ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
დეტალების გასარკვევად მამუკა ჩიქოვანს დავუკავშირდით. მისი განცხადებით, კომენტარის გაკეთებისას იგი მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს გულისხმობდა. კითხვაზე მონაცემების წყაროს შესახებ, მან თავდაპირველად გვიპასუხა, რომ განცხადებაში მხოლოდ რუსთავის ავტობაზრობაზე არსებული მდგომარეობა ასახა და ავტობაზრობის მონაცემები გამოიყენა. თუმცა, ამავე საუბრის ბოლოს ინფორმაციის წყარო შეცვალა და განაცხადა, რომ მთელ ქვეყანაში ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტის შესახებ საუბრობდა და მონაცემები საქსტატიდან მიიღო. დაპირების მიუხედავად, მის მიერ გამოყენებული საქსტატის მონაცემები ჩვენთვის არ მოუწოდებია.
შპს რუსთავის ავტობაზრობის (Autopapa) ადმინისტრაციაში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ მათ ბაზრობაზე შემოსული ავტობილების ექსპორტ-რეექსპორტის მონაცემები არ გააჩნიათ.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევებისთანახმად, ბოლო წლებში ავტობიზნესში ექსპორტ/რეექსპორტის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, თუმცა პირველადი რეგისტრაციის მონაცემი 2010-2012 წლების მაჩვენებლებს აღემატება.
გრაფიკი 1:
ავტომანქანების პირველადი რეგისტრაციისა და ექსპორტ/რეექსპორტის დინამიკა
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შესაბამისად, 2011 წელს თვეში პირველად რეგისტრაციას საშუალოდ 5 500-ზე მეტი ავტომანქანა გადიოდა და 4 ათასზე მეტის რეექსპორტი ხდებოდა. 2012 წელს რეგისტრაციის საშუალო თვიური მაჩვენებელი 6 ათასამდე იყო, ხოლო რეექსპორტის - 5 300-მდე. საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის პიკი 2013 წელი იყო - იმ წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 6 600 შეადგინა, ხოლო პირველადი რეგისტრაციის - 2014 წელს, როდესაც თვეში საშუალოდ 8 300-ზე მეტი მანქანა რეგისტრირდებოდა. 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 7 600 შეადგინა.
შესაბამისად, მამუკა ჩიქოვანის მტკიცება იმის თაობაზე, რომ "დღეში მხოლოდ 4 ათასი ავტომობილი იყიდება", ამ სტატისტიკურ მონაცემებს არ ეფუძნება. კანდიდატის მიერ დასახელებული 2010-2012 წლების რეექსპორტის მონაცემები - თვეში 5 500 ავტომობილი, რეალობას შეესაბამება, თუმცა არც ამ პერიოდში და არც შემდგომ წლებში ავტომობილების რეგისტრაციის ყოველთვიურ მაჩვენებელს 10 ათასისთვის არასდროს მიუღწევია, როგორც ამას ჩიქოვანი ამტკიცებს.
ცალკე აღებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაციის დინამიკა კი, ასახულია გრაფიკზე 2. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ახალი მსუბუქი ავტომობილების რეგისტრაციამ 2014 წელს 17%-ით, ხოლო 2015 წელს 22%-ით იკლო.
გრაფიკი 2:
ახალი მსუბუქი ავტომანქანების რეგისტრაციის დინამიკა
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო2006
წლის მონაცემებით, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ 50 მლნ დოლარს შეადგენდა. 2006 წლის შემდეგ კი, ხელისუფლების მიერ ავტომობილების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების, ასევე რუსთავში ავტობაზრობის მოწყობის შემდეგ, ავტომობილებით ვაჭრობა სწრაფად განვითარდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენით გარკვეული ჩავარდნა დაფიქსირდა, თუმცა 2009 წლიდან ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა და 2011 წელს ექსპორტის მოცულობამ 450 მლნ დოლარი შეადგინა.
2012წელს ყაზახეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამ ავტომობილების ექსპორტს სირთულეები შეუქმნა, რადგან ამ ქვეყანაში საქართველოდან ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაძვირდა და ქართველი ექსპორტიორებისთვის აღნიშნული ბაზარი დაიკარგა. ყაზახეთის მზარდი ბაზრის დაკარგვა სექტორმა უმსხვილესი ბაზრის – აზერბაიჯანის ხარჯზე შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა. ამდენად, ავტომობილებში ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა და 2013 წელს მაქსიმალური მაჩვენებელი 704 მლნ დოლარი დაფიქსირდა (აზერბაიჯანში 401 მლნ დოლარი).
2014წლიდან, აზერბაიჯანის ეკოლოგიურ სტანდარტ ევრო 4-ზე გადასვლის შედეგად, ავტომობილების ექსპორტის მხრივ პრობლემები შეიქმნა. აღნიშნული ცვლილებით, აზერბაიჯანში მეორადი ავტომობილების შეტანა გართულდა, რამაც საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. 2014 წელს აზერბაიჯანში საქართელოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 268 მლნ დოლარს შეადგენდა, 2015 წელს კი 64 მლნ დოლარამდე შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ 2015 წელს ავტომობილების განბაჟების ვადა 45-დან 60 დღემდე გაზარდა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი კიდევ 45 დღით გახანგრძლივება, უკვე თანხის გადახდის საფასურად არის შესაძლებელი. წინა მთავრობამ ანალოგიური გადაწყვეტილება 2010 წელს მიიღო, როდესაც განბაჟების ვადა 20-დან 45 დღემდე გაზარდა, რომლის 90 დღემდე განაგრძილევა თანხის გადახდის შემდეგ იყო შესაძლებელი.
დასკვნაფაქტ-მეტრმა ვერ მიიღო დაზუსტებული ინფორმაცია მამუკა ჩიქოვანის განცხადების წყაროს შესახებ. დასახელებული რიცხვები კი, სტატისტიკურ მონაცემებს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. თუმცა, 2011-2012 წლებთან შედარებით ავტომობილების ექსპორტ/რეექსპორტის შემცირების ტენდენცია სახეზეა. ასევე, შსს-ს ინფორმაციით, 2011-2012 წელთან შედარებით ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მკვეთრად გაზრდილია. თუ 2011 წელს 71 464 ავტომობილია რეგისტრირებული, 2015 წელს ეს რიცხვი 91 461 აღწევს.
ავტომობილების ექსპორტის და რეექსპორტის კლების ტენდენცია ძირითადად საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული, რომლებზეც გავლენის მოხდენის ეფექტური ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია. მთავრობამ ავტომობილების ექსპორტის მხრივ შემქნილ პრობლემის საპასუხოდ 2015 წელს ავტომობილების განბაჟების ვადა 45-დან 60 დღემდე გაზარდა. შესაბამისად, უარყოფითი ცვლილებების შედეგებში ცალსახად მთავრობის დადანაშაულება მეტწილად გაუმართლებელია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ჩიქოვანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.