„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ოთხწლიანი საარჩევნო ციკლი თითქმის ამოიწურა და საინტერესოა, ბოლო ოთხ წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოს ეკონომიკა. ეკონომიკის ცვლილებას ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზით შევაფასებთ.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და ეკონომიკური ზრდა
2012 წელს საქართველოს ეკონომიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი) 15.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2016 წლის მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი (მთავრობის პროგნოზის მიხედვით) კი 14.3 მილიარდი დოლარია. დოლარში გამოხატული მშპ-ის შემცირება ლარის კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. თუ ლარში გამოხატულ ნომინალურ მშპ-ს ვნახავთ, ის 2012 წელს 26.2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2016 წელს 34.2 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ლარში გამოხატული მშპ-ის ზრდაში თავისი წვლილი ინფლაციას, ანუ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას შეაქვს. ინფლაციის გავლენის გარეშე, რეალური მშპ ბოლო 4 წელიწადში 3.4 მილიარდი ლარით გაიზარდა. „ქართული ოცნების“ მთავრობის 2012 წლის პროგნოზით, 2016 წელს მშპ 40 მილიარდ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო, რეალურად კი 34.2 მილიარდს მიაღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ ლარში გამოხატული მშპ გაზრდილია, ბოლო ოთხ წელიწადში მშპ-ის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2010-2012 წლებში მშპ, საშუალოდ, 6.6%-ით იზრდებოდა, 2013-2015 წლებში ზრდის საშუალო ტემპი 3.4%-მდე შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2013-2015 წლებში ხელისუფლებამ ვერც ერთხელ ვერ მიაღწია პროგნოზირებულ ეკონომიკურ ზრდის ტემპს.
გრაფიკი 1: საქართველოს მშპ და ეკონომიკური ზრდის ტემპი
რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიურ შემოსავალს, 2012 წელს 3 523 აშშ დოლარი იყო, 2016 წელს კი 3 820 დოლარს მიაღწევს. დოლარში გამოხატული შემოსავლის ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მისი დაანგარიშებისას, 2016 წელს მოსახლეობის რაოდენობად ახალი საყოველთაო აღწერის შედეგია (3.7 მილიონი ადამიანი) გამოყენებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკვე დააკორექტირა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მაჩვენებელი გასული წლებისთვის და შედეგად, მიიღო, რომ 2012 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3 837 დოლარი იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ 2016 წელს 2012 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ნაკლები იქნება. აღნიშნულ შემცირებას ლარის გაუფასურება იწვევს. თუ ლარში ვნახავთ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს, 2012 წელთან შედარებით 3 350 ლარით არის გაზრდილი.
ინფლაცია (საქონლისა და მომსახურების ფასები)
2012 წელს ინფლაციის მაჩვენებელი (სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით) 1.4% იყო, ანუ საქონელი და მომსახურება გაიაფდა. 2013 წელს ინფლაცია 2.4% იყო, 2014 წელს - 2%, ხოლო 2015 წელს 4.9%-ს მიაღწია. 2016 წლისთვის, მაქსიმუმ, 5%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი.
ბოლო ოთხ წელიწადში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება, ჯამში, 10%-ით გაძვირდა. ყველაზე მეტად - 38%-ით ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. მეორე ადგილზეა ჯანმრთელობის დაცვა, რომელიც 22%-ით გაძვირდა. მესამეზე სასტუმროები და რესტორნებია 19%-იანი გაძვირებით. შემდეგ მოდის სურსათი, რომელიც 13%-ით გაძვირდა. გაიაფება კი მხოლოდ ორ სასაქონლო ჯგუფს შეეხო: ტანსაცმელს (-12%) და ტრანსპორტს (-10%) საწვავის გაიაფების გამო.
ლარის კურსი
ლარის კურსი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო. 2012 წლის ოქტომბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.66 გახლდათ. პირველი გაუფასურების ნიშნები 2013 წლის ბოლოს გამოჩნდა და ლარი 1.74-მდე გაუფასურდა. 2015 წლის ბოლომდე კურსი აღარ შეცვლილა, მაგრამ წლის ბოლოს ლარმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა 427 მილიონი დოლარი გაყიდა, 2016 წლის დასაწყისში ოფიციალურმა კურსმა 2.5-ს მიაღწია. მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ლარმა გამყარება დაიწყო და ამ პროცესმა აგვისტომდე გასტანა. აგვისტოს ბოლოდან ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა და 2.35-ს მიაღწია. ჯამში, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, ლარის კურსი 42%-ით გაუფასურდა.
უმუშევრობა
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2013-2015 წლებში საქართველოში უმუშევრობის დონე (უმუშევართა წილი 15 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოსახლეობაში) შემცირდა. 2012 წელს უმუშევრობის დონე 15% იყო, ხოლო 2015 წელს - 12%. თუმცა, უმუშევრობის სტატისტიკაში ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ საყოველთაო აღწერის შედეგად სამუშაო ძალა (15 წელს ზემოთ შრომისუნარიანი მოსახლეობა) უმნიშვნელოდ შემცირდა.
დასაქმების მიხედვით შემდეგი სურათია: 2012 წელს 1 724 ათასი ადამიანი ითვლებოდა დასაქმებულად, 2015 წელს კი - 1 780 ათასი, ზრდა არის 56 ათასი.
მთავრობის ვალი
2012 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 6.6 მილიარდი ლარი (4 მილიარდი დოლარი), მშპ-ის 25.3%, საშინაო ვალი კი 1.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 7.2% იყო. ჯამში, მთავრობის ვალი 8.5 მილიარდი ლარი, მშპ-ის 32.5% იყო. 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, მთავრობის საგარეო ვალი - 10.2 მილიარდი ლარი (4.4 მილიარდი დოლარი), ხოლო საშინაო ვალი 3.3 მილიარდი ლარია. ჯამში, მთავრობის ვალი თითქმის 13.6 მილიარდი ლარი, ანუ მშპ-ის 41%-ია. საგარეო ვალის ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა, საშინაო ვალი კი, 1.4 მილიარდი ლარით, დამატებითი ვალის აღების გამო გაიზარდა.
უცხოური ინვესტიციები
2013-2016 წლებში, 2012 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა. 2012 წელს 912 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, 2013 წელს - 942 მლნ დოლარის, 2014 წელს - 1758 მლნ დოლარის, 2015 წელს - 1565 მლნ დოლარის, ხოლო 2016 წლის პირველ ორ კვარტალში - 834 მლნ დოლარის.
ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებსა და ტრანსპორტში. ყველაზე მეტი ზრდა ტრანსპორტის მიმართულებითაა, რაც „შაჰ დენიზი 2“-ის მილსადენ ტრანსპორტს უკავშირდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა.
შეჯამება
ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გარკვეული მიმართულებებით პროგრესია, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემებია ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსისა და სახელმწიფო ვალის მიმართულებით. რაც, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, ის არის, რომ შენელდა საქართველოს ეკონომიკისა და, შესაბამისად, განვითარების ტემპი. ეკონომიკის შენელების მიუხედავად, მთავრობა მნიშვნელოვნად ზრდიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებებს, რამაც სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია. რეგიონში (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი) არსებულმა რთულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ექსპორტზე და უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე. შედეგად, შიდა პრობლემებს დაემატა საგარეო პრობლემები, რაც ყველაზე ნათლად ლარის კურსზე აისახა. ლარის კურსია, ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლარში გამოხატული სახელმწიფო ვალის ზრდისა. ინვესტიციების მატებამ კი გარკვეულწილად გადაფარა ნეგატიური მოვლენები და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 3%-იანი ზრდა უზრუნველყო. თუმცა, 2012 წლის ბოლოს ახალ მთავრობას გაცილებით ამბიციური მიზნები ჰქონდა, ვიდრე დღეს შედეგები გვაქვს.