პოლიტიკურ კლიშედ ჩამოყალიბდა, რომ ყველა არჩევნები საქართველოში ისტორიულია, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მართლაც სრულიად შეცვლილ რეგიონალურ და საერთაშორისო მდგომარეობის ფონზე ჩაიარა: მსოფლიო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის მორიგი ტალღის მოლოდინი; აჯანყებული ამომრჩეველი და საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში; დესტაბილიზაციის რკალი უკრაინიდან სირიამდე; მთიანი ყარაბახის განახლებული კონფლიქტი და მისი მომავლის თაობაზე მიმდინარე ჩიხში შესული მოლაპარაკებები, რასაც თან ერთვის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება სომხეთში; მრავალვექტორული ღია რუსული აგრესია; ახალი პრობლემების წინაშე მდგარი თურქეთი; ახალ რეალობას დაპირისპირებული ნატო; სანქციებისგან გათავისუფლებული ირანი; დიდი ბრიტანეთის გამოსვლით დასუსტებული ევროპის კავშირი; XX საუკუნის ორი დომინანტური იდეოლოგიის - მარქსიზმის თითქმის გარდაცვალება და ლიბერალიზმის კრიზისი; მულტიკულტურალიზმის „გარდაცვალება“ დასავლურ დემოკრატიებში, როდესაც „აღმოჩნდა“, რომ საზღვრები მნიშვნელოვანია, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა ამომრჩევლების დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რომ მათთვის ეროვნული ინტერესები ძალიან ხშირად უნივერსალურ ინტერესებზე მაღლა დგას და საკუთარი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტეგრაციული პროცესები.

საქართველო ახალ გამოწვევებს, როგორც ყოველთვის, შიდა განხეთქილებითა და ეროვნული კონსენსუსის გამომუშავების უუნარობით ხვდება. დემოკრატია ჩანაცვლებულია დემაგოგიით, პოლიტიკური კლასი - ოლიგარქიით, ერთობა - ცენტრალიზაციით, ერი - მოსახლეობით.

ასეც ვაგრძელებთ: წარსულს მოწყვეტილი, აწმყოს არმქონე და ისევ „უკეთესის“ მოლოდინში. ყველაფერს ისევ ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებთ: მომავალი აუცილებლად „ნათელია“, ყველა ბრძოლა დაწყებამდე გვაქვს მოგებული და ფრიად მოკრძალებული სახელმწიფო ბიუჯეტის განაწილება ისე შეიძლება, რომ საყოველთაო ბედნიერებას ეყოს. ამას გვპირდებიან „ლიბერალები“, რომლებსაც თავისუფლება სურთ თანასწორების გარეშე და „ტრადიციონალისტები“, რომლებსაც ყველაფერზე ერთი პასუხი აქვთ - „ქართული სუფრა აკადემიაა“. ხელისუფლებას ან არ შეუძლია, ან არ სურს საუბარი ამომრჩეველთან იმაზე, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ სახელმწიფოს შენარჩუნების გზაზე და რატომ გაქრება ქართველი, თუ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას წააგებს.

გასაგებია, რომ ოდესღაც უნდა მივიდეთ იმ გზაგასაყართან, სადაც ეროვნულ კომპრომისზე შევთანხმდებით და ჩვენს პოლიტიკურ ყოფას ეროვნულ ფორმას მივცემთ, მაგრამ ამ მიზანს ვერ მივაღწევთ, თუ არ გავერკვევით, რა არის ეროვნული საქმის მთავარი დაბრკოლებები.

*******

ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობად მიღებული პრობლემა მოქალაქეების დიდი ნაწილის, გნებავთ უკიდურესი სიღარიბე, გნებავთ პაუპერიზაცია, გნებავთ პროლეტარიზაციაა. პროლეტარიზაცია მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, თუმცა ჩვენგან განსხვავებით დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ამ თემაზე დისკუსიას ტაბუ არ ადევს.

„ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამერიკული ეკონომიკისა და ჩვენი პოლიტიკური სისტემის წინაშე დგას, არის საშუალო კლასის პროლეტარის ყოფამდე ჩამოქვეითება. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა 70-იანი წლების დასაწყისიდან, მაგრამ მდგომარეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა“, - წერდა „ფორბსის“ 2014 წლის 14 თებერვლის ნომერში ჯოელ კოტკინი.

მას მოჰყავს სტატისტიკა, რომელიც ასე აშფოთებს აშშ-ის პოლიტიკურ კლასს. საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების რაოდენობა 1970 წლის 53%-დან 2012 წელს 45%-მდე დაეცა. 1971 წლიდან იმ შიდამეურნეობების რაოდენობა, რომელთაც ეროვნულ საშუალო შემოსავალზე ორჯერ ან ორი მესამედით მეტი შემოსავალი ჰქონდათ, 2012 წლისთვის 61%-დან 51%-მდე შემცირდა. საშუალო კლასის ოჯახებში დაბადებული ყოველი 3 ადამიანიდან დღეს ერთი ამ კატეგორიას აღარ მიეკუთვნება.

შეერთებულ შტატებში პროლეტარიზაცია 1973, 1980-81, 1987, 1990, 2001 და 2008 წლების ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების შედეგია. ეს კრიზისები ან ემთხვეოდა ციკლურ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებს, ან ხელისუფლების მიერ ეკონომიკაში დაშვებული შეცდომების შედეგი იყო. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ თავისუფალი, მოქნილი, ინოვაციებზე დაფუძნებული ამერიკული ეკონომიკა ამ ნეგატიურ ტენდენციას, ჩემი აზრით, დაამარცხებს, მით უმეტეს, რომ დიაგნოზი დასმულია და მკურნალობის მეთოდების განსაზღვრა უკვე მიდის.

საქართველოში პროლეტარიზაციის ამსახველი სტატისტიკა შემზარავია. 2008 წელს გაერომ განსაზღვრა საერთაშორისო აბსოლუტური სიღარიბის (სიღატაკის) ზღვარი, რომელიც შეადგენს 1,25 დოლარის ეკვივალენტს დღეში (2005 წლის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით). ამ კრიტერიუმით სიღატაკის ზღვარსქვემოთ საქართველოში მოსახლეობის 13,4% (2009 წლის ადამიანური განვითარების მოხსენება) ცხოვრობდა. USAID-ისა და UNICEF-ის 2009 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში შინამეურნეობათა თითქმის ერთი მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს. სიღატაკის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2007-2015 წლებში 6.4%-დან 10.1%-მდე გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის კვლევის - „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში“ - თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 32.3%, ანუ 1.4 მილიონი მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. 2011 წლიდან საგრძნობი კლების მიუხედავად, ეს საგანგაშო მაჩვენებელია.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების მაჩვენებელი 27%-ია, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება. შედეგად 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.დედათა სიკვდილიანობა ისევ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში.

თუ შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის და პოლიტიკური სისტემისთვის პროლეტარიზაცია საფრთხედ აღიქმება, ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხეს წარმოადგენს ეს პროცესი საქართველოსთვის, სადაც ის სისტემურ ხასიათს ატარებს და საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული ეკონომიკის მახინჯი სტრუქტურით არის გამოწვეული.

***

არავითარი სოციალიზმი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა. სამხედრო-კომუნისტური სისტემა ბოლშევიკების მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომის პირობებში ფრონტზე და ფრონტისთვის 1918-1921 წლებში ჩამოყალიბდა, შემდეგ კი მთელი ეკონომიკა მოიცვა, და ნეპის მოკლე პერიოდის გამოკლებით, უცვლელად იარსება 1990-იანი წლების ბოლომდე.

მარქსისტ ეკონომისტს, ა. ა. ბოგდანოვს თუ დავიმოწმებთ, „არმია ავტორიტარული მართვისა და კომუნისტურ სამომხმარებლო სისტემაზე დაფუძნებული აპარატია, რომლის მართვისა და მომარაგების სისტემა მთელ საზოგადოებაზე გავრცელდა“.

ბოლშევიკურმა რეჟიმმა 1917 წლის გადატრიალების პირველი დღიდან საწარმოო საშუალებების რეკვიზიცია მოახდინა, რაც დიქტატურის გადარჩენის წინაპირობა იყო და რაც ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი გახდა. კოლაფსმა ეკონომიკური საქმიანობის მწირი შედეგების მითვისების საჭიროება მოიტანა, შემდეგ კი დიქტატურა აიძულა, გამანაწილებლის ფუნქციაც მიეთვისებინა. შედეგი ცნობილია: სოციალური სტატუსის მიუხედავად, უკლებლივ საზოგადოების დამორჩილება, თავისუფალი სამოქალაქო წესრიგის მაგივრად სამხედრო-ტერორისტული დიქტატურის ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ პარტიული ბიუროკრატიის ოლიგარქიაში გადაიზარდა, და ამას დაემატა ბოლშევიკური რელიგიურობის დანერგვა თავისუფალი და მეცნიერული აზროვნების მაგივრად.

სამხედრო მეთოდებით ეკონომიკის მართვასა და პროდუქციის განაწილებას არ შეიძლება არ მოჰყვეს „პროდუქციის საყოველთაო უკმარისობა“ - აგრძელებს ა. ბოგდანოვი. ამ შემთხვევაში დიქტატურა იძულებულია კიდევ უფრო „გაამკაცროს კონტროლი ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებებსა და მასშტაბზე, ნედლეულის, მუშახელისა და წარმოების საშუალებების განაწილებაზე“.

შესაბამისად, დიქტატურისთვის აუცილებელი ხდება ეკონომიკური დარგების სახელმწიფო მონოპოლიებში გაერთიანება. ასე შეიქმნა სახელმწიფო-ბიუროკრატიული კაპიტალიზმი, რომლის ანალოგი ისტორიაში „ალყაშემორტყმული ქალაქების ეკონომიკაა. მისი წარმოშობის წყარო - სამხედრო-სამომხმარებლო კომუნიზმია, მისი მეთოდი - ნორმირება, შეზღუდვა და დაძალება“; შედეგი - „საზოგადოებრივი მეურნეობის ნგრევა“. იმის მაგივრად, რომ წარმოების განვითარება განსაზღვრავდეს განაწილებასა და, საბოლოოდ ჯამში, მოხმარებას, დიქტატურის მიერ დამატებითი ღირებულების მითვისების პირობებში მოხმარება განსაზღვრავს განაწილებას და საბოლოოდ წარმოებას.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წელში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ სამხედრო-კომუნისტური ეკონომიკა აქაც დაინერგა და თითქმის უცვლელად იარსება დამოუკიდებლობის აღდგენამდე. პრინციპულად რა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფო ნორმირებულად 200 გრამ პურს ანაწილებს, ბინებს თუ ავტომანქანებს? საქართველოს მეორე რესპუბლიკაში მოსახლეობა კერძო საკუთრების გარეშე გადავიდა, თან იმ ოკუპირებული სახელმწიფოდან, რომელსაც ის სამართლიანად არ თვლიდა თავისად.

***

საქართველოში პროლეტარის ჩამოსაყალიბებლად საჭირო კლასიკური პირობები დაცული იყო. სამოქალაქო ომმა, რუსეთის აგრესიამ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა წმენდებმა, ეკონომიკურმა კატასტროფამ, კორუფციამ, საქართველოს ოთხივე ადმინისტრაციის შეცდომებმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. ღირსეული პროფესიები და რიგი სოციალური ჯგუფები პროლეტარიატად, პაუპერებად იქცნენ. განადგურებული სოფლის მოსახლეობა ქალაქს მოაწყდა და „სოფლის მეურნეობის სტაბილურ ყოფას შეჩვეული ქალაქის მუდმივად ცვალებად პირობებში აღმოჩნდა“ (ფ. ენგელსი) ისევ უკიდურეს სიღარიბეში.

მოქალაქეების ნაწილში განმტკიცდა პროლეტარული აზროვნება, რომლისთვისაც ქართული სახელმწიფო ღირებულება კი არა, რეალობაც არ არის. კ. მარქსის არ იყოს: „პროლეტარს სამშობლო არ აქვს“. თუ ოჯახის წევრი არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში ან ხელისუფლებამ კორუფციისა და ნეპოტიზმის გზით უკანონოდ არ გაამდიდრა - სახელმწიფო მისი არ არის. თუ ხელისუფლება არ მოგწონს - გაანადგურე, როგორც უახლოეს წარსულში, და შედეგებზე ნუ შეწუხდები: პუტჩისტებსა და საბჭოთა „ინტელიგენციას“ ეგონათ, რომ 1991 წლის 22 დეკემბერს „მხოლოდ ზვიად გამსახურდიას რეჟიმს“ ხვრეტდნენ; ვითომ ზვიადისტები ჩვენი ტანკების და ცოცხალი ძალის სისხლისგან დაცლილ სოხუმში არშეშვებით „მარტო“ შევარდნაძეს ამარცხებდნენ; 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს შემორჩენილ საბჭოთა პროლეტარულ „ელიტასა“ და ლუმპენებს სჯეროდათ, რომ შეთითხნილი ბრალდებებით, მათ შორის 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დაწყებაში დადანაშაულებით, „მიშა სააკაშვილის რეჟიმს“ ანგრევდნენ.

პროლეტარი და მისი პოლიტიკური ავანგარდი პროდასავლურობის, რეფორმების, განათლების (რომელიც პიროვნებას კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს) და პროგრესის წინააღმდეგია. მას არ სჭირდება დემოკრატია ამ სიტყვის დასავლური მნიშვნელობით.

„სისტემა უნდა დაინგრეს!“ - ასეთი პროლეტარული ლოზუნგი 1917 წლის შემდგომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ წამოუყენებია. იმიტომ, რომ პროლეტარს მხოლოდ აჯანყება შეუძლია - ქუჩების გადაკეტვა, დროშების ჩამოხევა, ინსტიტუტების განადგურება და სახელმწიფოსა და ერის თითქმის გადაყოლება პროცესზე. პროლეტარული ავანგარდი, - „ქართული ოცნების“ მსგავსად, - ხანდახან იგებს კლასობრივ ბრძოლას, მაგრამ აგებს ბრძოლას ერისთვის. ის იბრძვის თავისი პოლიტიკური ბაზის კლასობრივი „სამართლიანობისთვის“ და არ ესმის, რომ სამართლიანობა მხოლოდ მთლიანად ერისთვის არის შესაძლებელი.

პროლეტარსა და მის პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გაუგებრად „ქართულ ოცნებად“ იწოდება, არ ესმის, რომ ერთადერთი, რაც მას გააჩნია - ეროვნული სახელმწიფოა, და თუ ის ამ სახელმწიფოს დაკარგავს, მას საერთოდ არაფერი აღარ დარჩება. პროლეტარების ხელისუფლების სადავეებთან მყოფი მდიდარი ავანგარდი ლოზუნგების კონკურსში მონაწილეობს, და მას საერთოდ არ აინტერესებს არც ერი, არც სახელმწიფო. რასაც არ უნდა ჰკიდებდეს ის ხელს, ყველაფერი წარუმატებლობით მთავრდება.

შესაბამისად, პროლეტარსა და მის ავანგარდს ეზიზღებათ საშუალო კლასის 2003 წლის რევოლუცია, მის დავიწყებასა და მიზეზების იგნორირებას ცდილობენ, მით უმეტეს, რომ რევოლუციის ერთ-ერთი ან ერთადერთი მთავარი მიზეზი თვითონ არიან. საშუალო კლასი მათი მთავარი მოწინააღმდეგეა: საშუალო კლასსა და მის პოლიტიკურ პარტიებს ხომ შეუდარებლად მეტი აქვთ ინტელექტი, ორგანიზაციული გამოცდილება და ეფექტური ცოდნა. პროლეტარი და მისი გამდიდრებული ნაწილი, - რითიც მისი კლასობრივი შინაარსი არ შეცვლილა - უპირისპირდება ძალას, რომელმაც გეოგრაფიული ერთეული სახელმწიფოდ გადააქცია.

სანამ პროლეტარი მოქალაქედ და კერძო მესაკუთრედ არ გადაიქცევა, ქვეყნის ნორმალური განვითარების ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული. დემოკრატიას სჭირდება რესპუბლიკა, რესპუბლიკას - რესპუბლიკური იდეალების მატარებელი მოქალაქე, მოქალაქე კი განათლების და კერძო საკუთრების გარეშე წარმოუდგენელია.

P.S. უფრო დაწვრილებით, ავტორის მოსაზრებებს, თუ რატომ წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლიდან დაწყებული ყველა არჩევნები და რატომ ვერ მოიგო მან 2016 წლის არჩევნები, მკითხველი შემდეგ ნომრებში გაეცნობა.

შენიშვნა: სტატია მომზადებულია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე.

თეგები: