წარმოგიდგენთ ინტერვიუებს „ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის მაჟორიტარობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც ჩვენს კითხვებს უპასუხეს.
საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?თბილისი ზოგადად მხარს უჭერს „თავისუფალ დემოკრატებს“. გვინდოდა მაქსიმალურად მიგვექცია ყურადღება არა მხოლოდ ცენტრალური უბნებისთვის, არამედ ისეთი რაიონებისთვის, როგორებიცაა: ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი, სოფელი დიღომი. გვინდა, რომ მოსახლეობის გაუჩნდეს იმის განცდა, რომ მათთან ძლიერი კანდიდატი იბრძოლეს მხოლოდ გამარჯვებისთვის და არა რაღაც რაოდენობა ხმების მოპოვებისთვის და რომ მათი ინტერესების დამცველი და გამტარებელი იქნება მომავალში.
ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?პრობლემები ძალიან ბევრია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად დიდი გეოგრაფიული არეალისა და გარკვეული განსხვავებებისა ზონებს შორის, ვეძისშიც, დიდ დიღომშიც, სოფელ დიღომშიც, ვაშლიჯვარშიც ანალოგიურად აწუხებთ, პირველი, საკომუნიკაციო საშუალებების პრობლემა. მეორე, სატრანსპორტო საშუალებების პრობლემა. ვეძისში, დიდ დიღომში, ვაშლიჯვარში მოხსნეს ან არ დანიშნეს სამაშრუტო ავტობუსები ან მანქანები, რომლებიც აღარ ემსახურებიან ცალკეულ უბნებს და, შესაბამისად, ადამიანებს ძალიან უჭირთ გადაადგილება. მესამე, კონკრეტულად ვაშლიჯვრისთვის არის ძალიან სპეციფიკური, ნგრევის პირას მისულ, ავარიული სკოლა. ბავშვების გადინებაა ძალიან დიდი და იძულებულები არიან მშობლები, რომ სხვა სკოლებში გადაიყვანონ. საერთო ჯამში დაახლოებით 700-მდე ბავშვია. ასევე დიდი დიღმისა და ვაშლიჯვრის პრობლემა არის ის, რომ ახალი გზის მშენებლობამ, რომელმაც ვაშლიჯვრის გადაკვეთით დააკავშირა ქალაქში შემომავალი გზა საბურთალოს პლატოს, პრობლემები შექმნა ამ უბნებისთვის. დიდი დიღმის მოსახლეობა ასევე ძალიან განიცდის საცობებს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მათთვის მოხვედრა ძალიან რთულია და მათ აქვთ იდენტური თხოვნა/მოთხოვნა, რომ დამატებითი ესტაკადა გაკეთდეს დიდი დიღმიდან პლატომდე. ამას სჭირდება სერიოზული შესწავლა. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, ამაზე იყო საუბარი და გარკვეული მონახაზებიც, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო, რეკრეაციული და ბავშვების გასართობი სივრცეები არის პრობლემა. მაგალითად, დიდ დიღომში მე-3 მიკრო რაიონში არის სტადიონი. თუმცა იმის გამო რომ აღარ მოუარა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, კატასტროფულ და ავარიულ მდგომარეობაშია. მოედანზე ხელოვნური საფარი უკვე აყრილია, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმები აღარ არის უზრუნველყოფილი და მისი გამოყენება სახიფათოა. სხვაგან საერთოდ არ არის მსგავსი გასართობი სივრცეები. ვაშლიჯვარში არის მაგალითად ერთი სტადიონი, მაგრამ სხვა უბნის ბავშვები ვერ სარგებლობენ. სკვერები არ არის და ა.შ. ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად განიცდის ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ძალიან კონრეტული პრობლემებია, საბურთალოს ოლქი მაცხოვრებლებს აწუხებთ. ბუნებრივია, ზოგადად, უმუშევრობა და დასაქმების პრობლემა, პენსიები და ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ამ ოლქის მოსახლეობასაც აწუხებს.
რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი ყველაზე მთავარი დაპირება და ის, რაც ჩემს ხელთ არის რეალურად, ეს არის ნდობის აღდგენა მოქალაქეებსა და, კონკრეტულად ვიტყვი, მათ მაჟორიტარებს შორის. აღარ განვზოგადდები ზოგადად პოლიტიკოსებზე. ნამდვილად უნდა ითქვას და ამას ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მეორე დღეს ფაქტობრივად 100%-ით, რა თქმა უნდა არის გამონაკლისი შემთხვევები, მაჟორიტარები წყვეტენ კონტაქტს და კომუნიკაციას მოქალაქეებთან. მე მესმის, რომ მთელი პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც მე მოგახსენეთ, უშუალოდ არ ხელეწიფებოდეს მაჟორიტარს მატი მოგვარება, მაგრამ მას შეუძლია, გამოიყენოს ტრიბუნა, შეაწუხოს შესაბამისი ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები, რათა მოსახლეობის პრობლემების გათვალისწინება მოხდეს ბიუჯეტებში. მე რასაც ყველაზე მეტად ვუფრთხილდები ყოველთვის ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემს ყველა შეხვედრაზე მე ვპირდები მოქალაქეებს, რომ ნდობა აღდგენილი იქნება და 24 საათიან რეჟიმში დამკვიდრდება ურთიერთობა მაჟორიტარსა და მოქალაქეებს შორის.
რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებით მინდა ვთქვა, რომ გასაძლიერებელია ეს ინსტიტუტი, გასაძლიერებელია მათი ავტონომია, ფინანსების განკარგვა, გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის მიბმული. გამგებელს, უბნის რწმუნებულს არ აქვთ უფლებამოსილება არც ფულის განკარგვის და არც ძალაუფლება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით იქნება სერიოზული ყურადღება გამახვილებული. კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრებ, ეს არის გამწვანების პრობლემა. მაგალითად, ვეძისში, სადაც მოსახლეობის 98% ცხოვრობს კერძო სახლებში, არის პირველი ნიშნები იმისა, რაც მთელ ქალაქში მიმდინარეობს. დაიწყო ჩაბეტონება, ლითონის კონსტრუქციები, კარკასები. ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდება. თუ რაიმე საკანონმდებლო აქტები იქნება საჭირო ამ საკითხებზე, განსაკუთრებით დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან აუცილებლად გამახვილდება ყურადღება.
რას ფიქრობთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეაზე? უნდა გაუქმდეს თუ არა და რატომ?მე მხარს ვუჭერ ამ სისტემის გაუქმებას იდეას. მაჟორიტარული სისტემა მოიაზრებოდა და ახლაც მოიაზრება როგორც ძალაუფლების შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა. გარკვეულ ოლქებში არიან მსხვილსაფულიანი მაჟორიტარები, რომლებიც არა იდეოლოგიების, არა პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის მიხედვით ირჩევენ პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც, როგორც ახლა მოდაშია, „ლაგდებიან“ ძალიან სწრაფად და ესტაფეტის ჯოხივით გადაეცემიან ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებას და წარმოადგენენ საარჩევნო სკამების გარკვეულ ბეღელს. რა თქმა უნდა, ყველაზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მართლაც ზრუნავენ თავიანთ საარჩევნო ოლქებზე. ოღონდ ესეც იშვიათი გამონაკლისია. ამიტომაც, მე მგონია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, რომ გადავიდეთ პირდაპირ პროპორციულ სიაზე. ეს ყველაზე რეალური გამოსავალია და იმედი მაქვს, რომ მომავალი პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ იდეას და შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს.
პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას?ნებისმიერი პოზიციიდან შეიძლება შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო ადვილია, იმიტომ რომ შენ განკარგავ, შენ ადგენ რეალურად ბიუჯეტს. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, უფრო მეტი ბერკეტი არსებობს. მაგრამ ოპოზიციაში ყოფნის თვალსაზრისით, თუ გავიხსენებთ უიმედო ვალების ჩამოწერის კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებით, დავით ონოფრიშვილის მიერ იყო ინიცირებული. ოპოზიციიდან იყო ინიცირებული, მაგრამ სახელისუფლებო ძალის მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. დიპლომატიური მოლაპარაკებების სერიოზული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვარ საერთო ენას ვიპოვი, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში იმ ადამიანებთან, როცა საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების პრობლემებს.
გექნებათ თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რომლებსაც მთავრობას და პარლამენტს შესთავაზებთ სამუშაო ადგილების გაზრდისა და უმუშევრობის შესამცირებლად?ამასთან დაკავშირებით არის ძალიან სერიოზული გეგმები, ოღონდ კარგად დათვლილი და კარგად დაანგარიშებული. ეკონომიკის ზრდა არის ჩვენი მთავარი შეთავაზება. უმოკლეს პერიოდში ეკონომიკის გაორმაგება ჩვენი მთავარი დაპირებაა. ბუნებრივია, ეს გულისხმობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში და, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. სახელმწიფოს როლი ინვესტიციების მოზიდვაში უნდა იყოს. ხელისუფლება პირდაპირ სამუშაო ადგილებს არ უნდა ქმნიდეს. პირიქით, ჩვენ ძალიან პრინციპულად ვუყურებთ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს. ეს არ არის წინასაარჩვენო განცხადება. 4 წლის განმავლობაში ეს შეიძლება ნახევარი მილიარდით შემცირდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა განხორციელდეს ერთი ხელის მოსმით მტკივნეულად. ძალიან ხშირად ზერელედ იხარჯება თანხები და კონკრეტული უწყების და მათი ხელმძღვანელების კომფორტს ემსახურება. ამ მიმართულებით მოხდება ძალიან სერიოზულად ხარჯების შეკვეცა. ვაშინგტონში საელჩოში მუშაობის დროს ჩემი საქმიანობის ერთი-ერთი მიმართულება იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ჩემი მოკრძალებული წვლილი აქედანაც შემიძლება შევიტანო. ეს არაფერია იმასთან შედარებით, როდესაც ჩვენ გუნდში გვყავს ეკონომისტები, რომლებსაც უშუალოდ იქ მუშაობის გამოცდილება აქვთ და მათთან პროფესიული ურთიერთობები გააჩნიათ დღემდე.
არჩევის შემთხვევაში მომდევნო წლები იქნებით დეპუტატი, თუ შეიძლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გიხილოთ?ადრეა ჯერ ნამდვილად ამაზე საუბარი. მე წინა მოწვევის პარლამენტში ერთი კვირა მომიწია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე ვიყავი. სიმართლე გითხრათ, მე მართლა მაინტერესებს საკანონმდებლო საქმიანობა. თუ დეპუტატს სურვილი და ენერგია აქვს, პარლამენტიდანაც შეიძლება ძალიან კარგი და სასარგებლო საქმეების გაკეთება.
უჭერთ თუ არა მხარს, რომ პარლამენტმა საქმიანობა ქუთაისში განაგრძოს?მე მგონია, რომ პარლამენტი უნდა გადმოვიდეს თბილისში. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნაცვლად იმისა რომ ქუთაისი განვითარებულიყო, რეალურად ხდება ხარჯების ზრდა. გარდა ამისა, გახლეჩილია თვითონ პარლამენტი, რაც თავისთავად ქვეყანაზეც არ მოქმედებს კარგად. გარკვეული პოლიტიკური ძალა არ შედის კომიტეტების სხდომაზე, იმიტომ რომ არ აღიარებს ამ შენობას. მეორე პოლიტიკური ძალა არ ჩადის, რადგან არ აღიარებს იქ ჩატარების აუცილებლობას. შესაბამისად, ეფექტიანობა მცირდებოდა. სამწუხაროა ეს ძალიან. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქუთაისის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კარგი, რომ ქუთაისის აეროპორტი აშენდა. კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუ კი სწორად დაიხარჯება ხარჯები და შემუშავდა ახალი პროექტები.
რას ფიქრობთ პარლამენტში ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეაზე? თქვენი აზრით, თქვენი პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში და საარჩევნო სიაში დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი და თუ არის დაცული - რატომ?ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ. „თავისუფალი დემოკრატების“ 200 კაციან სიაში 30% არის ქალი წარმოდგენილი. იყო ჩვენთანაც მსჯელობა, თავად ქალებს ქონდათ ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდა ასე ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს. არ უნდა ხდებოდეს კანდიდატის არჩევა მხოლოდ სქესის გამო. მაგრამ როდესაც მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია ან რაიმე კონკრეტული შეხვედრაა მოსახლეობასთან, ყველაზე აქტიურები არიან ქალები. თუმცა როდესაც გადამწყვეტი მომენტი დგება, შემდეგ რაღაცები აფერხებთ და აბრკოლებთ მათ. იგივე საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, იგივე რეკრუტები, კარდაკარის ჩატარებისას, ამ დროს არიან ყველაზე აქტიურები. მე მგონია, რომ ბიძგი სჭირდება, რათა ქალები უფრო თამამად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.
თქვენი აზრით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი? რატომ?არა. საერთოდ ვთვლი, რომ თემა პოლიტიკურ დისკურსში ამოსაწევი არ არის და ჩემი პასუხი ამ კითხვაზე არის არა.
აპირებთ თუ არა პარლამენტში საქართველოს ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერას? თქვენი აზრით რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით? უნდა შეიცვალოს თუ არა რაიმე ამ პოლიტიკაში?პირველი, NATO-სთან მიმართებით უნდა ვთქვა, რომ მოდუნება და დინაზე გაყოლა ჩვენ არ გვაწყობს. აქტიური დიპლომატიაა საჭირო იმისათვის, რომ შემუშავდეს გზები თუ როგორ დაჩქარდეს საქართველოს NATO-ში გაწევრიანება. მუდმივად ისმის მსჯელობები MAP-თან დაკავშირებით, გვჭირდება თუ არ გვჭირდება ეს ინსტრუმენტი. სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას და უნდა დაიწყოს კონკრეტული მოლაპარაკებები დედაქალაქებში, ბრიუსელში, რათა დაჩქარდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
არც ერთ შემთხვევაში, მე არ ვარ მომხრე რუსეთთან კონფრონტაციული ურთიერთობების. მე მიმაჩნია, რომ საქართველოს უნდა ქონდეს შესაძლებლობა, რომ იყოს რუსეთის ბაზარზეც წარმოდგენილი. მაგრამ უმნიშვნელოვანესი რამ გაკეთდა 500 მილიონი ბაზრის ათვისების კუთხით და ამის პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია. ვფიქრობ, რომ მისი მხოლოდ 5-10% არის ათვისებული ჯერჯერობით და მაქსიმალური ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ. რაც შეეხება რუსეთს, მე ვთვლი, რომ ჟენევის საერთაშორისო ფორმატი აუცილებლად უნდა იყო შენარჩუნებული. ორმხრივი ფორმატიც, რომელიც არსებობდა, უნდა მოდიფიცირდეს და უნდა გაფართოვდეს. შესაძლოა აქ დაემატოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი - გერმანია. დღეს არსებულ ორმხრივ ფორმატში არ უნდა განიხილებოდეს პოლიტიკური საკითხები. არ უნდა კეთდებოდეს განცხადებები, რომლებიც პირდაპირ აღიქმება როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით სახალხო დიპლომატია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ ძალიან სერიოზულად უნდა იქნას შესწავლილი და გადაწყვეტილებები იქნას მიღებული დეიზოლაციის მიმართულებით. ეს რაც შეეხებოდა კონკრეტულად აფხაზებს.
გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, მიზეზი არის ის,რომ გლდანში „თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციული სტრუქტურა. 1700-ზე მეტი რეგისტრირებული წევრი ყავს „თავისუფალ დემოკრატებს“ გლდანში. გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი თბილისის უბანი. შესაბამისად, საკუთარი ძალების გამოსაცდელად როგორც „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ისე ჩემთვის, ეს არის გლდანის ოლქი. მე ხაზგასმით მინდა, რომ მათ მადლობა გადავუხადო ბ-ნ ირაკლი ალასანიას, რომელმაც ასეთი ნდობა გამომიცხადა.
გარდა ამისა, მე საადვოკატო საქმიანობას ვეწევი 10 წელიწადზე მეტია, ვიცავ ცოცხალი ადამიანების უფლებებს, პრაქტიკოსი ადვოკატი ვარ. ე.წ. Litigator ვარ ანუ უშუალოდ სასამართლო დავებში ვმონაწილეობ. ვიცავდი ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან ბევრი გლდანელის უფლებას, ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ანუ იმ პერიოდში როდესაც მართლმსაჯულება სისხლის სამართალში ფაქტობრივად ვერ ხორციელდებოდა. მე რაც შემეძლო საკუთარი პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებდი. მყავს გლდანში ძალიან დიდი სამეგობრო, ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისთანაც უშუალო შეხება მქონდა ამ წლების განმავლობაში ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორი 2011 წლიდან. ახლაც როდესაც დავდივარ კარდაკარ უამრავი სტუდენტი შემხვდა ყოფილიც და მოქმედიც, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებიც და ამ თვალსაზრისით გლდანი ჩემთვის ძალიან ახლობელი უბანია. მართლაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს აქ. შესაბამისად, ჩემი მოტივაცია გამომდინარეობდა პარტიულ, სტრუქტურულ და პირადი ურთიერთობების თვალსაზრისიდან.
ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?გლდანი არის ისეთივე სავსე იმ პრობლემებით, რა პრობლემებიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. დაწყებული სოციალური პრობლემებით, დამთავრებული მაგალითად ელემენტარული კანალიზაციის პრობლემებით. 21-ე საუკუნეში გლდანში არის უბნები გიორგიწმინდა და ბერთუბანი, სადაც ადამიანები დადიან ჩეჩმაში, არ აქვთ კანალიზაცია. აქციაც ჩავატარეთ თბილისის მერიასთან რამოდენიმე დღის წინ. ჩვენმა ახალგაზრდა აქტივისტებმა, მას შემდეგ რაც შეხვედრები გვქონდა გიორგიწმინდის მოსახლეობასთან და ვნახეთ რა პრობლემები ქონდათ ადგილობრივებს, გაამზადეს პლასტიკატისგან ჩეჩმა და თბილისის მერიასთან დადგეს. მეც ვმონაწილეობდი ამ პერფომანსში. მანამდე გვქონდა ნაგვის აქცია. გლდანში პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგავი, პლასტიკატის ბოთლები სიმბოლურად მოვათავსეთ მუყაოს ყუთში და საჩუქრად მივართვით თბილისის მერიას. სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას სხვა ენა არ ესმის. პერფორმანსის ენა მათთვის ყველაზე გასაგებია. ე.წ. ნაგვის აქციის შემდეგ 2-3 დღეში კეთილმოწყობის სამსახურმა ნაწილობრივ მაინც დაასუფთავა პატარა ტბის ტერიტორია. კანალიზაციის პრობლემას, სამწუხაროდ, ჩეჩმის დადგმით ვერ გადავწყვეტთ, ეს მე ვიცი. მაგრამ მე პირობა მივეცი გიორგიწმინდელებს, რომ ჩემთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მართალია, ეს უშუალოდ არ შედის დეპუტატის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაში, მაგრამ მე, როგორც მათი წარმომადგენელი, მათი უფლებების დამცველი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ესეთი ელემენტარული პრობლემები გლდანელებს გადავუწყვიტოთ. გარდა ამისა, მრავალი პრობლემაა სარეკრეაციო ზონების გაჩეხვის, მშენებლობების მიმდინარეობის, სატრანსპორტო კომუნიკაციის თვალსაზრისით და რაც ყველა მთავარია, გლდანში არ იგრძნობა, რომ გლდანს საერთოდ პატრონი ყავს. მე ვგულისხმობ თვითმმართველობის, ადგილობრივი ხელისუფლების ან თუნდაც ცენტრალური ხელისუფლების თვალსაზრისით. აი, მაგალითად, დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, ახლა რომ მთის განვითარების დირექტორად ნიშნავენ, ერთხელ არ არის საკუთარ საარჩევნო ოლქში კონკრეტულ უბნებში ნამყოფი, იგივე გიორგიწმინდასა და ბერთუბანში. მან საკუთარ საარჩევნო ოლქში 4 წლის განმავლობაში ვერ გადაწყვიტა ელემენტარული კანალიზაციის პრობლემა და რომელი მთის კურორტები უნდა განავითაროს, რომელ პროგრესზეა საერთოდ საუბარი. სოსო ჯაჭვლიანი როგორც დეპუტატი, როგორც ამ ხელისუფლების ერთ-ერთი გამოკვეთილი ფუნქციონერი თუ არ ვიცი, რა დავარქვა, არის რეალურად ქართული ოცნების სახე. შესაბამისად მის მიერ გაკეთებული „საქმეები“ გლდანში არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავს სინამდვილეში ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობაზე.
რა არის თქვენი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.ჩემი დეპუტატობის პერიოდში განვახორციელებ სამ ძირითად პროექტს გლდანელებისათვის. პირველი ეს არის გლდანის სატრანსპორტო ჰაბის შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ გლდანში გადის საქართველის სატრანსპორტო ძირითადი საკვანძო მონაკვეთი. მის ირგვლივ არსებული ტერიტორიები არის სახელმწიფო საკუთრებაში, ასობით ჰექტარი. ეს ადგილები აბსოლუტურად აუთვისებელია, ქვა-ღორღიანი. იქ ყოფილი სამხედრო ბაზებია და რეალურად მათი ნანგრევებია. მაშინ როდესაც ისტორიულად სადაც გადიოდა გზა, ქალაქი ვითარდებოდა იქ. რეალურად ამხელა პოტენციალი გლდანელებისთვის, თბილისელებისთვის თუ ზოგადად საქართველოს მოსახლეობისათვის, აბსოლუტურად გამოუყენებელია. მაგალითად, როდესაც პერიოდულად იკეტება რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ამ შემთხვევებში მცხეთას თუ გაცდებით, ნახავთ ასეულობით სატრვირტო მანქანას ქუჩაში გაჩერებულს. მათი მძღოლები ზოგჯერ კვირის განმავლობაშიც კი არიან იქ და არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. იქ ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებიც არ არის, რადგან მიწის ნაკვეთები იქ ფაქტობრივად თავისუფალი სივრცეში არ არის. ამიტომაც თუ კი ჩვენ გვექნება გლდანში სატრანსპორტო ჰაბი, სადაც ირანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან მომავალ მძღოლს ეცოდინება, რომ ის რეალურად შეძლებს გლდანის სატრანსპორტო ჰაბში გაჩერდეს, დაისვენოს, დახარჯოს ფულადი რესურსი და შემდეგ გააგრძელოს გზა, ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავლითი წყარო გახდება და ასეულობით გლდანელი დასაქმდება იქ თუ ათასობით არა. ეს მიწის ნაკვეთები ლოტებად უნდა გამოვიდეს საჯარო აუქციონის გაყიდვის წესით, კონკრეტული პირობითი აუქციონით უნდა იყოს. იქ კონკრეტულად ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს, რომელიც გამოსადექი იქნება ამ სატრანსპორტო ჰაბისთვის.
მეორე პროექტი ეს იქნება გლდანის ინდუსტრიული ზონა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია თუ რას ვგულისხმობს გლდანის ინდუსტრიული ზონა და რა პოტენციალი აქვს მას.
მესამე ეს იქნება გლდანის ბიზნეს ინკუბატორი ანუ განათლებისა და ინოვაციების ცენტრი. გლდანში მცირე მეწარმეობა აქტიური განვითარების ფაზაშია, ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი სეგმენტი, რომელიც დაკავშირებულია მცირე ვაჭრობასთან, თვითდასაქმებასთან. პრობლემა მდგომარეობს, სამწუხაროდ, იმაში, რომ ინოვაციების, განათლების პრობლემა არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. ამ ბიზნეს ინკუბატორში ჩვენ შევძლებთ, რომ მოვიზიდოთ საერთაშორისო თანადაფინანსების წყაროები და ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ საკუთარი ბიზნესი განავითარონ, ქონდეთ ამ ახალ ტექნოლოგიებზე, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობა.
ეს, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ 3 ძირითადი პროექტი. ჩემი დეპუტატობის პერიოდში ყველა ეს დანაპირები იქნება შესრულებული. მე ვიძლევი ამის გარანტიას. ასევე გლდანში არის ბევრი ლოკალური პრობლემა, მაგალითად, მე-5 მიკრო რაიონში არის ქალბატონი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ზის იქ და ვაჭრობს. თქვენ რომ მიხვიდეთ იქ და ნახოთ რა მდგომარეობაა, შევარდნაძის პერიოდს გაგახსენებთ აუცილებლად. ფაქტია, რომ წლებია ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა იქ ვაჭრობა. ფაქტია ისიც, რომ სავაჭრო წერტილი იქ საჭიროა, რადგან კორპუსებია ირგვლივ და იმ ადამიანებს სჭირდებათ ელემენტარული რაღაც იყიდონ. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ძალიან ცივილიზებული სახე მიეცეს. სავაჭრო პავილიონი გაკეთდეს, სადაც ის ადამიანები, ვინც იქ წლების განმავლობაში ვაჭრობენ, ადამიანებად იგრძნობენ თავს. მთავარი პრობლემა რაც არის, რასაც ვგრძნობ, ეს არის ის, რომ დეპუტატი იქნება, საკრებულოს წარმომადგენელი თუ ელემენტარულად საჯარო მოხელე, არ აქცევენ მოსახლეობას ყურადღებას. ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ მათზე ვიღაც ზრუნავს. შეიძლება შენ ვერც შეძლო ყველა პრობლემის გადაწყვეტა. მაგრამ მე ადვოკატი ვარ, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ყველა საქმე მოგებული მაქვს. ყოფილა საქმეები, რომლებიც ვერ მომიგია ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე და შეუძლებელიც იყო იმ საქმის მოგებაც, მაგრამ თუ 1% მაინც არსებობდა მოგების მე მაინც მიბრძოლია. ჩემს კლიენტს ეს დაუნახავს და მიუხედავად წაგებისა, იმ 1% შანსისთვის ჩატარებული ბრძოლისა და შრომისთვის უკმაყოფილება მას არ უგრძვნია.
რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მე ვთქვი, არ საჭიროებს არანაირ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, არამედ დამოკიდებული არის კონკრეტულ მონდომებასა და შრომაზე. საერთოდ ჩვენთან მაჟორიტარი დეპუტატის ინსიტუტზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საზოგადოების მხრიდან. არის ამომრჩეველთა კატეგორია, რომელსაც გონია, რომ მაჯორიტარ დეპუტატს ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია და არის ამომრჩეველთა კატეფორია, უფრო დიდი ნაწილი, რომელსაც გონია, რომ მაჟორიტარ დეპუტატს არც არაფრის გადაწყვეტა შეუძლია. მე მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, მიაჩნია, რომ ზოგადად მაჟორიტარული სისტემა არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში და ჩვენ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ. მაგრამ ვიდრე გვაქვს ეს სისტემა, მისი ეფექტურობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მაჟორიტარი დეპუტატი უნდა იყოს თავისი საარჩევნო ოლქის ლობისტი და წარმომადგენელი ყველგან, სადაც მას ამის შესაძლებლობა ექნება. თუ საჭიროა, უნდა მივიდეს, დაჯდეს იმ კაბინეტში და ფეხი არ გამოადგას იმ კაბინეტიდან, სადაც საკითხი წყდება. ჩემთვის ჩემი განვლილი ცხოვრება არის იმის დასტური, რომ ბრძოლა თუ საჭიროა პროტესტი, თუ საჭიროა ხმამაღლა სიტყვის თქმა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, უცხო არასდროს არ ყოფილა. მე ვიქნები, უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალი, წარმომადგენელი და ადვოკატი თითოეული გლდანელის საქართველოს პარლამენტში და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.
რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?
უშუალოდ ჩემს ოლქთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც მე მივმართავ პარლამენტს ეს იქნება შემდეგი: პირველი, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით სანოტარო სააღსრულებო ფურცლის გაცემის შეზღუდვის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. 2009 წელს შევიდა ცვლილება სამოქალაქო კოდექსში, როდესაც შესაძლებელი გახდა პირდაპირი სანოტარო წესით სააღსრულებლო ფურცლის გაცემა. 2013 წელს სწორედ ამ ოცნების ხელისუფლებამ, რომელიც მათ შორის პირდებოდა იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს მათ უფლებებში აღდგენას, პირიქით უფრო გაამარტივა სააღსრულებლო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა სანოტარო ბიუროებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები კარგავენ საკუთარ ქონებას ისე, რომ მათ რეალურად მართლმსაჯულების განხორციელების უფლება არ ეძლევათ. მე ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, სანოტარო მოქმედებების განხორციელება ასეთი გარიგებების დროს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება კერძო საკუთრებას. მე, მაგალითად, მომხრე ვარ იმის, რომ ყველა კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგება ზოგადად სანოტარო დამოწმებას ექვემდებარებოდეს, იმიტომ რომ ნოტარიუსი ახდენს ხელშეკრულების განმარტებას და მეტი ფორმალიზება აქვს ამ ტიპის გარიგებას, ვიდრე პირდაპირ საჯარო რეესტრში მისვლა და ქონების გადაფორმება. მეორე მხრივ, არ უნდა ხდებოდეს სააღსრულებლო ფურცლის გაცემა ნოტარიუსის მიერ ისე, რომ მან არ გადაამოწმოს მოვალესთან რეალურად შესრულებულია თუ არა ვალდებულება. მარტივად რომ ვთქვათ, ვაპირებ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლში არსებული ჩანაწერის კორექტირებას ან საერთოდ ამოღებას.
ასევე აუცილებელია, განსაკუთრებით გლდანისათვის, აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება, გამკაცრება მინიმუმ. რა მუშაობს ახლა გლდანში? ლომბარდი და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივებია საჭირო.
პარლამენტში თქვენი არჩევის შემთხვევაში თუკი ოპოზიციაში იქნებით, რა გზებით შეეცდებით თქვენი დაპირებების განხორციელებას? ნებისმიერი შემთხვევაში, მე ოპოზიციაში ვიქნები თუ პოზიციაში, რა თქმა უნდა, ჯობია