იტვირთება

ტელეკომპანია "დიას ეთერში

 (17: 29 წთ) გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა "ეროვნული ფორუმიდან", სოსო ვახტანგაშვილმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების პროცესზე ისაუბრა. ვახტანგაშვილის თქმით, უშუალოდ მისი ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის 26 სოფელში სახელმწიფომ გაზი უფასოდ შეიყვანა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 13 მილიონი ლარი გამოიყო. "თითოეულ ოჯახს, ეს დაახლოებით 15-20 ათასი ოჯახია, მივუტანეთ გათბობა. ეს ყველაფერი გავუკეთეთ უფასოდ, სახლმწიფოს ხარჯზე", - განაცხადა ვახტანგაშვილმა.

განცხადების დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრი სოსო ვახტანგაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, განცხადებაში აქცენტი ძირითადად გამყოფ ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გააკეთა, თუმცა გაზიფიცირების პროგრამა გამყოფი ხაზის სხვა სოფლებსაც შეეხოთ, რომლებიც  გორის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არ შედიან და შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნებიან.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამა  2014 წელს დაიწყო. ეს საკითხი დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყდა. გაზიფიცირების პროექტი გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში განხორციელდა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირი 8 928 აბონენტს მიეწოდა. სამუშაოები "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" შეასრულა, ხოლო "სოკარ ჯორჯია გაზმა" აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები განახორციელა. სახლებში გაზის შეყვანა და ერთი წერტილის მიერთება უფასოდ განხორციელდა.

"

სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 2014 წლის იანვარში დაწყებული (გაზგამანაწილებელ ქსელზე დაერთება) სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს და ბოლო ინფორმაციით, გორის რაიონის 33 სოფელში სულ 8 725 აბონენტის მიერთება მოხდა. ერთი აბონენტის ქსელზე დაერთების ფასი 400 ლარს შეადგენს და ეს ხარჯები სახელმწიფომ სრულად დაფარა.

გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი, გორის გარდა, კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან სულ 19 მილიონი ლარი გამოიყო.

2013-2014 წლებში ჩატარებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, შიდა ქართლში ბუნებრივი აირი 15 710 აბონენტს  მიეწოდა.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებად ოფიციალურად გორის მუნიციპალიტეტის 26 სოფელია აღიარებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ის სოფლებია, სადაც ხელოვნური ბარიერებია (მავთულხლართები) აღმართული და შეზღუდულია წვდომა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან და სხვა იმ რესურსებთან, რომლითაც მოსახლეობა ადრე სარგებლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონის სოფლის სტატუსი გორის რაიონის 26 სოფელს აქვს, გაზიფიცირების პროგრამა გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელში განხორციელდა. თუმცა, მაგალითად მეღვრეკისს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალთან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს, კონფლიქტის ზონის სტატუსი არ აქვს და ის კვლავ ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

გაზიციფიკაციის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 27 ივლისს სოფელ მეღვრეკისის მაცხოვრებლებმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

და აღნიშნეს, რომ მათ "ხელისუფლება სამი-ოთხი წელია ამ პრობლემის მოგვარებას ამაოდ პირდება".

ენერგეტიკის სამინისტროს 2016-17 წლის გაზიფიცირების გეგმის

მიხედვით, სოფელ მეღვრეკისში სამუშაოები 2017 წელს უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც 281 აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მოხდება.

დასკვნა

გაზიფიცირების პროგრამის განხორციელება კონფლიქტის ზონაში მართლაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გამყოფ ხაზთან მდებარე 33 სოფელში ჩატარდა და ბოლო მონაცემებით 8 725 აბონენტის ქსელზე მიერთება მოხდა.

მთლიანად შიდა ქართლის მასშტაბით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბუნებრივი აირი 15 710 ოჯახს მიეწოდება. ამ მაჩვენებელს სოსო ვახტანგაშვილი მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტზე საუბრისას ასახელებს, რაც არასწორია.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოსო ვახტანგაშვილის განცხადება არის  მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2798 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი