რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ბოლო 17 წელია აქ ვცხოვრობ. საბავშო ბაღიც ვაკეში მაქვს დამთავრებული, სკოლაც, 8 კლასი ფალიაშვილზე 165-ე სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი ნათესავები და მეგობრებიც ვაკეში ცხოვრობენ, ასე რომ მე არ ვარ სხვა უბნიდან მოსული ადამიანი, ასე ვთქვათ და კარგად ვიცნობ ვაკის პრობლემებსაც და ამომრჩევლებსაც.

  ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ვაკის მთავარი პრობლემა არის არქიტექტურა და მშენებლობები. ელემენტარული არცერთი მშენებარე შენობა არ არის შეფუთული, ეწინააღმდეგება შენების სტანდარტებსაც და ეკოლოგიასაც აზიანებს. ქარის დროს მტვერი ედება მთელს უბანს. მეორე პრობლემაა შენობებში კომუნიკაციის სისტემა, ორსართულიან და ოცსართულიან შენობებს თითქმის იდენტური კომუნიკაციის სისტემა აქვს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აღსანიშნავია, საცობების პრობლემა; ასევე, არ იწამლება კუს ტბა და ვაკის პარკი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ლეიშმანიოზის კერებად ითვლება ეს ადგილები და მოგეხენებათ, ლეიშმანიოზი ძალიან სერიოზული და საშიში დაავადებაა. ვაკეს აქვს უპატრონო ძაღლების პრობლემაც, ძნელია რომ სტრუქტურები არ არის დეცენტრალიზებული, საჭიროა ადგილობრივად აქ იყოს მონიტორინგის სამსახურის პატარა ჯგუფი, რათა უპატრონო ძაღლის დანახვის შემთხვევაში ოპერატიულად ჩატარდეს რიგი ღონისძიებები. პრობლემაა განათლების სისტემაშიც, მაგალითად ბავშვი თუ სკოლის დაწყებიდან ერთი-ორ თვეში ხდება 6 წლის, აუცილებლად უნდა დაიშვებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უცდება მას წელი. ამას გარდა ჩემი პატარა 55-ე სკოლაში დადის და პრობლემები შეგვექმნა ჩაწერაზე, ადგილები 16 წამში იყო შევსებული. ადრე სკოლებში მოსწავლეთა გადანაწილება ხდებოდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მშობლის სამუშაო ადგილის მიხედვით, ითვალისწინებდნენ და-ძმის ფაქტორსაც თუ იმ სკოლაში სწავლობდნენ და შემდეგ თუ დარჩებოდა ადგილი სხვა უბნიდან შეიძლებოდა ჩაწერა, არ ვერჩი არც ფონიჭალას და არც ორთაჭალას, მაგრამ ადგილები რომ სხვა უბნიდან ივსება, შემდეგ გვიწევს ჩვენი ბავშვების მოშორებით ტარება. სახელმძღვანელოების პრობლემასაც ვხედავ, მაგალითად, ქართულის სახელმძღვანელოებს რომ ვნახულობ მეჩვენება, რომ რედაქტირება საერთოდ არ გაუვლია  ხანდახან ისეთი სისულელეები წერია.

  რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემბის მოგვარებას ვგეგმავ. მინდა საკითხი დავაყენო და მეტ-ნაკლებად მოვაგვარო ეკოლოგიური პრობლემები, შეიწამლოს ვაკის პარკისა და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, დაწესებულებები ადაბტირდეს მაქსიმალურად, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ შეექმნათ პრობლემა. მინდა მოვაგვარო დენისა და გაზის მრიცხველების პრობლემა. საცობის აღმოფხვრას ვხედავ სპეციალური საშვების შექმნით ვაკის მოსახლეთათვის, ეს გერმანიაში და ევროპის ხვა ქვეყნებში კარგად დანერგილი პროცესია. საშვები ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ ვაკეში, სხვებზე კი მანქანით შესვლის შემთხვევაში რაღაც ჯარიმა იქნება. ეს შეზღუდვა შეეხება მხოლოდ ე.წ. პიკის საათებს. არჩევის შემთხვევაში მიმდინარე 4 წელი ევეცდები ეს პრობლემები გადაიჭრას.

  გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

მე შემიძლია ამ ყველაფერს კონტროლი გავუწიო, ვიყო მედიატორი პარლამენტსა და ამომრჩევლებს შორის. პარლამენტის ტრიბუნიდან გავაჟღერო მათი პრობლემები და მოგვარებაშიც აქტიურად ჩავერთო.

  რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

მინდა წამოვაყენო იდეა, რომ დენის მრიცხველები დენის არ ქონის შემთხვევაში უკუღმა დატრიალდეს, როგორც ეს ევროპაში ხდება, ასევე საჭირო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ზემოთ ნახსენებ პრობლემებს მოაგვარებს. მაქვს კიდევ ერთი ინიციატივა დევნილებთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ გაჟღერება არ მინდა, მეშინია არ მომპარონ და მოგვიანებით ვიტყვი. ასევე არ მომწონს, როდესაც პენსიონერს სამსახურიდან უშვებენ იმის გამო, რომ პენსიას იღებს, ზოგიერთი პროფესია არ ცნობს ასაკს, შესაბამისად არაწორი დამოკიდებულებაა შრომისუნარიანი ადამიანი ასაკის გამო სახლში გაუშვა. ნარკოპოლიტიკაზეც მაქვს ინიციატივები და დღევანდელი დამოკიდებულება სრულიად მიუღებლად მიმაჩნია.

  რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?

უნდა დარჩეს მაჟორიტარული სისტემა. მხოლოდ პარტიას ამოფარებული დეპუტატები პარლამენტში მერე მარტივად იხსნიან იმ ვალდებულებებს, რომელიც მოსახლეობამ დააკისრა. მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის ხმაა პარლამენტში, კონკრეტული უბნის ხმა, ამ სისტემის გაუქმებით მოვწყდებით კონკრეტული უბნების პრობლემებს, რომელიც შეიძლება სხვა უბანს არ აწუხებდეს და ა.შ.

  პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?

აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება. მე მზად ვარ ოპოზიციაში ყოფნისთვის. ნებისმიერი კუთხით მოვახერხებ დაპირებების შესრულებას.

  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გახდებით პარლამენტის წევრი, რა ინტენსივობით და როგორ გააგრძელებთ ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მათთან კომუნიკაციას ჩვეულ რეჟიმში. ე.წ. კარდაკარ პოლიტიკა თუ არა, იმას მაინც ვპირდები ჩემს ამომრჩეველს, რომ ტელეფონს მაინც ყოველთვის ვუპასუხებ.

  არჩევის შემთხევევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?

ამაზე ძალიან ადრეა საუბარი, თუმცა ვთვლი, რომ ალბათ დეპუტატი ვიქნები ბოლომდე.

  უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?

ჩემთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ სად იქნება პარლამენტი, მაგრამ ვფიქრობ უკეთესია ქუთაისში იყოს. თბილისი ისედაც ძალიან გადატვირთულია და ქუთაისისთვისაც უკეთესია.

რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არ არის დაცული - რატომ?

სავალდებულო კვოტირება, მე ვფიქრობ, არ არის საჭირო ხელოვნურად გაბერილი თემებია. საქმეს ვინც აკეთებს ის უნდა იყოს პარლამენტში.

  თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი? რატომ?

ჩვენს პრეზიდენტს ვეთანხმები, რეფერენდუმი არ უნდა ჩატარდეს. არ მგონია რომ ეს საჭირო იყოს. ისედაც ცხადია, რომ ქალის და კაცის კავშირია ქორწინება.

  აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?

რა თქმა უნდა, ვაპირებ. მე ერაყშიც ვიყავი, არაბ ბავშვს წყალი მივეცი და ქართულად მითხრა მადლობა. იგივე ერთი გავლენიანი შეიხის ინტერვიუ მქონდა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს როლი ერაყთან მიმართებაში არის ძალიან დიდი. ისიც დააყოლა, რომ სამი ქალიშვილი მყავს და სიამოვნებით ვამსახურებდი ქართულ ჯარშიო. იძულებულებიც კი ვართ ,ნატო-ში გავწევრიანდეთ. რა თქმა უნდა, ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ როცა მეზობელი პატივს არ გცემს ყველა ღონე უნდა იხმარო რომ მან არ დაგჩაგროს. ამ შემთხვევაში ევრო-ატლანტიკური სტრუქტურები ჩვენთვის ის ინსტრუმენტია, რითაც საქართველო მოახერხებს ჰყავდეს მეგობრები და მათი მეშვეობით საკუთარი ინტერესები დაიცვას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, არასწორად მიმაჩნია მათთან კულტურული და მეცნიერული ურთიერთკავშირის გაწყვეტა. არასწორია დამოკიდებულება, როდესაც იქ წასულ ხელოვანებს მოღალატეებს უწოდებენ. ეს ცოტა სხვა რამაა, გასაგებია, რომ შენ პატრიოტი ხარ, მაგრამ პოლიტიკოსმა სახელმწიფო შენ უნდა დაალაგო, ოღონდ არა მეცნიერების და კულტურის ხარჯზე. რუსეთი უნდა ვაიძულოთ, რომ პატივი გვცეს. აფხაზეთი და ოსეთიც მეცნიერეული და კულტურული ურთიერთობებით უნდა დავიბრუნოთ, ხალხის უშუალო კონტაქტით აღდგება ნდობა ჩვენს შორის. სოჩაც ჩვენი იყო, არ მესმის სოჩას რატომ არ ვითხოვთ. ეს ტერიტორიები ჩვენია და უნდა დავიბრუნოთ.

  რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემებად/გამოწვევებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის გზაზე და რა მთავარი ნაბიჯებია გადასადგმელი ინტეგრაციული პროცესების გასაუმჯობესებლად?

მე არ მგონია, რომელიმე ეროვნების უფლებები ილახებოდეს დღეს. არც იმი მომხრე ვარ რომ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს შეღავათები მიეცეს უმცირესობაში ყოფნის გამო, ეს ხშირად მერე სხვა პრობლემებს იწვევს ხოლმე. ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეები ვართ, ყველა ჩვენგანი თანაბარ პირობებში უნდა ცხოვრობდეს.

ინტერვიუ მოამზადა ირინა გურგენაშვილმა