რუსეთის ხელისუფლებას არ გაუმართლა - უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამჯერად კრემლს საკუთარი დანაშაულის მიჩქმალვა აღარ გამოუვა.
მალაიზიური ავიახაზების „ბოინგ 777“, რომელიც რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში ასრულედბდა, 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების რაიონში ჩამოვარდა. კატასტროფას 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.
28 სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამგზავრო ლაინერი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული „ბუკ“-ის ტიპის რუსული საზენიტო რაკეტით ჩამოაგდეს. დანადგარი, რომლიდანაც რაკეტის გაშვება განხორციელდა, უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შემოვიდა და კატასტროფის შემდეგ ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.
ორწლიანი მუშაობის შედეგად გამომძიებლებმა, რომლებიც ნიდერლანდებს, ავსტრალიას, მალაიზიასა და უკრაინას წარმოადგენენ, ამ ვერსიის დამამტკიცებელი უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვეს. მათ შორისაა რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც რუსეთშია წარმოებული და არა უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, ფოტო და ვიდეომასალები, სეპარატისტი სამხედროების სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და ა.შ.
იმაში, რომ MH17-ის საქმეში დამნაშავე სწორედ რუსეთის ფედერაციაა, ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებამდეც მსოფლიოში ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი. ამავე დასკვნამდე საკუთარი გამოძიების შედეგად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი Bellingcat და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტები დიდი ხანია მივიდნენ. მაგრამ მოსკოვში მომხდართან საკუთარ კავშირს ჯიუტად უარყოფდნენ, რუსულ პროსახელისუფლებო მედიაში კი ერთიმეორეზე აბსურდული ვერსიები ისმოდა - თითქოს ლაინერი უკრაინულმა საზენიტო დანადგარმა ან უკრაინულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო.
2015 წლის ივლისში გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა მალაიზიის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს, რომელიც MH17-ის საქმეზე საერთაშორისიო ტრიბუნალის შექმნასს ითვალისიწნებდა, ვეტო დაადო. რუსეთის წარმოადგენელმა ვიტალი ჩურკინმა რეზოლუციის ავტორები და მხარდამჭერები საკითხის „პოლიტიზებაში“ დაადანაშაულა და ტრიბუნალის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
ბოლო ანგარიშის კომენტირებისას კი ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია და რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია. რუსეთის საგარეო უწყებამ კი უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთს გამოძიებაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა და მის მიერ მოწოდებული „მტკიცებულებები“ გამოძიებამ მხედველობაში არ მიიღო.
მართალია, საერთაშორისო ჯგუფს გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია (მისი მანდატი 2018 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა) და არც ოფიციალური ეჭვმიტანილები დაუსახელებია, მაგრამ გამოძიებისთვის დანაშაულთან კავშირში მყოფი 100-მდე პირია ცნობილი და დანაშაულზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირების დადგენას აპირებს.
ეს კი კრემლს კარგს არაფერს უქადის. მართალია, აქამდე იგივე უკრაინაში, საქართველოსა და სხვა რეგიონებში ჩადენილი აგრესიის, ძალადობისა და დანაშაულის ფაქტების გამო რუსეთის ხელისუფლებას პასუხი არ უგია, მაგრამ ამჯერად ის, რომ მსხვერპლთა შორის ევროკავშირის ქვეყნის 200 მოქალაქეა, სიტუაციას თვისობრივად ცვლის.
გამოძიების ანგარიშის წარდგენა მსოფლიო მედიის წამყვან თემად იქცა. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „პუტინის კანონგარეშე სახელმწიფო“, რომელშიც უკრაინაში სამგზავრო ლაინერის ჩამოგდებასა და სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას შორის პარალელები გაავლო.
რუსეთი ამ შემთხვევაში იმის შესაძლებლობასაც არის მოკლებული, რომ MH17-ის ჩამოგდება საკუთარ შეცდომად აღიაროს და თქვას, რომ რუს სამხედროებს სამიზნე შეეშალათ - მაშინ იმის აღიარებაც მოუწევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას აწარმოებს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მისი სამხედროები იმყოფებიან, რასაც მოსკოვი დღემდე უარყოფს.
რუსეთის ხელისუფლებამ, უკრაინის წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ დაწყებისას აშკარად ვერ გათვალა, რომ ის, რაც ადვილი იყო 90-იან წლებში აფხაზეთში, ჩეჩნეთსა თუ დნესტრისპირეთში, ანუ დანარჩენი მსოფლიოსგან ინფორმაციის დამალვა კონფლიქტის ზონაში რეალური სიტუაციის შესახებ, 2014 წელს უკრაინაში ვეღარ გამოუვიდოდა. პირველ რიგში, ამის მიზეზი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაა. ინტერნეტის, სოციალური ქსელების, სმარტფონების ეპოქაში რაიმე მასშტაბური აქციის, მათ შორის ჯარისა თუ სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საიდუმლოდ შენახვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხოლო სიმართლის დადგენა ხშირად სახლიდან გაუსვლელად, გლობალურ ქსელში გაბნეული ინფორმაციის შეგროვებითა და გაანალიზებითაც არის შესაძლებელი, როგორც ეს მალაიზიური ბოინგის შემთხვევაში მოხდა - რუსული „ბუკ“-ის გადაადგილების, ასევე, გასროლის ადგილის შესახებ პირველი მტკიცებულებები დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა სწორედ ასე მოიპოვეს.
MH17-ის საქმის გამოძიების პოლიტიკურ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერ უცნობია, საბოლოო ჯამში, რუსეთს დამატებითი სანქციები დაეკისრება თუ არა და მოსთხოვენ თუ არა მას კომპენსაციას, როგორც ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის ბრიტანეთში, ლოკერბის თავზე 1988 წელს აფეთქებული ავიალაინერის გამო.
თავის დროზე, მსოფლიოში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ განწყობების მკვეთრად ზრდას, ავღანეთის ომთან ერთად, 1983 წელს სამხრეთკორეული სამგზავრო ბოინგის ჩამოგდებამაც შეუწყო ხელი, რომელიც საბჭოთა საჰაერო სივრცეში შემოვიდა. მაშინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ის მზვერავად მიიჩნია და მისი განადგურების ბრძანება გასცა. ამჯერად კი რუსეთმა, ფაქტობრივად, უარესი დანაშაული ჩაიდინა - სამგზავრო ლაინერი უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაანადგურა.
MH17-ის საქმის გამოძიება ერთდროულად რუსული აგრესიის საქმის გამოძიებაცაა. და ამჯერად, როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამეგობრობა აგრესორის მხილების ნებას გამოავლენს. თუმცა, ამას 300-მდე უდანაშაულო მგზავრისა და ათასობით უკრაინელის მსხვერპლი დასჭირდა.