8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მე-9 მოწვევის პარლამენტს აირჩევენ. არჩევნების თარიღამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, პოლიტიკურმა ტემპერატურამ იმატა, პარტიები და მათი მხარდამჭერები კი, სულ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ.
საუბრობენ ბევრს, მაგრამ ზოგჯერ ის, რაზეც პოლიტიკოსები თუ რიგითი მოქალაქეები აპელირებენ, სულაც არ არის დარღვევა, ან პირიქით - ის, რაზეც არ საუბრობენ, მნიშვნელოვან გადაცდომას წარმოადგენს. ამიტომ „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხები მაქსიმალურად განემარტა.
არჩევნებამდე
საქართველოს ორგანულ კანონს „საარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს - მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე, აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის წინასაარჩევნო კამპანია.
წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებული აქტივობების ერთობლიობა. საარჩევნო სუბიექტები, ანუ პოლიტიკური პარტიები, დეპუტატობის კანდიდატები ან დამოუკიდებელი დეპუტატები წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ახორციელებენ აგიტაციას, რაც გულისხმობს, რომ სუბიექტები ამომრჩეველს მოუწოდებენ, ხმა მისცენ მათ, ან მოუწოდებენ, რომ ხმა არ მისცენ მათ კონკურენტებს. ნებისმიერი საჯარო ქმედება, რომელიც მიმართულია რომელიმე კანდიდატის ან პარტიის მხარდამჭერების გაზრდის, პოპულარიზაციისკენ, წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას.
დეპუტატობის კანდიდატები და პარტიები წინასაარჩევნოდ ახდენენ შეხვედრების ორგანიზებას, ავრცელებენ ბროშურებს თავიანთი პროგრამისა და დაპირებების შესახებ, მუშაობენ მხარდამჭერთა სიებზე და ა.შ.
წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ვალდებულნი არიან, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციიდან 5 დღის განმავლობაში შექმნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და საარჩევნო პერიოდში 3 კვირაში ერთხელ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კამპანიის ფინანსური ანგარიში წარუდგინონ.
წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის გამართვის ფარგლები რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით. კოდექსში განსაზღვრულია დაწესებულებათა სია, სადაც აკრძალულია აღნიშნული კამპანიის წარმოება, ესენია:
- საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;
- სასამართლოები;
- სამხედრო ნაწილები.
საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება ეკრძალება.
ესენი არიან;
- საარჩევნო კომისიის წევრი;
- მოსამართლე;
- საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეები;
- გენერალური აუდიტორი;
- საქართველოს სახალხო დამცველი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქე და ორგანიზაცია;
- საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციები;
- სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობის პირებს ეკრძალებათ:
- სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას, ასევე არჩევას;
- სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვება და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა;
- წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ეზღუდებათ: საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრებსა და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს, აგრეთვე, საკრებულოს წევრებს, გამგებლებსა და მერებს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს.
ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა;
აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის;
აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.
აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის შექმნა, სადაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ასევე, რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.
აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.
მოცემული წესების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და იწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საარჩევნო პროცესში არის ამომრჩევლის მოსყიდვა.
არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და დეპუტატობის კანდიდატებს კანონით აკრძალული აქვთ პირადად ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის მატერიალური ფასეულობის გადაცემა ან ამ მოქმედების დაპირება.
პარტიას, ბლოკს, კანდიდატს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოაღნიშნულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.
არჩევნების დღეს
არჩევნების დღე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს უქმე დღეს.
საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი -აგრეთვე, დევნილის მოწმობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას.
შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებასდა ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის/მათ უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს/ბიულეტენებს ამოწმებს სპეციალური ბეჭდით.
მარკირება გამოიყენება იმისთვის, რომ ერთმა და იმავე მოქალაქემ მხოლოდ ერთხელ მისცეს ხმა და არ დაფიქსირდეს რაიმე დარღვევა. სითხე, რომელიც გამოიყენება მარკირების დროს, გარკვეული პერიოდი რჩება თითზე, რაც წარმოადგენს გარანტიას, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელ ისარგებლებს მისთვის მინიჭებული საარჩევნო ხმის უფლებით.
თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მას კანონით აქვს მინიჭებული უფლება, გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი, არავის აქვს უფლება, გავლენა მოახდინოს/ შეეცადოს, გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად:
- საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
- დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;
- საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
- საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;
- კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.
საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია, დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
- საარჩევნო კომისიის წევრისა;
- კანდიდატისა;
- საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;
- დამკვირვებლისა;
- პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.
იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი.
გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის ცალკე შეინახება.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია, შეასრულოს ეს მოთხოვნა.
კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.