცუდი პოზიცია აქვს ინოვაციების (116-ე ადგილი) და ბიზნესის სოფისტიკაციის მხრივ (102-ე ადგილი).
ცხრილი 1:
საქართველოს პოზიცია კრიტერიუმების მიხედვით
კრიტერიუმები ჯგუფების მიხედვით | პოზიცია მსოფლიოში | ქულა (მაქსიმუმი 7) |
საბაზისო მოთხოვნები | 46 | 4.9 |
ინსტიტუტები | 43 | 4.4 |
ინფრასტრუქტურა | 65 | 4.1 |
მაკროეკონომიკური გარემო | 40 | 5.2 |
ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება | 64 | 5.9 |
ეფექტიანობის მასტიმულირებელი | 69 | 4.1 |
უმაღლესი განათლება და ტრენინგები | 89 | 4.1 |
საქონლის ბაზრის ეფექტიანობა | 46 | 4.6 |
შრომის ბაზრის ეფექტიანობა | 43 | 4.5 |
ფინანსური ბაზრის განვითარება | 58 | 4.2 |
ტექნოლოგიური მზადყოფნა | 65 | 4.2 |
ბაზრის ზომა | 101 | 3.0 |
ინოვაციები და სოფისტიკაციის ფაქტორები | 113 | 3.2 |
ბიზნესის სოფისტიკაცია | 102 | 3.6 |
ინოვაციები | 116 | 2.8 |
ჩვენ ასევე შევისწავლეთ, ბოლო ერთ წელში ინდექსის რომელ კომპონენტებში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც საქართველოს პოზიციაზე გავლენა იქონია. 4.3 ქულიდან 4.4 ქულამდე გაუმჯობესდა საკუთრების დაცვის მაჩვენებლის ქულა, რამაც გამოიწვია ის, რომ საკუთრების დაცვის მხრივ საქართველომ 58-ედან 43-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველომ ინვესტორთა დაცვის კრიტერიუმით პოზიცია 22 პოზიციით გაიუმჯობესა. მაკროეკონომიკური მდგომარეობიდან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ბიუჯეტის დეფიციტის (21 ადგილით) და მთლიანი ეროვნული დანაზოგების (38 ადგილით) კრიტერიუმებში. სესხისადმი ხელმისაწვდომობის კრიტერიუმში პოზიცია 57 ადგილით გაუმჯობესდა. 121-ე ადგილიდან 105 ადგილზე გადავინაცვლეთ ინოვაციების შესაძლებლობის კრიტერიუმით.
გარკვეულ კრიტერიუმებში მნიშვნელოვანი გაურესებაა. 56-ედან 63-ე ადგილზე გადავინაცვლეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის კრიტერიუმით. 31-დან 43-ე ადგილზე გადავედით მთავრობის პოლიტიკის გამჭვირვალობით. გაურესდა კრიმინალთან დაკავშირებული მაჩვენებლები: ბიზნესის ხარჯი კრიმინალზე, ორგანიზებული დანაშაული და პოლიციისადმი ნდობა. პოლიციისადმი ნდობის კრიტერიუმით 28-ე ადგილიდან 40-ე ადგილზე გადავედით. 14 პოზიციით ინფრასტრუქტურის ხარისხის, 27 ადგილით ინფლაციის მაჩვენებლით დავქვეითდით. გაურესდა სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც.
დასკვნა 2016-2017
წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მართლაც 7 პოზიციით დაწინაურდა და 59-ე ადგილზეა. პოზიციის გაუმჯობესება განაპირობა შემდეგი კრიტერიუმების პოზიტიურმა ცვლილებამ: საკუთრების დაცვა, ინვესტორთა დაცვა, მაკროეკონომიკური გარემო, სესხისადმი ხელმისაწვდომობა და ინოვაციური შესაძლებლობები. თუმცა, რიგ მნიშვნელოვან კრიტერიუმებში სერიოზულ გაუარესებას აქვს ადგილი, ესენია: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მთავრობის პოლიტიკის გამჭვირვალობა, კრიმინალი და პოლიციისადმი ნდობა, ინფრასტრუქტურის ხარისხი, ინფლაცია და სახელმწიფო ვალი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს მონაცემები 7 პოზიციით გაუმჯობესდა", არის სიმართლე.