13

სექტემბერს "თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავის #30 მაჟორიტარულ ოლქში, თეიმურაზ მენაფირემ, საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მენაფირე ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აკრიტიკებდა.

კერძოდ, თეიმურაზ მენაფირემ ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ეთერში რუსთავის თვითმმართველობის მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმთ, "

ბევრი მოსახლეა, რომელიც თვეების, კვირეების მანძილზე ჩაწერილია შეხვედრებზე და მათ, უბრალოდ, არავინ ხვდება".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ფაქტ-მეტრი რუსთავის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი თვის განმავლობაში მოქალაქეთა მიღებისა და პროტოკოლის სამსახურის მომზადებული ელექტრონული ბაზების ნაწილს გაეცნო, სადაც ქალაქის მერთან დავით ჯიქიასთან შეხვედრის მსურველ მოქალაქეებზე  ინფორმაცია არის მოცემული. ასევე, ამ ბაზებიდან იმის გაგება შეიძლება, ამა თუ იმ საკითხზე მისული მოქალაქის საქმე როგორ გადაწყდა. მონაცემებში ჩანს, რომ მოქალაქეთა ნაწილს ქალაქის მერი და სხვა თანამდებობის პირები შეხვდნენ.

რუსთავის მერიაში არსებული წესების თანახმად, ადამიანი, რომელსაც თანამდებობის პირთან მიღებაზე მოხვედრა სურს, ჯერ მოქალაქეთა მიღების სამსახურში მიდის. ამ სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან შუბითიძე ამბობს, რომ მიღების დღეები როგორც მერს, ასევე მის ორივე მოადგილეს და ყველა სამსახურის ხელმძღვანელს აქვთ. მისი თქმით, მერი და მოადგილეები მინიმუმ კვირაში ერთხელ 25-30 მოქალაქეს ხვდებიან. მიღებაზე მოხვედრის დროს კი მათი სამსახური იმის მიხედვით განსაზღვრავს, თუ ვის უფრო სასწრაფო საქმე აქვს. შუბითიძე აცხადებს, რომ პირებს, რომლებსაც გადაუდებელი ოპერაციისთვის თანადაფინანსება სჭირდებათ, მერი და სხვა თანამდებობის პირები იმ დღესვე ხვდებიან.

ფაქტ-მეტრი მერიის მოქალაქეთა მიღების ელექტრონულ ბაზებში რეგისტრირებულ რამდენიმე პირს დაუკავშირდა. ნაწილმა განაცხადა, რომ მერთან შეხვედრა 3-5 სამუშაო დღეში მოახერხა, ნაწილი კი სამსახურის ხელმძღვანელებთან 2-3 დღეში მოხვდა. ერთმა მოქალაქემ (ე. სამხარაძე) კი განაცხადა, რომ ის მერს იმავე დღეს შეხვდა, რადგან უსახლკარო იყო და ღამის გასათევი არსად ჰქონდა. სამხარაძემ განაცხადა, რომ დავით ჯიქია მას ერთი თვის ქირით დაეხმარა.

რუსთავის მუნიციპალიტეში მოქალაქეთა მიღების კუთხით არსებული პრობლემების შესახებ 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი მედია წერდა.

კერძოდ, ამ ცნობების თანახმად, მერსა და საკრებულოს თანამდებობის პირებს მიღების დღეები განსაზღვრული არ ჰქონდათ და ათობით რუსთაველი მათთან შეხვედრას კვირების განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

დასკვნა

როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რუსთავის მუნიციპალიტეტს მოქალაქეთა მიღებისთვის შექმნილი აქვს შესაბამისი სამსახური. თანამდებობის პირებთან მოხვედრის მსურველები ჯერ ამ სამსახურში ხვდებიან, შემდეგ კი მათი მიღების სიებში განაწილება ხდება. ფაქტ-მეტრის მიერ გამოკითხული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ბაზებში იყვნენ შეტანილი, აცხადებენ, რომ მიღებაზე მოსახვედრად ლოდინი 2-დან 5 დღემდე (და არა თვეობით ან კვირობით) დასჭირდათ. შესაძლოა, ამ კუთხით უკმაყოფილო პირებიც არსებობენ, თუმცა რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნული საკითხი სისტემური ხასიათის პრობლემას არ წარმოადგენს.

შესაბამისად, თეიმურაზ მენაფირეს განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია